ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

ფილმებში თამბაქოს მოწევის დაფარვა იქნება ირანი – ინტერვიუ თეო ხატიაშვილთან

6 აპრილი, 2017 • 5376
ფილმებში თამბაქოს მოწევის დაფარვა იქნება ირანი – ინტერვიუ თეო ხატიაშვილთან

დეპუტატი გუგული მაღრაძე იმედოვნებს, რომ ფილმებში მოწევის სცენების დაფარვა, ან იმ ფილმების გვიან ჩვენება, სადაც მოწევა ხშირად ჩანს, ხელს არ შეუწყობს თამბაქოს პოპულარიზაციას და ნაკლებად წაახალისებს მოზარდებს, მოწევის სურვილი გაუჩნდეთ.

ხომ არაა ეს რეჟისორების საქმიანობაში ჩარევა, ერთგვარი ცენზურა, რომელიც იჭრება ადამიანის შემოქმედებით სივრცეში, ან რამდენად შეიძლება არსებობდეს კავშირი ფილმში მოწევის ასახვასა და მის პოპულარიზაციას შორის, ამ საკითხების შესახებ “ნეტგაზეთი” კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ესაუბრა.

რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ფილმმა მოწევის პოპულარიზაციაზე ან პირიქით, ხელი შეუწყოს მის შემცირებას?

საქართველო არაა გამონაკლისი. მაგალითად, ამერიკაში პერიოდულად იწყება ხოლმე მსგავსი კამპანია, რომელიც მიიჩნევს, რომ კინოს საშუალებით გარკვეული რეკლამირება ხდება , განსაკუთრებით ეს თინეიჯერებზე აისახება. მაგრამ დაბეჯითებით იმის მტკიცება, მართლაც უწყობს ხელს თუ არა, ან ახალისებს თინეიჯერებში სიგარეტის მოწევის სურვილს, არ არსებობს.

მით უმეტეს, როდესაც გარშემო ამდენი ადამიანი ეწევა, ეწევიან ოჯახში, ეწევიან ქუჩაში, ქცევის მიბაძვის ობიექტი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ და რატომ მაინცდამაინც კინო? პირდაპირი კორელაცია არ არსებობს და ვერ ვიქნებით დარწმუნებული ვამტკიცოთ, რომ კინო მოწევას უწყობს ხელს.

კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ კინო ერთ-ერთი გზაა, რომ ებრძოლონ მოწევას…

ბოლო ათწლეულების ჰოლივუდურ ფილმებში მართლაც არ არის მოწევის სცენები ასეთი ინტენსივობით, მაგრამ ეს არის უკვე ცხოვრების წესის ამსახველი, რადგან ამერიკაში ასე მასობრივად აღარ ეწევიან. ამ შემთხვევაში ძალიან ხელოვნური ჩარევა იქნება, თუ ქართულ ფილმებში აიკრძალება მისი გამოყენება და სრულიად აბსურდულად მეჩვენება იმის შესახებ საუბარი, რომ ფილმებში უნდა დაიფაროს მოწევის სცენები.

გაეცანით კანონპროექტს: კანონპროექტის მიხედვით, შენობებში, ტრანსპორტში და სტადიონებზე მოწევა აიკრძალება

საზღვარგარეთ არის ასეთი შეზღუდვები? ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს, რომ ნაკლებად აჩვენონ ფილმებში მოწევის სცენები. მგონი, აქცენტი იყო გაკეთებული არასრულწლოვნებზე.

ამაზეა ორიენტირებული. ფილმების სხვადასხვა კატეგორია არსებობს იმის მიხედვით, სადაც უფრო აქტიურად ეწევიან, რაც გულისხმობს იმას, რომ მათზე ბილეთის ყიდვა შეუძლია მხოლოდ ზრდასრულ ადამიანს და არა თინეიჯერს. ჩემთვის ყველაზე უფრო დაუმუშავებელია ის პუნქტი, რომელიც ფილმებში უხეშ ჩარევას ეხება – უამრავი მსახიობის იმიჯია დაკავშირებული სიგარეტთან. უამრავი ეპიზოდია და სცენა – სიგარეტს როგორ იღებს, როგორ უკიდებს, როგორ ეწევა, როგორ ეფლირტავება ორი პერსონაჟი ერთმანეთს. და რას ვშვრებით? ესე იგი, ნახევარ ფილმს ვტოვებთ. ეს მეთოდი და მხატვრულ ტექსტში ჩარევა ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი/ფოტოს ავტორი: სალომე საღარაძე

არის ეს ცენზურა?

რასაკვირველია, ცენზურაა. მაგალითად, ფილმს, სადაც ჩერჩილი ან სტალინი არიან, რომელთა განუყოფელი ნაწილი იყო ჩიბუხი და სიგარა, რას უშვრები? უკვე ძალიან აბსურდამდე მიდის. დამუშავება სჭირდება ამ კანონს. ეს არის ჩარევა რეჟისორის შემოქმედებით პროცესში, როდესაც ეუბნები, რომ არ გაბედო, არ გამოიყენო.

ქართულ კინოში სიგარეტის მოწევას ხშირად იმ სიცარიელის ამოსავსებად იყენებენ, რომელიც არ იცის რეჟისორმა, როგორ შეავსოს. შეიძლება პირიქით, ხელი შეუწყოს, უფრო კარგად იფიქრონ და უფრო დაამუშაონ ცალკეული მიზანსცენა თუ ეპიზოდი და ასეთი იოლი გამოსავალი არ მოძებნონ. ლორენ ბეკოლი, ჟანა მორო, ჰემფრი ბოგარტი, რომ იხსენებ ამ გვარებს, ასოციაციურად სიგარეტის კვამლში გახვეული პერსონაჟები მოდიან, რომელთა მთელი ხასიათების კომპლექსი ამაში ერთიანდება. ის რომ გამოვაკლოთ, დარჩება უბრალოდ სქემა, ასეთი ცალმხრივი მიდგომა და, მით უმეტეს, რამდენად კარგია თუ ცუდია, ძნელი იქნება.

თუმცა [შეიძლება] იყოს რეგულაციები. ძალიან კატეგორიული დამოკიდებულება არ მაქვს. შეიძლება კატეგორიების მინიჭება, მაგრამ ჩვენ ეს სისტემაც არ გვაქვს.

ის, რომ “ბლარი” გააკეთონ, იქნება მართლაც ირანი… ირანში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის გადაცემისას ქალები, რომლებიც დეკოლტეიან კაბებში იყვნენ ჩაცმული, დიდ ლაქებში იყვნენ ნაჩვენები. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ირანი, მაშინ ვთქვათ, რომ ირანისკენ მივდივართ და არა ევროკავშირისკენ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს აკრძალვები კიდევ უფრო გამძაფრდება?

ამ ეტაპზე დაბეჯითებით ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ საერთოდ, როცა იწყება აკრძალვა, სულ რომ უწყინარი სახის იყოს, როგორც წესი, მოლოდინები არის, რომ ეს მიიღებს უფრო და უფრო სერიოზულ სახეს. ამიტომ მისასალმებელი არაა არც ერთ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ  ჩვენს ცხოვრებაში ამ აკრძალვას მივესალმები. ეს მართლაც ძალიან ცუდად მოქმედებს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობაზე, თუ იმ ადამიანებზე, რომლებიც არამწევლები არიან, და დადასტურებულია, რომ პასიური მწეველი გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, როდესაც სიგარეტის გამონაბოლქვს სუნთქავს. ამიტომ  ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. კინო კი ამ მხრივ ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს. მგონია, რომ ეს არ წაახალისებს მოწევას, შეიძლება შეგიყვარდეს მსახიობი, რომელიც მწეველი ადამიანის  გლამურულ იმიჯს ქმნის. შენ თვითონ დაიწყებ თუ არა, ეს უფრო შენი არჩევანია მაინც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი: გაეცანით ბმულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი