კომენტარისაზოგადოება

თორმეტი განრისხებული კაცი

20 მარტი, 2024 • 3054
თორმეტი განრისხებული კაცი

ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი


ტექსტი შეიცავს სპოილერებს

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რეგიონში მოვისმინე. “ქართული ოცნების“ განთიადზე მომხდარა, როცა ჩემს ყველაზე გემოვნებიან ნაცნობებსაც სჯეროდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, სულ ცოტა, „სასიამოვნო ადამიანი„ იყო.  

რეგიონში „ქართული ოცნების“ სიით წარდგენილი კანდიდატების შეხვედრა ყოფილა. პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის მერე კანდიდატები დაუსხამთ და სიდნი ლუმეტის „12 განრისხებული კაცი“ უჩვენებიათ. ფილმის მერე თავად ბიძინა ივანიშვილს მიუმართავს მათთვის და უთქვამს, აი, ასეთი დაჟინებით და შემართებით უნდა აკეთოთ საქმეო. ზუსტ სიტყვებზე თავს ვერ დავდებ. ჩემამდე ალბათ შეცვლილი მოვიდა და მეც არ მახსოვს ზუსტად. მაგრამ შინაარსი დაახლოებით ეს იყო. 

არის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რაღაცები, გონებაში ხიჭვივით რომ გრჩება, ვერ ივიწყებ. 

რატომ უნდა ეჩვენებინათ საქართველოს რეგიონში პოლიტიკური პარტიის კანდიდატებისთვის შორეულ ამერიკაში, 1957 წელს გადაღებული ფილმი?

სიდნი ლუმეტის ეს ფილმი შორეულ ახალგაზრდობაში მქონდა ნანახი და მხოლოდ სიუჟეტი მახსოვდა. მახსოვდა, რომ თორმეტი ნაფიცი მსაჯულიდან მარტო ერთს აქვს ეჭვი, რომ განსასჯელი შეიძლება უდანაშაულო იყოს. დანარჩენებს მალე უნდათ სახლში წასვლა. განსასჯელი ხომ ერთი ლათინოამერიკელი ბიჭია, ღარიბ გარეუბანში გაზრდილი, ბავშვობიდან დანის ტრიალს მიჩვეული. ასეთები ყოველდღე სჩადიან დანაშაულს. მტკიცებულებები სახეზეა. საშუალო კლასის თერთმეტი თეთრკანიანი კაცისთვის ყველაფერი ცხადია. მხოლოდ ერთს ეპარება ეჭვი და ფილმის ბოლოს სწორედ ის ერთი გადაიბირებს დანარჩენებს. თუმცა დასაწყისში ამას ვერაფრით დაიჯერებ. 

მოკლედ მოგიყვებით, როგორია ფილმის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი. 

ამერიკაში ეს ფილმი მაშინ გამოვიდა, როცა კუდიანებზე ნადირობის სეზონი მთავრდებოდა, „მეორე წითელი საფრთხის“ ეპოქა. ამ ისტერიას სენატორმა მაკართიმ ჩაუყარა საფუძველი, ამიტომ მაკართიზმის ხანასაც უწოდებენ. საფუძვლიანი მტკიცებულებების გარეშე დევნიდნენ და ასამართლებდნენ კომუნიზმში ეჭვმიტანილებს. მათ შორის იყო კინოსა და ტელევიზიის ბევრი წარმომადგენელი. 

ცხადია, ასეთი ტერორის მერე სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იყო „12 განრისხებული კაცი“ .  

მაშინ ფილმის შესახებ წერდნენ, რომ ეს იყო „უბრალო კაცის დაპირისპირება ლინჩის ბრბოს აზროვნებასთან“.

ზოგი კინომცოდნე ამბობს, რომ ფილმი „დაეჭვების უფლებაზეა – ამერიკული სისტემის თუ სამართლის მნიშვნელოვან მონაპოვარზე“, რაც კომუნისტებს საბჭოთა კავშირში აკრძალული ჰქონდათ (გოგი გვახარია, რადიო თავისუფლება, 2004). 

ასეც არის. 

სავსებით გასაგებია, რატომ აქცია სოციალურმა და პოლიტიკურმა კონტექსტმა – ამერიკაში თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – ფილმის მთავარ თემად სწორედ „დაეჭვების უფლება“. 

მაშ, რატომ უნდა ეჩვენებინათ ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ფილმი „ქართული ოცნების“ კანდიდატების შეხვედრაზე? 

დავჯექი და ფილმი თავიდან ვნახე. 

ან კი, ან არა

ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა სისტემას ერთი დიდი ნაკლი აქვს – მსაჯულებმა მხოლოდ გამოძიების შეგროვილი მასალებით უნდა იმსჯელონ. რამეში თუ ეპარებათ ეჭვი და გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, იშლებიან და სასამართლო თავიდან იმართება, მსაჯულების ახალი შემადგენლობით. მსაჯულებს არ აქვთ უფლება, საქმის თავიდან გამოძიება მოითხოვონ თავიანთი ეჭვების საფუძველზე. 

ამიტომ ეჭვის გაქარწყლების (თუ გნებავთ, სიმართლის დამტკიცების) შანსი ნულია. ორივე მხარისთვის. 

ან გჯერა, ან არა. 

ან კის ამბობ, ან არას. 

და ყოველთვის უფრო სწორია, დამნაშავე გაამართლო, ვიდრე უდანაშაულო გაუშვა ციხეში ან ელექტროსკამზე. 

მაგრამ დარწმუნებული ვერ იქნები. უნდა გარისკო. თუ დამნაშავეა, გავა და დიდი შანსია, კიდევ მოკლას კაცი. თუ უდანაშაულოა, გავა და ცხოვრებას გააგრძელებს. 

შავ-თეთრი სურათია, როგორც ლუმეტის ფილმი. 

საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი შეიძლება გამოიყენო ბოროტად – სიკეთე და ნდობა პირველ რიგში. მაგრამ თუ არ გავრისკეთ, ქვეყანაზე არც ეს სიკეთე იარსებებს. 

საქმე ისაა, რომ იმათთვის, ვისაც ბოროტად გამოყენება უნდა, ლუმეტის ფილმი „ეჭვის უფლებაზე“ კი არა, „ეჭვის დათესვაზეა“ – როგორ დააეჭვო ადამიანი ისე, რომ საკუთარ თვალებს და ყურებს არ დაუჯეროს. 

საფუძვლიანი ეჭვი მაშინაც შეგიძლია გააჩინო, როცა კარგ მიზანს არ ემსახურები. სიმართლე ხომ ძალიან ცვალებადი რამეა და ყველა ადამიანს თავისი აქვს – გააჩნია, რა მოგონებებს ამოუქექავ, რა ტრავმებს გაახსენებ. 

„12 განრისხებული კაცი“ კი კლასიკური სახელმძღვანელოა, როგორ შეიძლება გავლენა იქონიო ხალხზე და მიზანს მიაღწიო – არ აქვს მნიშვნელობა, კეთილი განზრახვით მოქმედებ თუ ბოროტით, თუ სულელი ხარ და საერთოდ ვერ წარმოგიდგენია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შენმა საქციელმა (ჩემი აზრით, ეს ბოლო ყველაზე უარესია). 

როგორ ისარგებლო სხვების წარსული ტრავმებით და სისუსტეებით – ნებით თუ უნებლიეთ. 

როგორ აქციო პოლიტიკური პროპაგანდის ტექნიკად ის, რასაც ჰენრი ფონდას გმირი (მერვე მსაჯული, რომელსაც ეჭვი ეპარება), სავარაუდოდ, წმინდა სოციალური სამართლიანობის გამო აკეთებს. 

მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ არცერთმა მსაჯულმა არ იცის სიმართლე. 

მსაჯულების გადაბირება

ფილმების მოყოლა არ მიყვარს და არ მეხერხება, მაგრამ აქ საფუძვლიანად უნდა დაგასპოილეროთ, რომ მიგახვედროთ, რას ვგულისხმობ. არამგონია, ამან ფილმის ნახვის ინტერესი დაგიკარგოთ. თუ მაინც დაგეკარგათ, გეტყვით, რომ ვერავითარი მონათხრობი ვერ აღწერს იმას, რასაც ეკრანზე ნახავთ. 

ფილმი მოსამართლის სიტყვით იწყება – გასვლის წინ მსაჯულებს აფრთხილებს, რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და თუ რომელიმეს „საფუძვლიანი ეჭვი“ გაუჩნდა, კარგად უნდა აწონ-დაწონონ გადაწყვეტილება. 

მოსამართლე რამდენჯერმე ახსენებს საფუძვლიან ეჭვს. 

ვერ ვხედავთ ვერც ადვოკატებს და ვერც პროკურორს. განსასჯელის სახეს კი მხოლოდ ერთხელ – თვრამეტი წლის ბიჭის თავზარდაცემულ სახეს, უზარმაზარი თვალებით, მთელ ეკრანზე რომ ჩნდება და თან მიჰყვება მსაჯულებს ოთახში, სადაც მისი ბედი უნდა გადაწყვიტონ.   

ოთახი გარედან იკეტება. სანამ დასხდებიან, ვიღაცა კევს ღეჭავს, ვიღაცა – ხველის წამალს. ვიღაცა ფანჯრებს აღებს. 

ცხელა, ძალიან ცხელა. კონდენციონერი არ მუშაობს.

ერთ-ერთი მსაჯული ფანჯარასთან დგას და გავარვარებულ ქალაქს გადაჰყურებს. გრძელი თითებით ნელა, დაფიქრებული აკაკუნებს ფანჯრის რაფაზე. 

ბოლოს და ბოლოს, სხდებიან და კენჭისყრა იწყება. მაგიდასთან თერთმეტი ხელი იწევა ბიჭის გასამტყუნებლად. არ ჩანს მხოლოდ მერვე მსაჯულის ხელი – იმ კაცის გრძელი თითები, რაფაზე რომ აკაკუნებდა. 

ერთ-ერთი მსაჯული სიმწრით იცინის – ყოველთვის გამოეკვეხება ხოლმე ერთი, ამრევი.

მეორე ეკითხება, მართლა თუ ჰგონია, რომ ბიჭი უდანაშაულოა?

არ ვიცი, პასუხობს მერვე მსაჯული. მაგრამ რადგან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე, ასე უცებ არ უნდა გამოიტანონ განაჩენი. უნდა ილაპარაკონ მაინც. 

აქედან იწყება ძალიან გრძელი და ჩახლართული ფსიქოლოგიური პროცესი, სადაც ყველა ერთის წინააღმდეგაა. 

მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბიჭს საკუთარი მამა დანით მოუკლავს. ამბავს ორი მოწმე ჰყავს, ორი მეზობელი – მოხუცი კაცი და მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ქალი. 

ვიგებთ, რომ ბიჭი ღარიბ გარეუბანში გაიზარდა, დედა არ ჰყოლია და მამა ბავშვობიდან ცემაში ხდიდა სულს. პატარაობაშივე მიეჩვია დანის ტრიალს. 

რაც ბიჭმა თავის გასამართლებლად თქვა, ფანტასტიკური ამბავია, არარეალური. 

რა არის აქ სალაპარაკო? ყველაფერი ცხადია. 

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი ცხადი ჰგონია – პროკურორს, მოწმეებს, მსაჯულებს და ბიჭის ადვოკატსაც კი, უნდა ვილაპარაკოთ – თავისას არ იშლის მერვე მსაჯული. – მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში ბიჭისნაირები ყოველთვის დამნაშავენი არიან, არ ნიშნავს, რომ მართლა დამნაშავეა. 

რა გაეწყობა, თუ თავისას არ იშლის, მივყვეთ და თავიდან განვიხილოთ მტკიცებულებები. 

და იწყება მტკიცებულებების განხილვა. ნელ-ნელა იკვეთება, რომ რაც ცხადია, შეიძლება სულაც არ იყოს ცხადი. 

შეიძლება მოწმეები ცდებოდნენ. 

ადამიანური გრძნობების გათვალისწინების გარეშე ფაქტები შეიძლება ძალიან ცოტას გვეუბნებოდეს. 

ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი. 

არის ფილმში ერთი მომენტი, როცა ტუალეტში გასულ მერვე მსაჯულს ეკითხებიან, კარდაკარ გამყიდველი ხომ არ ხარო. არქიტექტორი ვარო, ის პასუხობს და დასანანია, კარგი გამყიდველი იქნებოდიო. 

საინტერესოა. კარდაკარ გამყიდველები სწორედ იმით შოულობენ ფულს, რომ შეუძლიათ ადამიანი დაარწმუნონ და ისეთი რამე აყიდინონ, რაც ამ უკანასკნელს არც დასიზმრებია. 

ასე მუშაობს მარკეტინგი და დარწმუნებული ვარ, „12 განრისხებული კაცი“ ამ სფეროს სახელმძღვანელოდაც გამოდგება. 

მაგრამ სათქმელს დავუბრუნდეთ. 

ნელ-ნელა იზრდება ბიჭის უდანაშაულობის მომხრე ხმების რაოდენობა, სანამ ერთი, ყველაზე აგრესიული არ დარჩება – ერთი ყველას წინააღმდეგ. 

სწორედ ამ ბოლოს გადაბირებაა ნამდვილი შედევრი, მე თუ მკითხავთ. 

ეს არის კაცი, რომელიც მზადაა ყველაფრის ფასად დაიცვას თავისი გადაწყვეტილება. თითქოს მისი პირადი მისიაა, ბიჭი ელექტროსკამზე გაუშვას. 

მაგრამ ეს ის კაციცაა, რომელმაც შვილი თავისი მხეცური ძალადობის წყალობით დაკარგა – ბიჭი მამას წლებია აღარ ელაპარაკება. კაცი, რომელსაც განსასჯელის კი არა, სწორედ უძღები შვილის დასჯა უნდა.  

ფილმის ბოლოს სწორედ ამას ხვდება და გამწარებული წამოიძახებს: „არ არის დამნაშავე!“. 

ამ ტექსტის წერისას „12 განრისხებული კაცი“ კიდევ ერთხელ ვნახე. ამჯერად ჩემი ჩვიდმეტი წლის შვილი შემომესწრო. უსიტყვოდ უყურა, ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია. შევატყვე, რომ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვკითხე, რას ფიქრობ-მეთქი. არ გამკვირვებია, რომ პირველი სწორედ ადამიანზე გავლენის უნარი ახსენა:

დაძალებით და ხელის კვრით კი არა, მათ ტყავში შეძვრომით. უბრალოდ, დროდადრო სიტყვას აგდებს და ელოდება, როდის იზამს ეს სიტყვა თავის საქმეს“.

ეპილოგი, ანუ რამ დამაწერინა ეს ტექსტი 

თავში რომ ვახსენე, იმ ამბავს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, ყოველდღე თვითონ რომ არ მახსენებდეს თავს. 

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებია სწორედ „12 განრისხებული კაცის“ ნეგატივში ვცხოვრობთ – გადმობრუნებულ ვერსიაში, სადაც შავი თეთრია და პირიქით. განსასჯელის სკამზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ძალაუფლება და ქონებაა. შეიძლება რაღაც უფრო მეტიც. 

როგორც ჩანს, პროპაგანდისტები მიხვდნენ, რომ ეჭვის გაჩენის ტექნიკა მხოლოდ უდანაშაულოს დასაცავად კი არა, მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ან, უფრო უარესი, მძიმე დანაშაულების დასაფარად შეიძლება გამოიყენო. 

როგორც გითხარით, მსაჯულებმა სიმართლე არ იციან და არც მისი ზუსტად დადგენის საშუალება აქვთ. 

სიმართლის არცოდნა ძალიან კარგი ინსტრუმენტია ავტორიტარული, კორუმპირებული ხელისუფლების ხელში, რომელსაც უნდა, რომ თავისი ტრიუკები გაუვიდეს. მეტიც, ის ამ სიმართლეს განგებ აბუნდოვანებს, რომ უფრო მეტად შეგვეპაროს ეჭვი. 

2012 წელს, ამ ფილმის გმირებივით, ჩვენც მშფოთვარე სამყაროდან შევაბიჯეთ „ქართული ოცნების“ მმართველობაში. მაშინ გვეგონა, რომ სიმართლე ხელის გულზე გვედო.  

ბევრ ჩვენგანს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის უფლებები აღარ დაირღვეოდა. ასი ქარხანაც მალე გაიხსნებოდა და პოლიტიკური მღელვარების წლები დასრულდებოდა. 

ევროკავშირში შევიდოდით და ჩვენით შევქმნიდით იმ კეთილდღეობას, რომლისთვისაც ჩვენი ათასობით მოქალაქე უცხოეთში მიდის. 

იქნებ ზოგიერთს, ვინც მაშინ ხელისუფლებაში მოვიდა, ამის გულწრფელადაც სჯეროდა.  

აი, ასეთი ნათელი სურათი იყო. 

ასე იყო, სანამ „ოცნება“ შემდეგ ეტაპზე გადავიდოდა და ხალხის სამართლიან აღშფოთებას სახელმწიფოსთვის საზიანო საქმეებისთვის არ გამოიყენებდა. აქ პარტიას ძალიან უშველა ქართული საზოგადოების სისუსტეების ცოდნამ. 

იმის ცოდნამ, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ენატრება საბჭოთა დროის ყოფითი კეთილდღეობა და სიიაფე. 

რომ საქართველოში ჯერ კიდევ სტალინის კულტია – მამის ძლიერი ფიგურის, რომელიც მშიერს არ დაგტოვებს და ფეხზე ყოველთვის წამოგაყენებს, მაგრამ შენი დამოუკიდებლობის ხარჯზე – იმის ხარჯზე, რომ მის გარეშე ვერაფერს იზამ. მამის ფიგურა მთელ შენს არსებობას ჩრდილად ადგას და ხეიბრად გაქცევს. თითქოს გაქვს შენი ნება, მაგრამ მამის ნებართვის გარეშე არაფერიც არ გაქვს.    

(ამას რომ ვწერ, ერეკლე დეისაძის „რაც მამას უნდა“ მახსენდება და გული მწყდება, მაგრამ კარგად მესმის, რატომ არის ახლა ერეკლე ასეთი დაღლილი და იმედგაცრუებული)

რომ საქართველოში ბევრს მამის ფიგურად ისევ დიდი რუსეთი წარმოუდგენია და ოკუპაცია მისთვის კუთვნილის წართმევა კი არა, გაბრაზებული მამის მიერ უძღები შვილის დასჯაა. 

აი, ეს სისუსტეები გამოიყენა ოცნების პროპაგანდამ (რომელიც საეჭვოდ ჰგავს რუსულს და იგივე ინტერესებს ატარებს) ეჭვის გასაჩენად, რომ რუსეთზე დამოკიდებულები თუ არ ვიქნებით, მშვიდობაც არ იქნება.  

და აღარ ეკითხები, რა იქნებოდა, ჩვენი სახელმწიფო რუსეთზე დამოკიდებულების გარეშე რომ გაგვეძლიერებინა – მართლმსაჯულების სისტემის გამართვაზე და დამოუკიდებლობაზე აღარაფერს ვამბობ, სულ ცოტა, ქართველი ფერმერებისთვის შეგვეწყო ხელი, რომ საკუთარი პროდუქტები ეწარმოებინათ და მაღაზიები რუსული საქონლით არ გაგვევსო. 

ომი დაიწყებოდა?  

არა. მამას არ მოეწონებოდა ჩვენი დამოუკიდებელი, ძლიერი ეკონომიკა და მართლმსაჯულების სისტემა. 

თუ ძალიან მოინდომებს, სისტემატურ და გამიზნულ პროპაგანდას ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში შეუძლია ეჭვის დათესვა და ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებების უკუღმა წარმოჩენა. მაგრამ ჩვენნაირ ქვეყნებში – დაუსრულებელი პოლიტიკური გაუგებრობებით და რყევებით დასუსტებულ სახელმწიფოში – ამისთვის განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგია.  

ეს ტალღა ნელ-ნელა გორდებოდა, როგორც ფილმში. ნელ-ნელა გვაჩვევდნენ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. რომ საკუთარ თვალებს და ყურებს არ უნდა დავუჯეროთ (და თუ მაინც გავრისკავთ და დავუჯერებთ, ნაციონალური მოძრაობის ხაფანგში ვყოფილვართ გაბმულები).

ნაბიჯ-ნაბიჯ და დაჟინებით გვიჩენდნენ ეჭვს, რომ მეგობარი მტერია და მტერიმეგობარი. 

ჩვენ ყოველდღე გვარწმუნებენ, რომ არაფერიც არ ვიცით. და ვერაფერი ვერ გვეცოდინება. რომ ფიქრი არაა საჭირო. მცოდნე ხალხს – მამას – მივანდოთ საქმე. 

„ოცნება“ ბევრად შორს წავიდა და გვარწმუნებს, რომ არჩევნებზე მისულებს არჩევანი მაინც არ გვექნება: „ყველაფერი ცხადია, ოპოზიცია არ არსებობს – არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, აქაც არ არის ფიქრი საჭირო და დანარჩენი რიცხვები მხოლოდ ფორმალობაა – მარტო ერთი უნდა შემოვხაზოთ.  

უიმედობის ამ დამადამბლავებელ ტალღაში მოყოლილები, მხოლოდ იმას ვცდილობთ, ფიზიკურად გადავრჩეთ. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად ვხედავთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი. ინფლაცია მთელ ჩვენს მწირ შემოსავალს ყლაპავს. პროდუქტების, წამლების და აუცილებელი მოხმარების ნივთების ყიდვა კიდევ უფრო გაძნელდა. 

სამაგიეროდ, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებდა, რომ ეკონომიკა ყვავის. 

მე ეკონომიკის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, სამაგიეროდ, ვიცი – მცენარეს გახმობამდე რომ მიიყვან და მერე დაუსხამ წყალს, შეიძლება გამოცოცხლდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყვავის. 

ასე დაგვემართა პანდემიის მერე, როცა ყველაფერი ერთდროულად ამუშავდა. 

ჩვენდა სამარცხვინოდ, ასე დაგვემართა უკრაინაში ომის დაწყების მერე, როცა ხელისუფლებამ რუსეთის უამრავ მოქალაქეს მისცა ქვეყანაში შემოსვლის და აქ დამკვიდრების უფლება. მათი შემოტანილი ფული კი ცხვირთან აგვიფრიალა და გვითხრა, რომ ეკონომიკა ყვაოდა. 

არადა, ხომ კარგად ვიცით, რომ იმ პერიოდში ბინის დაქირავება შეუძლებელი იყო, ფასები ცამდე ავარდა და რიგითი ქართველის ცხოვრება აუტანელი გახდა. 

ყველას არ გვევალება, ეკონომიკის ექსპერტები ვიყოთ. ვერ ვიქნებით. ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს. ეკონომიკა არჩევნებზე მივანდეთ ხელისუფლებას. მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ დავაკვირდეთ და ვიფიქროთ – თუ ეკონომიკა ყვავის, რატომ გვაქვს გვალვისგან კანი დამსკდარი?    

ცხადია, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პროპაგანდის ბევრ სხვა მეთოდს იყენებს და სულაც არ არის ადვილი, ამ ქაოსში რამე გაარჩიო. მაგრამ ლუმეტის ფილმიდან მოპარული და გადმობრუნებული პრინციპი ადგილზეა – დიდხანს და დაჟინებით არწმუნო ხალხი, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხედავს, გრძნობს და რაც სიმართლე ჰგონია. 

რა თქმა უნდა, ეს გადმობრუნებული ვერსია ძალიან პრიმიტიულია და არაფერი აქვს საერთო იმ დიდ დრამასთან, რაც ფილმში თამაშდება. როგორც კარგ მთქმელს უნდა გამგონი, ისე კარგ ფილმს უნდა კარგი მნახველი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ფილმის ალტრუისტული მხარის გაგება არც ყოფილა ჩვენების მიზანი. პროპაგანდამ მხოლოდ ის აიღო, რაც ასე სჭირდებოდა – დაჟინება და დარწმუნების უნარი. 

საქმე ისაა, რომ გამეორება მუშაობს. თუთიყუშივით გამეორებაც კი. 

მაგრამ, როგორც ლუმეტის ფილმის გმირი, მერვე მსაჯული ამბობს, კაცის სიცოცხლე დგას სასწორზე და უნდა ვილაპარაკოთ მაინც. 

ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოს არსებობის საკითხი დგას და ამ გაუკუღმართებული სურათის ამოტრიალება ისეთი საჩქარო და მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი