ახალი ამბები

თანასწორობა, პრივილეგიები და მართლმადიდებელი ეკლესია – ორი საკონსტიტუციო სარჩელი

24 მარტი, 2017 • 4251
თანასწორობა, პრივილეგიები და მართლმადიდებელი ეკლესია – ორი საკონსტიტუციო სარჩელი

გავრცელდება თუ არა სხვა კონფესიებზეც ის პრივილეგიები, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სარგებლობს და შეუწყდება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსება საპატრიარქოს?

ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორი საჩივარი შევიდა. ერთი საჩივარი, რომელიც  საპატრიარქოსთვის დაწესებული საფინანსო შეღავათების სხვა კონფესიებისთვის გავრცელებასაც შეეხება, სასამართლომ წარმოებაში 23 მარტს ნაწილობრივ მიიღო და განიხილავს.

მეორე საჩივარი, საბიუჯეტო სუბსიდირებასთან დაკავშირებული, სასამართლომ ბიუჯეტის შესახებ კანონის ვადის ამოწურვის გამო არსებითად განსახილველად არ მიიღო, თუმცა მოსარჩელეები ისევ აპირებენ სასამართლოსთვის მიმართვას.

[yellow_box]რა სურთ მოსარჩელეებს და რა განაცხადა სასამართლომ[/yellow_box]

საკონსტიტუციო სასამართლოს რვა კონფესიამ (ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, წმინდა სამების ეკლესია) მიმართა. მათ ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” იცავს.

მოსარჩელეები ითხოვენ, რომ მათაც შეეხოთ საპატრიარქოს მიმართ დაშვებული პრივილეგია, კერძოდ:

[checklist]

  • რელიგიური მიზნით მშენებლობის დღგ-სგან გათავისუფლება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი)
  • საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით კომერციით მიღებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტი)
  • საპატრიარქოს მიერ საღვთისმსახურო ნივთების მიწოდებისას რელიგიური მიზნებით მოგების გადასახადი (168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტი)
  • მიწის გადასახადისგან გათავისუფლება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტი)

[/checklist]

რელიგიური გაერთიანებები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ნორმებში არსებული გამონაკლისი სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ირღვევა კონსტიტუციის მე-14 მუხლი – თანასწორობის პრინციპი. რელიგიური გაერთიანებები მოითხოვენ, რომ ეს შეღავათები მათზეც გავრცელდეს.

აქცია საპატრიარქოსთან. ფოტო: თამთა ნაჭყებია

აქცია საპატრიარქოსთან. ფოტო: თამთა ნაჭყებია

ერთ-ერთი მოსარჩელე, რელიგიური გაერთიანების საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ თუკი საქართველოს კანონმდებლობა საუბრობს კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობის საკითხზე, მაშინ კანონი არ უნდა უშვებდეს საპატრიარქოს პრივილეგიებს სამართლებრივ სფეროში.

“ჩვენ თუ მშენებლობა გვაქვს, ჩვეულებრივად იბეგრება ჩვენი მშენებლობა, როგორც სხვა ტიპის მშენებლობა, მოხატვა არის რელიგიური ნაგებობისა, ისევე იბეგრება როგორც ჩვეულებრივი რემონტი. ასეთ ელემენტარულ საკითხებში [შეღავათი] დაშვებული [უნდა] იყოს სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვისაც”, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

ეპისკოპოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ თუ მათი სოციალური პროექტები არ დაიბეგრება, ისინი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე აქამდე არის. ეპისკოპოსი ამბობს, რომ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას აქვს მოხუცებულთა სახლი, ბავშვების ცენტრი, საგანმანათლებლო პროექტები რეგიონში დევნილებისთვის.

“მართალია, საკმაოდ მოკრძალებული სურათია, მაგრამ ამ პატარა თემისათვის, მგონი, რომ ცოტა რამეს არ ვაკეთებთ. აქ თუ ეს შეღავათი იქნებოდა, ჩვენი საქმიანობა უფრო მხარგაშლილი და შედეგიანი იქნებოდა”, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი მიიღო განსახილველად, რომელიც ეხება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის) იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ეკლესიების მშენებლობები, რესტავრაცია და მოხატვა თავისუფლდება დღგ-ს გადასახადისაგან.

კიდევ ერთი საკითხი, რაც გაასაჩივრეს, მაგრამ არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად, არის საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც საპატრიარქო თავისუფლდება რელიგიური დანიშნულებით ჯვრების, სანთლების, ხატების და კალენდრების გაყიდვით მოგების გადასახადისგან, ასევე საპატრიარქოს მიერ რელიგიური ნივთების მიწოდება თავისუფლდება გადასახადისგან და გასაჩივრებული იყო ის ნორმა, რომლითაც ორგანიზაციის ქონება, გარდა მიწისა, თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტ შოთა თუთბერიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მიიღო მოსარჩელეების დასაბუთება და ის აუცილებლად იმსჯელებს მშენებლობის დღგ-სგან გათავისუფლების საკითხზე.

“შედეგი რაც შეიძლება დადგეს, ისაა, რომ იეჰოვას მოწმეებს ან მუსლიმ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ აშენების სურვილი, საშუალება ექნებათ, რომ ბევრად იაფად ააშენონ იმიტომ, რომ მშენებელს არ მოუწევს გადასახადის გადახდა”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

დამატებითი ღირებულების გადასახდი

საკონსტიტუციო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 99-ე და 168-ე მუხლების განსახილველად არმიღებისას განმარტა, რომ მართალია, საგადასახადო კოდექსი ათავისუფლებს საპატრიარქოს, თუმცა კანონში არ წერია, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციები ვალდებული არიან გადაიხადონ დღგ-ს გადასახადი მაშინ, როცა რელიგიური მიზნით კომერციულ საქმიანობას აწარმოებენ.

პრეზიდენტის საპატრიარქოში დეკანოზის საკითხის განხილვას დაესწრო. 21.02.2017. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის საპატრიარქოში დეკანოზის საკითხის განხილვას დაესწრო. 21.02.2017. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

“მართალია, სადავო ნორმა დღგ-ისგან გათავისუფლების ცალკე საფუძვლად გამოყოფს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდებას, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით, თუმცა საგადასახადო კოდექსის სისტემური ანალიზით დგინდება, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას არც სხვა რელიგიური ორგანიზაციები ექვემდებარებიან დღგ-ის გადახდის ვალდებულებას”, – წერია სასამართლოს საოქმო დადგენილებაში.

თუთბერიძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერით უფრო ზუსტდება კანონის ბუნდოვანი განმარტება, რაც გახდება სამართლებრივი არგუმენტი რელიგიური გაერთიანებებისთვის, რომ იდავონ შემოსავლების სამსახურთან ან საერთო სასამართლოებში, რათა გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს განმარტება საშუალებას მისცემს ყველა გაერთიანებას, არგუმენტად გამოიყენონ არა მხოლოდ თავიანთი პოზიცია და ზოგადი სამართლებრივი შეხედულებები, არამედ საკონსტიტუციოს განმარტება, რომელიც ბევრად უფრო წონადია მათ შორის საგადასახადო ორგანოსა და საერთო სასამართლოების მიმართ.

“ის ნორმა, რის გამოც რელიგიური გაერთიანებები თავს იკავებდნენ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებისგან იმიტომ, რომ არ იცოდნენ, შემოსავლების სამსახური როგორ მიუდგებოდა ნორმას (მათ მოუწევდათ გადასახადის გადახდა ან სანქცია დაეკისრებოდათ), საკონსტიტუციო სასამართლომ რაღაც ნაწილში ცოტა უფრო მკაფიო გახადა. [სასამართლომ] თქვა, რომ ამ გადასახადებისგან გათავისუფლება სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც შეუძლიათ და კანონი უნდა განიმარტოს ასე: ყველა რელიგიურ გაერთიანებას აქვს უფლება, რომ გათავისუფლდეს რელიგიური საქმიანობის ნაწილში გადასახადისგან და ეს არ არის საპატრიარქოს პრივილეგია”, – ამბობს იურისტი.

[blue_box]მიწის ფლობის გადასახადი[/blue_box]

დასაბუთება, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც მიწის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ეყრდნობა იმას, რომ საგადასახადო კოდექსის გასაჩივრებული 206-ე მუხლი არაა რელიგიური ორგანიზაციებისთვის მიწის გადასახადისგან გათავისუფლების შემზღუდველი ნორმა.

“აღნიშნული მუხლი თავისი ბუნებით აღმჭურველი ხასიათისაა და ის არ ადგენს ორგანიზაციის (მათ შორის რელიგიური ორგანიზაციის) უფლების შეზღუდვის წესს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის პრობლემა დაკავშირებულია მიწის გადასახადთან, რომელიც დადგენილია საგადასახადო კოდექსით, მას საკონსტიტუციო სასამართლოში ევალება სწორედ იმ საკანონმდებლო ნორმის გასაჩივრება, რომელიც უშუალოდ აწესებს რელიგიური ორგანიზაციისთვის მიწის გადასახადს”, – წერია სასამართლოს საოქმო დადგენილებაში.

საპატრიარქო მიწის გადასახადისგან თავისუფლდება არა საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არამედ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე.

თუთბერიძე ამბობს, რომ ახლა მუშაობს სტრატეგიაზე და სავარაუდოდ ეს გახდება იმის საფუძველი, რომ შესწორებული ფორმით შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

[blue_box]“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სარჩელი[/blue_box]

კიდევ ერთი სარჩელით საპატრიარქოს მიმართ დაშვებული შეღავათების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” მიმართა.

თანასწორობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ შეტანილი სარჩელისგან განსხვავებით, EMC-ის სარჩელი  სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე იმავე პრივილეგიის გავრცელებას კი არა, არამედ მის შეწყვეტას ითხოვს.

ეკა აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფო ვერძეული ითხოვდნენ, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მე–15 მუხლში განსაზღვრული სუბსიდირება საპატრიარქოსთვის, მასთან არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტებისა და საპატრიარქოს ტელევიზიისთვის.

ილია მეორე და მისი პირადი მცველები. ფოტოს ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს 2015 წელს

ილია მეორე და მისი პირადი მცველები. ფოტოს ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს 2015 წელს

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ  ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო დაფინანსება წინააღმდეგობაშია

[checklist]

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან (რელიგიის თავისუფლება)
  • 21-ე მუხლთან (საკუთრების უფლება)
  • მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის დაუშვებლობა)

[/checklist]

მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო პირებს აკისრებს თანაბარ ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში, რაც ლახავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.

მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური კონფესიის დასაფინანსებლად შემოსავლებიდან დაბეგრილი თანხის მიმართვა ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და შეხედულებებს და, შესაბამისად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.

თუმცა იმის გამო, რომ 2016 წლის ბიუჯეტის მოქმედების ვადა ამოიწურა ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიამ განსახილველად აღარ მიიღო ეს სარჩელი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი მარიამ ბეგაძე ამბობს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს კვლავ მიმართავენ და აღნიშნულ ნორმების კონსტიტუციურობას გაასაჩივრებენ, რადგან 2017 წლის კანონშიც იგივე მუხლებია გათვალისწინებული.

იურისტის თქმით, მოსარჩელე პირები დაბეგვრის შედეგად კონკრეტული რელიგიის დაფინანსებაში იძულებით მონაწილეობენ, რაც მათი რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებაში არასეკულარული, არალეგიტიმური საჯარო მიზნით ჩარევას განაპირობებს და, ამავდროულად, დისკრიმინაციულია.

“საპატრიარქო არ უნდა იღებდეს სახელმწიფოს პირდაპირ დაფინანსებას, რადგან ეს კონკრეტულად უფლებებთან წინააღმდეგობის გარდა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებებს  და კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთერთდამოუკიდებლობას აღიარებს”, – აცხადებს მარიამ ბეგაძე.

მარიამ ბეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველგვარი დაანგარიშების გარეშე ახორციელებს განუსაზღვრელი ოდენობის სუბსიდიების გადაცემას საპატრიარქოსთვის, რომელიც არ ეფუძნება განჭვრეტად, ობიექტურ, სამართლიან და ზიანთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და მხოლოდ ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებულია.

ბეგაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ნორმები პირდაპირ უთითებს სასულიერო განათლების ხელშეწყობაზე, სიტყვასიტყვით: „ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდისათვის დაფინანსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში […] საპატრიარქოს 70–ზე მეტი საგანმანათლებლო–კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაცია [..].“

“ცხადია, სახელმწიფოს მიერ ერთი კონკრეტული რელიგიის მხარდაჭერა და მისი კონფესიური მიზნების დაფინანსება, ვერც ერთი უფლების შეზღუდვისთვის ვერ იქნება ლეგიტიმური და საჯარო მიზანი, მათ შორის რელიგიის თავისუფლების, არათანასწორი მოპყრობის და საკუთრების უფლების ნაწილში”, – ამბობს იურისტი.

ეკა აღდგომელაშვილი, ერთერთი მოსარჩელე, ამბობს, რომ  წინააღმდეგია, რელიგიური სწავლების დაფინანსებისთვის სახელმწიფომ ფული გამოყოს.

“ნებისმიერი ამგვარი რელიგიური სწავლების, არა რელიგიის [სწავლების], წინააღმდეგი ვარ იმის გამო, რომ პირდაპირ უყალიბებს მოსწავლეს ავტორიტეტისადმი მორჩილებას და შეუძლებელია, რომ კრიტიკული აზროვნება ჩამოუყალიბდეს ბავშვს. განათლების სისტემა ავტორიტარული სისტემაა, ისედაც მუდმივად გვაქვს მაგის პრობლემა, ყველა საუბრობს განათლების სისტემის ნაკლზე. იქ [საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებში] მით უმეტეს”, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი