ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ საპატრიარქოს სუბსიდირებაზე სარჩელის საქმის წარმოება შეწყვიტა

27 იანვარი, 2017 • 2362
საკონსტიტუციო სასამართლომ საპატრიარქოს სუბსიდირებაზე სარჩელის საქმის წარმოება შეწყვიტა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების სარჩელზე, რომლითაც  საპატრიარქოს სუბსიდირებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ, 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზად სასამართლომ დღეს, 27 იანვარს, გავრცელებულ განცხადებაში დაასახელა  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონი, რომლის ერთ-ერთ მუხლსაც ასაჩივრებდნენ მოქალაქეები, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის ამოქმედებისთანავე, 2017 წლის 1 იანვრიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ეკა აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფიკო ვერძეული ითხოვდნენ, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მე–15 მუხლში განსაზღვრული სუბსიდირება  საპატრიარქოსთვის, მასთან არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტებისა და საპატრიარქოს ტელევიზიისთვის.

მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო პირებს აკისრებს თანაბარ ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში, რაც ლახავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.

მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური კონფესიის დასაფინანსებლად შემოსავლებიდან დაბეგრილი თანხის მიმართვა ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და შეხედულებებს და, შესაბამისად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.

მოსარჩელეთა განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ დაბეგვრის სისტემა საკუთრების უფლების არსს საფრთხეს არ უქმნის, სადავო ნორმები არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, რაც განაპირობებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების დარღვევასაც.

სასამართლოს განმარტებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი