ახალი ამბები

საკონსტიტუციო მშენებლობის გადასახადისგან რელიგიური კონფესიების გათავისუფლების საკითხს სწავლობს

24 მარტი, 2017 • 2036
საკონსტიტუციო მშენებლობის გადასახადისგან  რელიგიური კონფესიების გათავისუფლების საკითხს სწავლობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი, რომელიც  საპატრიარქოსთვის გათვალისწინებული ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის სხვა კონფესიებზე გავრცელებას მოითხოვს.

23 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც საქართველოში მოქმედი 8 რელიგიური კონფესია ითხოვს მათზეც გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილი შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით.

სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში მიიღო, რომელიც ეხება საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიმართ.

მოსარჩელე მხარეები არიან: №671 „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ან მის სასარგებლოდ აწესებს, რის გამოც სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის უთანასწორო მოპყრობას ადგენს.

სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით საპატრიარქოს გათავისუფლებას ქონების გადასახადის, მოგების გადასახადისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოსაყენებელი საგნების მიწოდებასთან დაკავშირებულ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმას და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი