ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმის განხილვას იწყებს

8 მარტი, 2017 •
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმის განხილვას იწყებს

8 მარტს, თბილისის დროით 12:15 სთ-ზე ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს საქართველოს მთავრობის საჩივარს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

“ვინაიდან, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, ქვეყნის მთავრობის საჩივარი განხილვაში მიიღო, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში არ შევიდა.  სასამართლოს დიდი პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით დღევანდელ ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცამ “ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა.

“კერძოდ, პირველად დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. მანამდე მიღებულ ყველა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო, როდესაც არ დაადგენდა კონვენციის მე-5.1. მუხლის დარღვევას (ანუ, როდესაც წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჩაითვლებოდა), ავტომატურად მე-18 მუხლის დარღვევასაც დაუდგენლად მიიჩნევდა, ან საერთოდ აღარ განიხილავდა ხოლმე საქმეს მე-18 მუხლის ჭრილში. უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც არ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ იქნა მიჩნეული. იუსტიციის სამინისტრო აპელირებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტის თანახმად, მე-18 მუხლის დარღვევის მტკიცების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოტივის არსებობა უნდა იყოს აბსოლუტურად ცხადი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რაც მერაბიშვილის საქმეზე მხოლოდ მისივე სათუო და ზედაპირული განცხადებებით იყო გამყარებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ თავად სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, ხოლო სახეზე არ იყო 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის აშკარა მტკიცებულება ან უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს“, – იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს, რომელიც გარემოებების განხილვას 8 მარტს თავიდან შეუდგება.

იუსტიციის სამინისტროს საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა.


ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს – ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილის მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი