ომბუდსმენი: GPB-ში დაგეგმილ რეფორმებზე დისკუსია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არაა

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 24 თებერველს გამოქვეყნებულ მიმართვას განცხადებით პასუხობს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მაუწყებელში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას არ წარმოადგენს.

ომბუსდმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოთქმული პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის მიერ გადაცემების დახურვის საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის „განცდას“ აჩენს,  საფუძველს მოკლებულია.

“ამ სახის განცხადებაში შესაძლოა რეალურად იკითხებოდეს სურვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა წარიმართოს დაინტერსებული მხარეების გარეშე, მათი აღნიშნული პროცესისაგან დისტანცირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იმოქმედებს იზოლაციაში, ის ინტერაქციაში უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებთან, ხოლო რეფორმები უნდა იყოს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესის შედეგი. სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, „თავისი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ითანამშრომლოს […] განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან /მათ შორის სახალხო დამცველის ოფისთან/.“ ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს კონსტიტუციითა და კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისაგან.” – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გადაცემები მხოლოდ რეიტინგით არ უნდა შეფასდეს:

“აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, გადაცემების შესაფასებლად, რეიტინგის გარდა, სხვა კრიტერიუმები ვერ იქნება გამოყენებული. მათ არარელევანტურად მიაჩნიათ გადაცემების ხარისხის კვლევის ჩატარება, ხოლო დაბალი ყურებადობის გადაცემების გავლენის შეფასებაზე საუბარიც კი – არაპროფესიონალურად.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში გადაცემების გარკვეული ნაწილი შეფასდა საექსპერტო და თვისებრივი პანელური კვლევებით, თუმცა, რეიტინგის კრიტერიუმთან ერთად, აღმასრულებელ საბჭოს ისინი მხედველობაში არ მიუღია. რაც შეეხება გადაცემების დაბალი ყურებადობის გამო მათი გავლენის შეფასების არაპროფესიონალურად მიჩნევას, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ესაა მაუწყებლობა „ყველასათვის“ და „თითოეულისათვის“. სამეურვეო საბჭოს განმარტებით, ზეგავლენა, ეს არის ის ზოგადი სარგებელი, რომელიც მაუწყებელს მოაქვს (1) საზოგადოებისათვის და (2) თითოეული ადამიანისათვის. აქედან გამომდინარე, ზეგავლენის შეფასების ავტომატურად გამორიცხვა დაბალი ყურებადობის გამო წინააღმდეგობაშია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან და მცირე აუდიტორიას ტოვებს უკუკავშირის გარეშე.
აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რეიტინგის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა, არასაკმარისი. ნაკლები რეიტინგულობის გამო კერძო მაუწყებლებმა შეიძლება არც დააფინანსონ ისეთი შინაარსის გადაცემები, რომლებიც ორიენტირებულია ეთნიკურ, ლინგვისტურ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უმცირესობათა სხვა ჯგუფებზე. ასეთ პროგრამების მიწოდება შესაბამისი აუდიტორიისათვის მაღალი მნიშვნელობისაა, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მედიის ვალდებულებადაა მიჩნეული.” – განმარტავს სახალხო დამცველი.

ასევე ომბუდსმენს მიაჩნია, რომ რეიტინგის სანდოობა უნდა იყოს განხილვის საგანი. სახალხო დამცველის წინა განცხადებაში მითითებული იყო, რომ საზოგადოებაში რეიტინგების სანდოობაზე კითხვები არსებობს:

“რაც შეეხება მენეჯმენტის როლს დაბალი რეიტინგის არსებობაში, მათ მიერ გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით, აღმასრულებელი საბჭო ამბობს, რომ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაცემების ყურებადობასთან კავშირში არ არის, ხოლო „2016 წელს უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტ-ანალიზის საფუძველზე მოხდა სამაუწყებლო ბადის ფორმირება, რაც დაეფუძნა კვალიფიციურ და ძვირადღირებულ კვლევებს.“ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი დისკუსიაა საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს აღნიშნული კვლევა და საზოგადოებისათვის გახდეს ნათელი, თუ რა ფაქტორებით ხელმძღვანელობდა მენეჯმენტი ბადის ფორმირების პროცესში და შეიძლება თუ არა, ეს გადაწყვეტილება კავშირში იყოს დაბალ რეიტინგთან.”

ომბუდსმენი ასევე ეხმაურება რეიტინგის დათვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს და აცხადებს, რომ ამჟამად ბაზარზე ორი მთვლელი კომპანიაა და რეიტინგების შესახებ მათი მონაცემები, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პირები უთითებენ, არ ემთხვევა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის განმავლობაში რეიტინგის დათვლა მაუწყებელს მხოლოდ 1000 ლარი უჯდება.

“მისი მოთხოვნით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, ე.წ. ფიფლმეტრები განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 400 ოჯახში, ყველა არსებულ ტელევიზორზე. რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ სატენდერო კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ შერჩეული ოჯახების რაოდენობა საქართველოს 7 ქალაქშია გადანაწილებული. რასაკვირველია, დისკუსიის საგანი უნდა იყოს, თუ რამდენადაა ამ გზით მიღებული მონაცემები საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით დაიხუროს ცალკეული გადაცემები.”

აღმასრულებელი საბჭო მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის განცხადებაში დაშვებულია ფაქტობრივი უზუსტობა თანამშრომლების ნაწილთან 1–თვიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, რაც ომბუდსმენის განცხადებით არასწორია:

“სახალხო დამცველი მის განცხადებაში პირდაპირ მიუთითებს გავრცელებულ ინფორმაციაზე და არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის აპარატში ამჟამად შესწავლის ეტაპზეა, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მხოლოდ მასალების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი საბოლოო შეფასება.”

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნული საკითხები პირისპირ განიხილოს როგორც აღმასრულებელ, ასევე, სამეურვეო საბჭოსთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი