ახალი ამბები

ბარათაშვილი: პროკურატურა საპატრიარქოს უქმნის განცდას, რომ ბრალდებული დეკანოზი დამნაშავეა

23 თებერვალი, 2017 • 3745
ბარათაშვილი: პროკურატურა საპატრიარქოს უქმნის განცდას, რომ ბრალდებული დეკანოზი დამნაშავეა

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე საპატრიარქოში პროკურატურის ვიზიტები უქმნის შთაბეჭდილებას, რომ საპატრიარქოში პარალელური პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატ ბარათაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის მასალები მხარეებს მიეწოდება: ან გამოძიებას ან დაცვის მხარეს, საქართველოს საპატრიარქო კი ამ საქმის მხარე არ არის.

“მხარეებს მიეწოდება საქმის მასალები. მხარე აქ არის ბრალდების მხარე და დაცვის მხარე. დაცვის მხარეში მოიაზრება როგორც ადვოკატი, ისე ბრალდებული, სხვა პირი არ მოიაზრება… უცნაურია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მეორე პროცესი მიმდინარეობს საპატრიარქოში და იქ მოწმეებიც მიდიან, მიდის ბრალდების მხარე, იქ ჩანაწერებსაც ისმენენ და ასე შემდეგ”, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, კომუნიკაციის ამგვარი ფორმით პროკურატურა საპატრიარქოს ცალკე უქმნის იმის განცდას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, რითიც ირღვევა ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

“საპატრიარქოს პროკურატურა ცალკე უქმნის, ასე ვთქვათ, განცდას, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე, კიდევ მოწმეები დადიან საპატრიარქოში”, – ამბობს ბარათაშვილი.

ასევე, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმის შესახებაც, რომ საპატრიარქოში დადიან საქმის მოწმეები, იმ ფონზე, როდესაც დეკანოზის ორ ადვოკატს ინფორმაციის გავრცელების უფლება გაუმჟღავნებლობის ხელწერილის გამო შეზღუდული აქვთ.

სოსო ბარათაშვილს მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა აწვდის ინფორმაციას მთელ საზოგადოებას, კონკრეტულად კი, საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში ადვოკატები არ არიან შებოჭილი, რომ მათ თვითონ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.

“ადვოკატები არ არიან ჩემი აზრით შეზღუდულები ამ გაუმჟღავნებლობის ხელწერილით და მათაც უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია საზოგადოებას ამ საქმის თაობაზე. ჩვენ თუ ამ პრაქტიკას მივიღებთ, ნებისმიერ პროკურორს, ნებისმიერ ბრალმდებელს შეეძლება, რომ ნებისმიერ ადვოკატს მიაღებინოს გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულება და საზოგადოებას ცალმხრივად მიაწოდოს ინფორმაცია”, – მიაჩნია ადვოკატს.

ადვოკატს მიაჩნია, რომ დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე საზოგადეობას ცალმხრივად მიეწოდება ინფორმაცია პროკურატურის მხრიდან.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი