ახალი ამბებისაზოგადოება

ვიდეო ► მოქალაქეების აზრი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე

18 თებერვალი, 2017 • 9689
ვიდეო ► მოქალაქეების აზრი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე

რას ფიქრობთ საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე? თქვენი აზრით, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეს ინსტიტუცია სახელწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით? – იხილეთ ნეტგაზეთის ქუჩის გამოკითხვა და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

 


 

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებევრვალს გაემგზავრა, სადაც ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს. როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და ილია მეორეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 თებერვალს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის” მკვლელობის მომზადების მიზნით დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე. ბრალდების მტკიცებით, მამალაძე ბერლინში გამგზავრებამდე დააკავეს და თან მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინეს. პროკურატურის განცხადებებიდან არ არის ნათელი, კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა მამალაძე.

პრემიერმა 13 თებერვალსვე განაცხადა, რომ ეს გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღკვეთეს და რომ მისი დაცვის წევრები ჩავიდნენ ბერლინში, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოება.

14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი. 16 თებერვალს უკვე პროკურატურაში განაცხადეს, რომ მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში არ ფიგურირებს პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

15 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკურიმა პარტიამ მოითხოვა, რომ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ასევე, უნდა შეწყდეს ერთმანეთის საქმიანობაში ურთიერთჩარევა. რესპუბლიკელების განცხადებით, კონკორდატის გაფორმებიდან, 2001 წლიდან დღემდე საპატრიარქოს წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი, 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ნაკვეთის ფართობი, საპატრიარქოს წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს-ებსა და ააიპ-ებს გადასცემენ სახელმწიფო ქონებას, ხოლო ამ ქონებას არავინ აღრიცხავს. პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ხაზს უსვამს, იმას, რომ მატერიალური მხარდაჭერის ამ ეს პროცესით თავად საპატრიარქოშიც არიან უკმაყოფილო, რასაც დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებული წერილიც ადასტურებს.

გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატი ინფორმირებული არ იყო. ადვოკატმა ჯერ 13, ხოლო შემდეგ 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზს მაღალი სიცხე და წნევა აქვს. 18 თებერვალს მამალაძე ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, დეკანოზს სხვადასხვა “პროტოკოლით გათვალისწინებული” კვლევები ჩაუტარდება. როგორც ექიმი ამბობს, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ საჭიროა დამატებითი კვლევები.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შესახებ კითხვები აქვს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას. საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ხოლო ომბუდსმენი, რომელსაც არაერთ კითხვის ნიშანს უჩენს ეს საქმე, პროკურატურას დეკანოზის ადვოკატს გაუთქმელობის ვალდებულების გაუქმებისკენ მოუწოდებს. გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ მისი ადვოკატები მუდმივად მოითხოვენ პროკურატურისგან, მოუხსნას მათ გაუთქმელობის ვალდებულება საქმეზე, რომელსაც საიდუმლო გრიფი არ ადევს.

18 თებერვალს მტკიცებულებების გასაჯაროება ამავე საქმეზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემაც კი მოითხოვა. კიდევ ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია პატრიარქის სურვილი მტკიცებულებების გასაჯაროება, ხოლო ადვოკატ ლილი გელაშვილის თქმით, ირაკლი მამალაძემ “დაგეგმილი მკვლელობის შესახებ” მანამდე იცოდა, ვინაიდან ჟურნალისტი წლების მანძილზე ახლობლობდა დეკანოზთან და მისი შეკვეთით წერდა სხვადასხვა ეპისკოპესების წინააღმდეგ სტატიებს. გელაშვილის ინფორმაციით, ის და ირმა ჭკადუა ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ირაკლი მამალაძე მათ ტელეფონით დაუკავშირდა, შეხვედრა თხოვა და შეხვედრის შედეგად აცნობა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდებოდა მკვლელობა. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტმა მათ შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინა და ურჩიეს მას, რომ პროკურატურისთვის მიემართა.

ბრალდების მოწმეები ამბობენ, რომ საქმე ეხება პატრიარქსა და მის გარემოცვას. ბერლინში სამკურნალოდ მყოფი ილია მეორე კი ამბობს, რომ იგი იცნობს ამჟამად პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს. პატრიარქის მიმდინარე პროცესებს “არანორმალურს” უწოდებს. როგორც ილია მეორემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საქართველოში 19 თებერვალს ჩამოვა და იმედი აქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება.

რუსთავი 2-მა 13 თებერვალს გაავრცელა წერილი, რომელიც სავარაუდოდ “მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმის” ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატი აცხადებს, მამალაძემ მსგავში შინაარსის არაერთი წერილი გაუგზავნა სინოდსა და პატრიარქს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

დაკავებული დეკანოზის მიერ სავარაუდოდ პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებსა და კორუფციულ სქემებზე საჯაროდ საუბარს ქორეპოსკოპოსი იაკობი კატეგორიულად უკრძალავდა. თუმცა, ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც საპატრიარქოს ფინანსურ საკითხებს განაგებს, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს ზღაპრებს უწოდებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავა კი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ეკონომიკური კუთხით, შეიძლება საპატრიარქოში არსებული პრობლემების 50 პროცენტზე ნაკლები იყოს წარმოჩენილი. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძე დაინიშნა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურში, ის იყო ძალიან დაბრკოლებული იქ არსებული მძიმე, საგანგაშო მდგომარეობით, ეკლესიაში არსებული თაღლითური სქემების, თუ კორუფციული გარიგებების და ვერაგული დამოკიდებულების საპატრიარქოს ქონების მიმართ.

ე.წ. ციანიდის საქმის პარალელურად, სხვადასხვა მედია საშუალებებით სასულიერო პირების, მათ შორის, სინოდის წევრების მხრიდან ისმის არაერთი ბრალდებები ერთმანეთის მიმართ. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე “მაღალი საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების საქმის” შესახებ საუბრისას საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან მართველობაზე საუბრობს, კონკრეტულად კი პატრიარქის მდივან რეფერანტზე, შორენა თეთრუაშვილზე, რომელსაც დეკანოზის დაკავებამდე “რუხი კარდინალი” უწოდა. თეთრუაშვილმა ამის საპასუხოდ მხოლოდ ის თქვა, რომ “ეს მას არ ეხება და სხვა ადამიანზეა საუბარი”.

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, დაკავებული დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს უქმნიდა დისკომფორტსდა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი პატრიარქის მდივან-რეფერატის დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო: “მამა გიორგი [მამალაძე] არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ეს არის KGB-შნიკური დახვეწილი, მზაკვრული ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარში. ჩემი ეჭვია, რომ ეს ნაწილობრივ მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ.”

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზი იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სთხოვს. საია ამ საკითხს განიხილავს და უახლოეს პერიოდში მიუაწვდის საზოგადოებას თავის მოსაზრებას. ე.წ. ციანიდის საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე ქრონოლოგიურად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი