ახალი ამბები

პროკურატურა: დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

13 თებერვალი, 2017 • 4665
პროკურატურა: დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს დუმილს უფლებას იყენებს და ბრალდებას არ აღიარებს – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, დღეს , 13 თებერვალს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე არის საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი