ახალი ამბები

პროკურატურა: დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას არ ამზადებდა

16 თებერვალი, 2017 • 3562
პროკურატურა: დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას არ ამზადებდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში არ ფიგურირებს პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

“არ იგულისხმება პატრიარქი ბრალში, დადასტურებით გეუბნებით. მთავარი პროკურორი თავის ბრიფინგზე ამბობს, რომ ეს არ არის პატრიარქი,”- განუცხადა ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

თუმცა, სწორედ პროკურატურის განცხადების შემდეგ საქარველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რაც მიუთითებდა, რომ პროკურატურა საუბრობდა პატრიარქზე.  პრემიერმა პროკურატურის განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ  “აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”.

13 თებერვალს ირაკლი შოთაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც, განაცხადა, რომ განმცხადებლის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.

“როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე,”- ვკითხულობთ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ბრიფინგზე შოთაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა:

ჟურნალისტი: თქვენ აცხადებთ, რომ გაქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მზადდებოდა ეს?

შოთაძის პასუხი: ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ ერთ-ერთი პირის მიმართ მზადდებოდა მკვლელობა. ამ მტკიცებულებებით რაც დასტურდება. გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, საქმია სპეციფიკიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი, კონკეტულ პიროვნებებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. უსაფრთხოების ზომები ზორციელდება, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება და ამან შეიძლება საგამოძიებო ინტერესები დააზიანოს.”

ჟურნალისტების კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა პატრიარქის შესაძლო მოწამვლას. აქაც, შოთაძეს გადაჭრით არ უარუყვია, რომ ბრალი არ ეხებოდა პატრიარქის მოწამვლის მომზადებას:

ჟურნალისტი: ეს პირველი შემთხვევა არის, როცა პატრიარქის მოწამვლა იგეგმება, თუ სხვა შემთხვევებიც იყო წლების განმავლობაში?

შოთაძის პასუხი: მე მგონი, არ მითქვამს ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწამვლაზე. მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, იმ მტკიცებულებებზე, იმ ბრალეულობაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. შემიძლია გითხრათ, რომ სხვა სისხლის სამართლის მსგავსი საქმე აქამდე პროკურაყურაში არ ყოფილა და არ გამოძიებულა”.

თუ არ იგულისხმება პატრიარქი, მაშინ ვისი მკვლელობა მზადდებოდა, პროკურატურის პრესსამსახურში არ საუბრობენ:

“სხვა ინფორმაცია, ვინ იგულისხმება, მე არ მაქვს. პატრიარქი რომ არ იგულისხმება, ამას გეუბნებით,”- განუცხადა ნეტგაზეთს ნათია სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს სახალხო დამცველმა გაახმაურა ბრალდებული დეკანოზის განცხადება, რომ მის ბრალის დადგენილებაში არ ფიგურირებს არანაირი სასულიერო პირი, ხოლო მოგვიანებით ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელიც არ არის ამ საქმეში მონაწილე ადვოკატი, განაცხადა, რომ მას აქვს პირველწყაროდან ინფორმაცია, რომ დეკანოზის ბრალის დადგენილებაში საუბარია პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, როცა ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქის ოპერაცია იყო დეგეგმილი 12 თებერვლისთვის. ბერლინში იმყოფება ამ დრომდე შორენა თეთრუაშვილიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი