ახალი ამბები

ადვოკატ ლილი გელაშვილის თქმით, ციანიდის საქმეზე 24 იანვარს შეიტყო

18 თებერვალი, 2017 • 5339
ადვოკატ ლილი გელაშვილის თქმით, ციანიდის საქმეზე 24 იანვარს შეიტყო

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის და ადვოკატ ირმა ჭკადუას გარდა, ადვოკატი ლილი გელაშვილია. მან ტელეფკომპანია “იბერიის” გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ ციანიდის საქმის თაობაზე 24 იანვარს შეიტყო.

“სოციალურ ქსელში პირველი დღიდანვე, რაც ეს ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე ამის შესახებ დავწერე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ეს არის 24 იანვარი, ეს იყო ის დღე, როცა პირველად შევხდვით ირაკლი მამალაძეს”, – განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, ირაკლი მამალაძემ ეს მანამდე იცოდა, ვინაიდან ის წლების მანძილზე ახლობლობდა დეკანოზთან და მისი შეკვეთით წერდა სხვადასხვა ეპისკოპოსის წინააღმდეგ სტატიებს. გელაშვილის ინფორმაციით, ის და ირმა ჭკადუა ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ირაკლი მამალაძე მათ ტელეფონით დაუკავშირდა, შეხვედრა თხოვა და შეხვედრის შედეგად აცნობა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდებოდა მკვლელობა, მისი თქმით, მამალაძემ მათ შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინა და შესაბამისად, ურჩიეს მას, რომ მიემართა პროკურატურისთვის.

ჭკადუა, მამალაძე და გელაშვილი აცხადებენ, რომ გაუთქმელობის ხელწერილის დადების გამო ვერ ამბობენ დაზუსტებით, გეგმავდა თუ არა დეკანოზი პატრიარქის მკვლელობას თუ ვინმე სხვა პირის?

“მტკიცებულებებში საუბარი იყო გერმანიაზე, ჩვენი პირველი ყურადღებაც წავიდა იქითკენ, ვინ იმყოფებოდა გერმანიაში, გიორგი მამალაძეს ციანიდი ესაჭიროებოდა გერმანიაში წასვლამდე”, – განაცხადა ჭკადუამ “პრიორიტეტის” ეთერში.

ის ფაქტი, რომ პატრიარი უნდა წასულიყო გერმანიაში, 1 თებერვალს გახდა ცნობილი. გელაშვილის თქმით, “გერმანიის შესახებ ინფორმაცია” ჩანაწერებში გაჩნდა იმ კონტექსტში, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი ესაჭიროებოდა გერმანიაში წასვლამდე, სადაც ის 10 თებერვალს მიემგზავრებოდა.

ირაკლი მამალაძე პროკურატურისგან მოითხოვს მისი ჩანაწერების გასაჯაროებას:

“ეს იყო მკვლელობის მომზადება და ეს პროცესი არის ასახული ამ ჩანაწერებში. ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და შესაძლოა მის გარემოცვასაც”, – განაცხადა მამალაძემ “იბერიის” ეთერში.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია პატრიარქის სურვილი ამ საქმეში.

“შეიძლება პატრიარქმა თქვას, რომ აპატიოს ყველას ყველაფერი”, – განაცხადა მან.

ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, ფოტო: გელაშვილის ფეისბუკის გვერდიდან

ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, ფოტო: გელაშვილის ფეისბუკის გვერდიდან

შეგახსენებთ, რომ ირმა ჭკადუა არის საპროკურორო საბჭოს წევრი და სწორედ პროკურატურა იძიებს ციანიდის საქმეს. ხოლო ადვოკატი ლილი გელაშვილი წარსულში იყო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის – თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი, ასევე, წინა ხელისუფლების დროს ყოფილი პრემირის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის წარმომადგენლების ადვოკატი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, რომელმაც ფარულად მოახდინა გარკვეული მასალები აუდიოვიდეო ჩაწერა, თუმცა უცნობია რა შინაარსისაა ეს მასალები.


 

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე  მკვლელობის მომზადების ბრალდებით  პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ამის შესახებ საჯაროდ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
  • „ნატრიუმის ციანიდი“- პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან ეს ნივთიერა ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.
  • გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას მოქალაქემ შეატყობინა ამის შესახებ. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.
  • 13 თებერვალს პროკურატურმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი