ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: შორენა თეთრუაშვილი რუხი კარდინალია

22 დეკემბერი, 2016 • 4527
მიტროპოლიტი პეტრე: შორენა თეთრუაშვილი რუხი კარდინალია

საპატრიარქოში სინოდის გეგმური სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე შესვლამდე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს „რუხ კარდინალობაში“ დასდო ბრალი.

„მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვანისგან განვასხვავოთ. მე რასაც ვადევნებ თვალყურს, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა გადატანილი ყურადღება. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა. ამ მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლება-მოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და არსებული წვრილმანი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ „აუცილებლად არის“.

„მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემისა და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, სამწუხაროდ, არსებობს,“- განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი განცხადებით, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი