საქარღცელოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის 9 თებერვლის სხდომაზე განახადა, რომ მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაწყებულ პროცესს.
“დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოს ჰყავდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი.
6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებას გააცნო გეგმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ. გეგმა 2018 წლამდე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, გარდა მოამბისა. ოპტიმიზაციის შედეგად კი იგეგმება არხის ტექნიკურ-ტექნოლოგიური და მატერიალური განახლება, ასევე არქივის გაციფრულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ბორდის ნაწილი არ ეთანხმება ამ ცვლილებებს.