ახალი ამბები

კობახიძე: ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში გამოცხადებაზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს

7 თებერვალი, 2017 • 3980
კობახიძე: ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში გამოცხადებაზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში გამოცხადების საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ენერგეტიკის მინისტრთან კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს და მეც გამოვთქვი მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებში ჩავერთო. ჩვენ პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობის სწორი პრაქტიკა უნდა ჩამოვაყალიბოთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მინისტრების საპარლამენტო დებატებში მონაწილეობის ყველა ცალკეულ მოთხოვნაზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის საფასურს ქვეყანა მიიღებს არა ნატურით, არამედ ფულადი ანაზღაურების სახით. უცნობია ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს. გაზპრომთან დადებული ახალი კონტრაქტის წინააღმდეგ პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება” 18 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.

30 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ   “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობები მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გასაჯაროვდეს და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს.

უფრო ვრცლად ამ საკითხების შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი