ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

17 იანვარი, 2017 • 4679
საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. საზოგადოების ყურადღება მხოლოდ “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობების შეცვლაზეა კონცენტრირებული, თუმცა სპეციალისტებისთვის უფრო მწვავე პრობლემა გაზის სფეროში დადებული კონტრაქტების გაუმჭვირვალობაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.

რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური ევროპის ქვეყნებს შორის “ერთ-ერთი ყველაზე მაღალი” იქნება, თუმცა არ ასახელებს საფასურის ოდენობას. კალაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ საქართველოს შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობაში სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ამ ინფორმაციას ავრცელებს “გაზპრომიც”.

ცნობილია ისიც, რომ 2017 წელს ანაზღაურება “ჰიბრიდულად” მოხდება – საქართველო “გაზპრომისგან” მიიღებს როგორც ფინანსურ ანაზღაურებას, ასევე ნედლეულს, 2018 წელს კი, “გაზპრომი”  საქართველოს ტრანზიტის ღირებულებას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი ხელშეკრულებით მდგომარეობა წინა პირობებთან შედარებით საგრძნობლად გაუარესებულია და ეს გაუარესება საგრძნობი 2018 წლის შემდეგ გახდება, როდესაც საქართველო მთლიანად გადავა ფულად ანაზღაურებაზე. სხვა დეტალები კი საზოგადოებისთვის უცნობია.

აქამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ იღებდა გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10%-ს, ანუ მეათედს გაზის იმ მთლიანი მოცულობიდან, რასაც რუსეთი სომხეთს მიაწვდიდა. ახალი ხელშეკრულებით კი დაწესდა ტრანზიტის ახალი საფასური, რომელიც, როგორც მინისტრისა და მისი მოადგილის განცხადებებიდან ვიცით, აღნიშნული 10%-ის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს.

ენერგეტიკის მინისტრს, საპარლამენტო უმცირესობასთან და სხვა პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებენ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებისაკენ, თუმცა, ჯერ უშედეგოდ.

გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში აქციები 2015 წელსაც გაიმართა. მაშინ საქართველო არ დათანხმდა "გაზპრომის" პირობებს 17/10/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში აქციები 2015 წელსაც გაიმართა. მაშინ საქართველო არ დათანხმდა “გაზპრომის” პირობებს. 17/10/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 18 იანვარს აპირებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადება წარადგინოს და შემდეგი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს:

  1. საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;    
  2. 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;
  3. 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაოაბზე გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი.

ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან არ გაკეთებულა სპეციალისტებისათვის დამაკმაყოფილებელი განმარტებები სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად:

  • რა შეიცვალა შარშანდელს შემდეგ, რის გამოც ქართული მხარე ახალ პირობებს დათანხმდა, მაშინ, როცა თამამად შეეძლო საკუთარი პირობების დაცვა, ვინაიდან რუსეთი მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას – სომხეთს გაზს სწორედ მხოლოდ საქართველოს გავლით აწვდის.
  • როგორ და ვინ დაადგინა ტრანზიტის საფასური, იყო თუ არა ის ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილი და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ?

    “კომერციული საიდუმლოება” და გამჭვირვალობის ნაკლებობა

მთავრობისა და “გაზპრომის” უპასუხობის მიზეზი “კომერციული საიდუმლოს” ცნებაა – თუკი მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების კონკრეტული დეტალები კომერციული საიდუმლოა, ეს დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი ვერ გახდება.

სწორედ აქ ხედავენ ექსპერტები პრობლემას – საქმე არ ეხება მხოლოდ “გაზპრომთან” ხელშეკრულებას, – საჯაროდ არც საქართველოს “სოკართან” დადებული ხელშეკრულების პირობებია ცნობილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-2 მუხლი განსაზღვრავს კომერციული საიდუმლოების ცნებას, როგორც ინფორმაციას კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად … ასევე, სხვა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი” ამბობს, რომ არ მიიღებს პრეტენზიას გამჭვირვალობის ხარისხთან დაკავშირებით, რადგან “სატრანზიტო მოლაპარაკებები არის ორმხრივი კომერციული მოლაპარაკებები და დახურულობის რეჟიმი თან ახლავს ყოველთვის”. მისივე თქმით, სამინისტრო დაინტერესებულია კომერციული საიდუმლოების გახსნით:

“ხელშეკრელება დახურულია, მაგრამ ბევრი დეტალი გავაჟღერეთ მაღალი ინტერესის გამო. 2019 წლისთვის ალტერნატივად განვიხილავთ ევროპული პრაქტიკის დანერგვას… 2019 წლისთვის ის რეფორმები, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის ფორმატში, მათ შორის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თანამდევია, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ბუნებრივია, ითვალისწინებს სატრანზიტო მომსახურების და ყველა იმ შეთანხმების ანალიზსა და გადახედვას იმ საერთაშორისო სტანდარეტებთან მორგების მიზნით, რომლის მხარესაც დღეს საქართველო არის”, – ამბობს ვალიშვილი.  

"გაზპრომის" ლოგო "ნეფლეგაზის" საერთაშორისო გამოფენაზე მოსკოვში. 18 აპრილი, 2016. ფოტო: EPA/SERGEI ILNITSKY

“გაზპრომის” ლოგო “ნეფლეგაზის” საერთაშორისო გამოფენაზე მოსკოვში. 18 აპრილი, 2016. ფოტო: EPA/SERGEI ILNITSKY

ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი და საბჭოს წევრი, მურმან მარგველაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კითხვებს აჩენს საქართველოსა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულების დეტალების “კომერციული საიდუმლოს” საბაბით დამალვა:

“მოლაპარაკებებს აწარმოებს სახელმწიფო სტრუქტურა [ენერგეტიკის სამინისტრო], რომელიც არ არის კომერციული ორგანიზაცია, “გაზპრომიც” არ არის მაიცდამაინც კომერციული ორგანიზაცია [რუსეთის სამთავრობო ორგანიზაციაა]. ამ ხელშეკრულების შედეგები კი ეხება მთელ საქართველოს. მეორე მხრივ, არა ვარ დარწმუნებული, რომ სხვა დაინტერესებული მხარეები [მაგალითად, სომხეთის მხარე ან “სოკარი”] ვერ გაიგებენ ხელშეკრულების დეტალებს თავიანთი არხებით. შესაბამისად, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დეტალები საიდუმლოდ რჩება მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის. აქ მყარი არგუმენტები იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს საიდუმლო, მით უმეტეს, კომერციული, არ მომისმენია”, – გვეუბნება მურმან მარგველაშვილი.

არა მხოლოდ “გაზპრომთან” არამედ, ზოგადად, გაზისა და მთლიანად ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მიერ ხელშეკრულებების დადების პირობები რომ ბუნდოვანია და ამ ბუნდოვანებას გამამართლებელი არგუმენტი არა აქვს, ამას ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, პრობლემაზე საუბრისას მთავარია არა ის, თუ რა ფასს შემოგვთავაზებს “გაზპრომი”, ან ჩვენ რა ფასს შევთავაზებთ, არამედ ის, თუ  როგორ დგინდება ეს ფასი:

“ფასის დადგენა უნდა მოხდეს თავისი წესით,  ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, თუ გვინდა, რომ შევასრულოთ თუნდაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნა”, – გვეუბნება მანანა ქოჩლაძე.

მანანა ქოჩლაძე - "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე

მანანა ქოჩლაძე – “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე

საუბარი შეეხება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, რომლის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ კიდევ მოხსენიებულია, როგორც ენერგოგაერთიანების კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლს. საქმე ისაა, რომ პროტოკოლზე ხელმოწერის შემდეგ დარჩენილია შიდა პროცედურა – ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.

საქართველოს პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია პროტოკოლის რატიფიცირება. ეს, როგორც ცნობილია, 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სწორედ ამ შიდა პროცესის დასრულების შემდეგ გახდება საქართველო ენერგოგაერთიანების უკვე სრულუფლებიანი წევრი.

პროტოკოლის დირექტივების თანახმად, საქართველომ 2020 წლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ამასთან, კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ენერგოგაერთიანების დირექტივებთან, რომლებიც შეეხება გაზისა და ელექტროენერგიის ფასების დადგენის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

ვისგან და რა ოდენობის გაზს იღებს საქართველო?

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა იზრდებოდა (იხ. ჩარტი).

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირს სამ ტიპად ყოფს, რაშიც 55-დან 198 აშშ დოლარამდე თანხას იხდის. ზუსტი თანხა, რაც სხვადასხვა ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, საიდუმლოა.

გაზი გადანაწილებულია ე.წ სოციალურ და კომერციულ გაზად. “სოციალურ გაზში” შედის საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა (საერთო მოხმარების დაახლოებით 28%), ასევე, თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირი (27%). ხოლო დანარჩენ გაზს კომერციული სექტორი მოიხმარს (43%) (მოცემულია საშუალო მონაცემები).


როგორც “ენერგეტიკის” სამინისტრომ 2016 წელს აცნობა “რესპუბლიკურ პარტიას”, რუსეთიდან სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის 10%, რაც საქართველოს რჩებოდა, საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის  8%-ს შეადგენდა:

მოწოდების გეოგრაფიის გათვალისწინებით, საქართველოს გაზმომარაგება (დაახლოებით 92%), 2016 წლის ჩათვლით, ხდებოდა აზერბაიჯანიდან ორი მილსადენის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 8% – რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, 2016 წელს იმ გაზის მოცულობა, რაც საქართველოს დარჩა გაზის რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის შედეგად, იყო დაახლოებით 180 მლნ კუბური მეტრი.

როდესაც საქართველოს დააკლდება გაზის ის რაოდენობა, რაც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტის შედეგად რჩებოდა, მოუწევს, იმავე რაოდენობის გაზი იყიდოს, რაც შეადგენს დაახლოებით 200 მლნ კუბურ მეტრ გაზს. თუმცა ვისგან და რა ფასად იყიდის ამას საქართველო, ჯერ უცნობია. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს არანაირი ვალდებულება არ აქვს, რომ რუსული გაზი მოიხმაროს.

“ეს ნიშნავს, რომ იმ ფინანსურ ანაზღაურებას, ჩვენ როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთ  – შეიძლება, ვიყიდოთ, ან არ ვიყიდოთ რუსული გაზი, ან ვიყიდოთ დამატებით სხვა წყაროდან, ამის შესაძლებლობაც არსებობს, თუ წინაპირობა კომერციული ამისი იქნება”, – ამბობს ვალიშვილი.

მონეტიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” დამფუძნებელი, მანანა ქოჩლაძე, ამბობს, იგი არ ემხრობოდა გაზის ბარტერული სახით მოწოდებას: “იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს [10%] მაინც ფასდებოდა გარკვეულწილად რაღაც ფასად. აი, მაგალითად, 2012 წელს ენერგეტიკის მინისტრმა ხეთაგურმა თქვა, რომ ეს გაზი, 10%, რომელიც მოგვეწოდება,  არის სოციალური გაზი, რომელსაც ძალიან იაფად, სადღაც 110-დან 143 დოლარამდე ვიღებთ. მაშინ, როდესაც იმავე გაზის ტრანზიტის საფასური სოკარისთვის არის 55 დოლარი. ეს გაურკვევლობები, — რომ ჩვენ  გაზის ხელშეკრულების არც ერთი ტექსტი არ ვიცით,  — ქმნის იმის საშიშროებას, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს თანხმდებიან რაღაცა გარკვეულ ფასზე, 10% იქნება თუ 15%, თავიანთ კოგნიტურ ინტერესებს იკმაყოფილებენ, რომელიც შეიძლება კორუფციულიც იყოს”, – გვეუბნება მანანა ქოჩლაძე და დასძენს:

“უფასო არ არსებობს არაფერი. ამ [10%] ფასში შედის როგორც გაზსადენის მომსახურება,  იგივე დისპეტჩერიზაცია,  ასევე, მისი შეკეთებისთვის საჭირო ფინანსები. შესაბამისად, როგორ ისახება ეს შემდეგ ხარჯთაღრიცხვაში, ჩვენ ეს არასოდეს ვიცით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ გადავიდა მოფლიოს პროგრესული ნაწილი მონეტიზაციაზე,  იმიტომ, რომ მონეტარიზაციის პროცესი და წესები, რომელიც არსებობს,  გარკვეულწილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს მეტი წესრიგი… ხოლო თუ გვინდა, კორუფცია როგორმე აღმოვფხვრათ, საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა გადავიდეთ”, – ამბობს ქოჩლაძე.

მონეტიზაცია რომ უფრო გამჭვირვალე პროცედურაა, ამას ეთანხმება ენერგეტიკის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი და საბჭოს წევრი, მურმან მარგველაშვილი, თუმცა ის სხვა გარემოებებზეც საუბრობს:

“ბარტერი [გაცვლა-გამოცვალა — განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გაცვლა შესაბამისი ღირებულების საქონელზე], რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა. თანხით ანაზღაურება არის ბუნებრივი, სწორი და გამართული პრაქტიკა. საქმე ისაა, რომ წინა ხელშეკრულებით, საქართველოს ჰქონდა უფრო მეტი სარგებელი და ეს სისტემა 2003 წლის შემდეგ მუშაობდა. ჩვენ ვიცით, რომ შარშანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ საკითხზე. ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხებს კითხვებზე: რა შეიცვალა შარშანდელს მერე? რატომ ვერ შევძელით იმავე პირობების შენარჩუნება? ან რა იყო ის პირობები, რომლის გამოც ეს არგუმენტი მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში? თუ ახლა ვერ შენარჩუნდა და ამას მკაფიო არგუმენტები ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ შარშან რაიმე სხვა დავთმეთ და იმიტომ შეგვინარჩუნდა ეს პირობები”? – ამბობს მარგველაშვილი.

გაზპრომი © РИА Новости, Алексей Куденко

გაზპრომის ოფისი. ფოტო © РИА Новости, Алексей Куденко

ექსპერტი გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კომპლექსურობას ურთიერთობის სხვადასხვა დონეზე:

“ჩვენთან რუსეთთან ურთიერთობა არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობა. კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთის ენერგეტიკული ურთიერთობები არის უმეტესად პოლიტიკური ურთიერთობები. ამასთანავე, რუსეთი არ არის ჩვენი, უბრალოდ, სხვა მეზობელი. ისაა სახელმწიფო, რომელმაც დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ა.შ”, – ამბობს მარგველაშვილი.

მურმან მარგვალაშვილი რუსეთის მიერ საქართველოზე ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტზეც ამახვილებს ყურადღებას:

“მაგალითად, ელექტროენერგიის იმპორტით ჩვენ ვართ დამოკიდებული ზამთრის ელექტროენერგიის იმპორტზე. დამოკიდებული იმაზე, ენგურზე ხომ არ წარმოიშვება რაიმე პრობლემა, — იმიტომ, რომ ენგურს ვერ გავაკონტროლებთ, — თუკი იქ მოინდომა რუსეთმა. ჩვენ ვართ სამხედრო ინტერვენციის საფრთხის წინაშე, ეკონომიკური დივერსიის წინაშე, სავაჭრო ემბარგოც შესაძლოა. აქაც კი შესაძლებლობა აქვს რუსეთს, ჩვენზე იმოქმედოს, ან დაგვემუქროს მოქმედებით”, – ამბობს იგი. ამ ყველაფრის ფონზე კი მარგველაშვილი გვეუბნება, რომ ასეთ სიტუაციაში რუსეთთან გაზის სფეროში ურთიერთობა ვერ იქნება საერთო პოლიტიკისგან იზოლირებული”, – გვეუბნება მურმან მარგველაშვილი.


“გაზპრომი” 2015 წლის ბოლოსაც ცდილობდა, რომ საქართველოსთან ხელშეკრულების პირობები შეეცვალა და მონეტიზაციაზე გადასულიყო, თუმცა ქართული მხარის წინააღმდეგობის (და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის) შემდეგ, ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა. საქართველოს  მიერ “გაზპრომთან” დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან 10 იანვარს მინსკში გამართა. შეხვედრიდან საქართველოში დაბრუნებულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი