კალაძე: “გაზპრომთან” ხელშეკრულების დეტალები ორმხრივი შეთანხმებით შეიძლება გასაჯაროვდეს

კახა კალაძე აცხადებს, რომ “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობები მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გასაჯაროვდეს და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს.

“ხელშეკრულება ხელმოწერილია, შეთანხმება მიღწეულია. გასაჯაროებას რაც შეეხება, — ეს კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხირივ შეთანხმების საფუძველზე. როგორც გითხარით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვნახოთ, რა შედეგი იქნება”, – თქვა კახა კალაძემ 30 იანვარს, სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებთან  საუბრისას.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, არასწორია, როდესაც გაზის სფეროში სხვადასხვა ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას ითხოვენ:

“ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, უნდა იყოს გასაჯაროებული “სოკარის” ხელშეკრულება, “შაჰ-დენიზის” ხელშეკრულება. მე მგონია, რომ ეს არასწორია, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოებები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, არ აპირებს, პარლამენტში უმცირესობის მოთხოვნის პასუხად მივიდეს: “ყველა კითხვაზე, რაც “გაზპრომთან” დაკავშირებით არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული, ამომწურავი ინფორმაციაა მიწოდებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რაც აინტერესებდა. პოლიტიკურ სპეკულაციებში და შოუებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.


“გაზპრომი” 2015 წლის ბოლოსაც ცდილობდა, რომ საქართველოსთან ხელშეკრულების პირობები შეეცვალა და მონეტიზაციაზე გადასულიყო, თუმცა ქართული მხარის წინააღმდეგობის (და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის) შემდეგ, ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა. საქართველოს  მიერ “გაზპრომთან” დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან 10 იანვარს მინსკში გამართა. შეხვედრიდან საქართველოში დაბრუნებულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

უფრო ვრცლად ამ საკითხების შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com