ახალი ამბები

‘ნაციონალურ მოძრაობას’ იმედი აქვს, რომ ‘ოცნება’ შეცდომებს დაუშვებს

24 ოქტომბერი, 2012 • 1178
‘ნაციონალურ მოძრაობას’ იმედი აქვს, რომ ‘ოცნება’ შეცდომებს დაუშვებს

ბატონო არჩილ, კითხვა როგორ იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი, აქტუალურია საზოგადოებისთვის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მისი როლი მომავალ პოლიტიკურ პროცესებში?

 

მიხეილ სააკაშვილის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით მთავრდება. თუმცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მოწოდებით პოლიტიკოსია, აქვს პოლიტიკური აქტივობის ენერგია  და ისეთი თვისებები, რომელიც მას საკმაოდ კონკურენტუნარიანს ხდის გარკვეულ ვითარებაში. მეორე ფაქტორი არის ის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საქართველო გადადის საპარლამენტო მოდელზე, სადაც პრემიერ-მინისტრს  განუსაზღვრელი დროით შეუძლია პოსტის დაჭერა. თუკი “ქართულ ოცნებას” ოთხი წლის შემდეგ არ ჩაენაცვლება სხვა პოლიტიკური ძალა, მას აქვს შანსი, რომ მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოევლინოს.

 

 

დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს ხელახალი არჩევნები. ადგილობრივ თვითმმართველობაში პრეზიდენტს ჰყავს აბსოლუტური უმრავლესობა, ნაციონალური მოძრაობის” წევრები რჩებიან გამგებლების თანამდებობებზე. როგორ ფიქრობთ,  სააკაშვილამ შანსის გამოიყენებს?

 

მართალია, რომ არსებული სამართლებრივი ვითარება, რომელიც დღეს ერთგვარად პარადოქსულია, იძლევა იმის საშუალებას, რომ სადღაც 20-23 მაისისთვის  სააკაშვილმა დაითხოვოს პარლამენტი. მაგრამ, პოლიტიკური მოზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას ეს არ უნდა უღირდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შანსი ამ დროისთვის არათუ მოიმატებს, პირიქით,  მოიკლებს. გარდა ამისა, ამ დროისთვის მათ ხელში აღარ იქნება ის ადმინისტრაციული რესურსი, რამაც ამ საარჩევნოდ მათი 40-პროცენტიანი გამარჯვება უზრუნველყო. ვფიქრობ, ეს გაცნობიერებული აქვს სააკაშვილს.

 

 

გუბერნატორებისა და მერების სასწრაფო წესით დანიშვნა, კომუნიკაციების სამსახურის გადაყვანა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, დიპლომატიური პასპორტების გაგრძელების მოთხოვნა, ხელფასების ზრდა თვითმმართველობებში, ეს ყველაფერი მიმართულია ამ ერთი საპრეზიდენტო წლის შენარჩუნებისკენ, თუ  რაიმე სხვა მიზნისათვის?

 

 

 

ახლა უფრო მეტი აქცენტი კეთდება საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვიდრე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ვფიქრობ „ნაცმოძრაობის“ უახლოესი ტაქტიკური მიზანია თავისი კანდიდატურის გაყვანა პრეზიდენტად. მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნა არ აწყობს, ეს შელახავს მის საერთაშორისო პრესტიჟს, რადგან სააკაშვილი ჯერ კიდევ რაღაცნაირად პოზიტიურად წარმოჩინდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ღირსეულ პოლიტიკურ ძალად, რომელმაც აღიარა თავისი დამარცხება და ეს იმდენად მოწონებულ იქნა დასავლეთში, რომ ყველას გადაავიწყდა ციხეების ამბავი. თუკი რამე ხარვეზი ჰქონდა ამ წარმავალ მთავრობას, რაღაცნაირად მიჩქმალულია ამ ფონზე. არის ჩანაფიქრი, რომ ის დარჩეს დასავლელი პოლიტიკოსების წარმოსახვაში, როგორც პროდასავლელი პოლიტიკური ძალა.

 

 

პირველი ჭიდილი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ შემდეგ იქნება მუნიციპალური არჩევნები და შემდეგ ისევ საპარლამენტო. მას უნდა, მუდმივად ჩანდეს პროდასავლურ ძალად დღევანდელი გამარჯვებული ძალის გაურკვეველი ორიენტაციის, პრინციპებისა და ფასეულობების ფონზე. „ნაცმოძრაობის“ მომავალთან სააკაშვილი თავის მომავალსაც აიგივებს, რადგან მისი კვლავ გამარჯვების შემთხვევაში მას აქვს  თეორიული შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს.

 

 

ტელეკომპანიების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ყოველთვის სააკაშვილის გავლენის ქვეშ მოიაზრებოდნენ, კვლავ რჩება მის ხელში. ეს ყველაფერი მხოლოდ ამ გეგმის ნაწილია? 

 

 

კი, ამის ნაწილია. სააკაშვილის მომავლის უზრუნველყოფისთვის კეთდება ეს ყველაფერი. მას ფარ–ხმალი არ დაუყრია, პატიოსნად თუ არა, მაინც საკმაოდ მსუყედ არის „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში წარმოდგენილი და პოლიტიკური რევანშისთვის მზად არიან ფსიქოლოგიურად.

 

 

როგორ ფიქრობთ, არჩევნების შედეგების აღიარება იყო დასავლეთის ზეწოლის შედეგი?

 

 

შეიძლება ასეც იყო, თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილმა გათვალა, რომ მასშტაბურ ფალსიფიკაციაზე წასვლა აღარ ღირდა. ეს დასავლეთის თვალში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.  ამით კი მისი პოლიტიკური მომავალიც დაზარალდებოდა. ახლა ამ პოზიტიურ აღქმაზე აგებს სწორედ თავის მომავალ პოლიტიკურ სტრატეგიას. და იმის იმედით, რომ „ქართული ოცნება“ დროთა განმავლობაში ვერ შეძლებს დანაპირების შესრულებას, გარკვეულ შეცდომებს დაუშვებს და მომავალ პოლიტიკურ ბატალიებს უფრო მომძლავრებული შეხვდება.

 

 

თქვენ თქვით, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესმა დასავლეთს დაავიწყა ციხეების ამბავი, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ხომ არ დავიწყებია. არსებობს ბევრი მტკივნეული და გამოუძიებელი საქმეები, თუკი ამ ფაქტების ძიება დაიწყება და გამოიკვეთება სააკაშვილის თუნდაც არაპირდაპირი დანაშაული, მაინც დარჩება მას პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების შანსი?

 

 

საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხს ეკუთვნის. მთავარია, ის რას ფიქრობს კონკურენტ პოლიტიკურ ძალებზე, ჩვენს სინამდვილეში გადამწყვეტი არა, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სიმპათიებსაც. თანაბარ პირობებში ეს დამატებითი ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თორემ ხალხს, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია წყენა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ იმედი აქვს, რომ „ოცნება“ შეცდომებს დაუშვებს და ეს იმედგაცრუება მათ სასიკეთოდ შემობრუნდება.

 

 

ისმის სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხიც, რამდენად რეალურია ეს?

 

 

არა მგონია, ეს რეალური იყოს. აქ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს დასკვნებიცაა საჭირო, რაზეც ისინი, ვფიქრობ, არ წავლენ. არც დასავლეთი შეხვდება ამას დიდი ენთუზიაზმით. როცა ივანიშვილმა თქვა, ველოდები, რომ სააკაშვილი გადადგებაო, ძალიან ცუდად გაიჟღერა დასავლეთში ამ ფრაზამ. ვფიქრობ, ამ ფონზე ქირურგიული ჩარევა მათ არ მოეწონებათ.  

 

თქვენი აზრით,  სააკაშვილი  აქტიურ პოლიტიკაში შეეცდება კარიერის გაგრძელებას, თუ სამოქალაქო ან  საგანმანათლებლო სექტორში?

 

 

მას უფრო პიროვნული მომავლის შენარჩუნება სურს და კოლუმბიის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა მისი საქმე არ არის. ის ჩასაფრებულის პოზიციიდან ეცდება, რომ პოლიტიკური მომავალი დაიბრუნოს.  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი