ახალი ამბები

მარცხის მიუხედავად, ბეჟაშვილი პარლამენტის წევრი მაინც გახდა [VIDEO]

15 ოქტომბერი, 2012 • 2222
მარცხის მიუხედავად, ბეჟაშვილი პარლამენტის წევრი მაინც გახდა [VIDEO]

“დღეს ვანახებთ ყველას, როგორი გაბრაზება ვიცით ქიზიყელებმა”, – აცხადებდნენ სიღნაღის #5 საარჩევნო უბნის ეზოში შეკრებილი ადამიანები, სადაც 14 ოქტომბერს განმეორებითი აჩევნები ჩატარდა, გაბრაზების ჩვენება კი “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემაში გამოიხატებოდა.

 

სიღნაღის #5 საარჩევნო უბანზე და უბნის ეზოში დილიდანვე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. უბანი დამკვირვებლებით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებით იყო სავსე, ეზო კი– ხალხით.

 

როგორც ეზოში შეკრებილები აცხადებდნენ, ისინი უბანზე საკუთარი ხმების დასაცავად მივიდნენ, რადგან ის, რაც 1 ოქტომბერს მოხდა, მათი თქმით, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იყო.

 

საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, დაძაბულობა უბანზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. მცირედი ინციდენტიც კი გარჩევის საგანი ხდებოდა, რამაც რამდენჯერმე საარჩევნო პროცესი შეაფერხა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ როგორც ხალხს, ასევე – ჟურნალისტებს. ისინი პერიოდულად ამოწმებდნენ ჟურნალისტების კამერებს, რომლებიც საარჩევნო უბანზე იყო დამონტაჟებული, მოწმდებოდა – ჩანდა თუ არა კამერიდან მხოლოდ ყუთი, კამერა არც ერთი სანტიმეტრით არ უნდა განძრეულიყო.

 

ჯერ კიდევ უბნის გახსნამდე მცირე ინციდენტი მოხდა, როდესაც ერთ–ერთმა დამკვირვებელმა გაურკვეველი წარმოშობის სია აღმოაჩინა. ერთ–ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც ინციდენტის გადაღება სურდა, ცესკოს წარმომადგენლისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო:

 

“კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ კამერა მიაბრუნეთ და მაშინვე დატოვებთ უბანს”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.

 

სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ სავარაუდოდ ხალხის აქტივობა 1 ოქტომბერთან შედარებით მცირე უნდა ყოფილიყო:

 

“დღეს ბოდბისხევში ბაზარი იმართება და სოფლიდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული, ამიტომ არჩევნებზე, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლები ხალხი მოვა, ვიდრე  1 ოქტომბერს”, – აცხადებდა მამუკა კორაშვილი. მიუხედავად ამისა, სიღნაღში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა: ხმა უბანზე რეგისტრირებული 893 ამომრჩევლიდან 623–მა მისცა, 7 ამომრჩევლით ნაკლებმა, ვიდრე  1 ოქტომბრის არჩევნებზე.

 

1 ოქტომბრის არჩევნებზე სიღნაღის სოფელ ვაქირის მოსახლეობის ნაწილი, სადაც #5 უბანი მდებარეობს, გადასატანი ყუთით სარგებლობდა. განმეორებითი არჩევნების მოულოდნელად დანიშვნის გამო მათ გადასატან ყუთზე განცხადების შეტანა ვერ მოასწრეს, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლი,ა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

 

სოფელში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანები შვილებსა და შვილიშვილებს ხელში აყვანილი, ან სკამზე დასმული მოჰყავდათ და ისინი საკუთარ არჩევანს მაინც აფიქსირებდნენ.

 

არჩევნების მსვლელობისას სკოლის ეზოში შეკრებილი მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა არც შეძახილები, არც რაიმე ქმედება, რაც არჩევნებს ხელს შეუშლიდა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სკოლის ეზოს დატოვება მოთხოვეს.

 

როგორც ერთ–ერთი დამკვირვებელი ლია ხატიაშვილი აცხადებს, თავდაპირველად ეს წინადადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა წამოაყენა. მოგვიანებით საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ხალხს ეზოს დატოვება მოსთხოვა:

 

“ჩვენი მოთხოვნით ამომრჩევლებმა ეზო დატოვეს, რომ არ ყოფილიყო ქაოსი, ეს იყო ოლქის და უბნის საერთო გადაწყვეტილება”, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კორაშვილმა.

 

ხალხი ამის შემდეგ არ დაშლილა, მათ ეზოს გარეთ გადაინაცვლეს.

 

დილიდან ეზოს გარეთ იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები გელა გელაშვილი და ლევან ბეჟაშვილიც. მოგვიანებით მათ საკუთარი თანაგუნდელებიც შეუერთდნენ.

 

გელა გელაშვილის მხადასაჭერად ვაქირში ზვიად ზვიადაური და დავით ქევხიშვილი ჩავიდნენ, ხოლო ლევან ბეჟაშვილის მხარდასაჭერად –კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით საყვარელიძე.

 

კენჭისყრის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. როგორც აღმოჩნდა, ერთ–ერთი დამკვირვებელი 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ამავე უბანზე კომისიის წევრი იყო, ახლა კი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარის იზოლდა ბუღათრიშვილის გადაწყვეტილებით, მან უბანი დატოვა.

 

კენჭისყრა #5 უბანზე ზუსტად 8 საათზე შეწყდა, ხმების დათვლამდე ჩაიკეტა როგორც უბნის, ასევე იმ სკოლის კარი, სადაც უბანია განთავსებული.

 

ამ დროისთვის სკოლის გარშემო შეკრებილმა მოსახლეობამ კვლავ ეზოში გადაინაცვლა, მათ შორის იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი გელა გელაშვილიც. რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, მან ამ დროისთვის უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

 

 

ხმის დათვლის პროცესში ეზოში შეკრებილი მოსახლეობის მხრიდან ისმოდა შეძახილები “სიმართლე”, “სიმართლე”. ხმების დათვლას ცესკოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცესკოს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილიც ესწრებოდა, თუმცა დათვლის პროცესს ის ბოლომდე არ დასწრებია და ოთახი ხმების დათვლის დაწყებიდან ცოტა ხანში დატოვა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დაწყებამდე საკუთარ შანსებზე საუბარი არც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა არ ისურვა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გამარჯვებას მომზადებულები შეხვდნენ. ხმის დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე მათ ეზოში ფოიერვერკები გაუშვეს.

 

 

კენჭისყრის შედეგად ლევან ბეჟაშვილმა 86 ხმა, ხოლო გელა გელაშვილმა 527 ხმა მიიღო, სხვა პარტიების წარმომადგენელ მაჟორიტარობის კანდიდატებს ხმები არ მიუღიათ. 10 ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

 

1 ოქტომბრის არჩევნების მიხედვით, შედეგები შემდეგნაირი იყო: ლევან ბეჟაშვილი – 207 ხმა, გელა გელაშვილი – 377 ხმა. ოქმის ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ასლი, რომელზეც სწორედ ეს შედეგები ეწერა, მაშინ ყველა დამკვირვებელმა მიიღო, თუმცა მოგვიანებით ოქმის კიდევ ერთი ვარიანტი გამოჩნდა, რომელზეც სრულიად სხვა შედეგები იყო დატანილი და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 436, ხოლო გელა გელაშვილს 146 ხმა ჰქონდა მიღებული. უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი:

 

“მე მაშინ საოლქოში ვიყავი, ჩვენმა დამკვირვებელმა ამ უბიდან ოქმი მომიტანა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ოქმსა და საოლქოს ოქმს შორის დიდი სხვაობა იყო”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა ლიანა ხატიაშვილმა.

 

იმ კომისიის წევრების განცხადებით, ვინც უბანზე 1 ოქტომბერს მუშაობდა, უბნიდან წამოღების შემდეგ მათ ოქმის დახევა სთხოვეს, შემდეგ კი ახალი ოქმი შედგა, რომელიც ბათილადაა ცნობილი. მას კომისიის ხუთი წევრის ხელმოწერა არ აქვს, ხოლო რამდენიმე ხელმოწერა გაყალბებულია. ფაქტი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებას არავინ უარყოფს, დღემდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა:

 

 “მათი დასჯა ის იყო, რომ უნდობლობა გამოუცხადა ცესკომ და დღეს არჩევნებს ისინი აღარ ატარებენ, კონკრეტულად არავინ დასჯილა და არ დაჯარიმებულა, ეს არის ყველას პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა სიღნაღის #13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კორაშვილმა.

 

განმეორებითი არჩევნების შედეგად, მაჟორიტარული არჩევნები კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა მოიგო. მას 10 192 (49.1%) ხმა აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარს – 9 774 (47%) ხმა. ამის მიუხედავად, ლევან ბეჟაშვილი, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის #22, საქართველოს პარლამენტის წევრი მაინც გახდება.

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი