ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გაზრდაზე

16 დეკემბერი, 2016 • 6584
შს მინისტრის მოადგილე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გაზრდაზე

“[დანშაულის] მაჩვენებელი გაზრდილია თუ არა,  საანგარიშო წლის ბოლოს ამას ობიექტურად დაითვლის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი და ეს იქნება ხელმისაწვდომი”, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გააკეთა დღეს, 16 დეკემბერს, შსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ.

“ნეტგაზეთმა” შსს–დან 24 ნოემბერს გამოითხოვა 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკა. სამინისტროდან  15 დეკემბერს მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 4183 შემთხვევითაა გაზრდილი. იმას, რომ 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია, ადასტურებს საქსტატის მიერ კვარტალურად გამოქვეყნებული ანგარიშიც.

შალვა ხუციშვილის თქმით, ახლა ვერ ვისაუბრებთ იმის შესახებ, იმატა თუ არა დანაშაულის რაოდენობამ 2016 წელს 2015-თან შედარებით:

“ნებისმიერი საერთაშორისო სტანდარტით ამა თუ იმ წლის სტატისტიკა წლის დასრულების შემდეგ, მაგალითად,  ნოემბრის თვეში შეიძლება გაზრდილია [2015 წლის ნოემბერთან შედარებით] ან შემცირებულია, ეგ არ ვიცი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს-მეთქი, ვერ გეტყვით. გაზრდსაც და შემცირებასაც აქვს თავისი ახსნა და ტენდენციები. მთავარი ის კი არ არის, რომ, ვთქვათ, 3%-ით გაიზარდა რაღაც, ან შემცირდა, მთავარი არის ის, ამ გაზრდასა და შემცირებას რა ტენდენცია ახასაითებს?   მანიპულაციები გამორიცულია. თუ აღმოჩდნება, რომ გაზრდილია [სტატისტიკა], [საინტერესოა] რის ხარჯზე მოხდა ეს? მარტო გაზრდა ხომ არ არის?! მაგალითად, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მომართვიანობა 10-ჯერაა გაზრდილი, შესაბამისად,  იზრდება დანაშუალის რეგისტრაციაც, შეიძლება მის ხარჯზე, შეიძლება ქურდობის ან ყაჩაღობის ხარჯზე გაიზარდა. ამას როდესაც შევაჯამებთ და ვნახავთ, თქვენ თვითონ გექნებათ შესაძლებლობა. ეს იქნება ღია ციფრები”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის იანვრის მაჩვენებლების შემდეგ დანაშაულის სტატისტიკა პროაქტიულად აღარ გამოუქვეყნებია. შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ისინი სტატისტიკას საქსტატს უგზავნიან, რომელიც სრულ მონაცემებს კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ხუციშვილის თქმით, თუ არსებობს შესაბამისი საზოგადოებირვი დაკვეთა, შსს მზად არის, რომ თავის ვებგვერდზე ყოველთვიურ რეჟიმში აღადგინოს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა ისე, როგორც ამას 2015 წელს აკეთებდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეწყვიტა უწყებამ ეს პრაქტიკა, ხუციშვილი ამბობს, რომ ეს ევროპული გამოციდლების გათვალისწინებით მოხდა. მისი თქმით, სტატისტიკას უფრო მეტი სანდოობა აქვს, როცა მას არა შსს, არამედ სხვა ორგანო აქვეყნებს.

“ჩვენ გავარკვევთ, ვუგზავნით თუ არა საქსტატს,  ქვეყნდება თუ არა,  ეს საკითხი იქნება ამოწურული”, – თქვა შალვა ხუციშვილმა.

ნეტგაზეთის მიერ შსს-დან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის პირველ 10 თვეში შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი: კერძოდ, თუკი 2015 წლის  10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი იყო 58%, 2016 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 39%–ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი