ახალი ამბებისამართალი

2016 წელს დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი შემცირდა

15 დეკემბერი, 2016 • 2544
2016 წელს დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი შემცირდა

“ნეტგაზეთმა” შსს–დან 24 ნოემბერს გამოითხოვა 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკა. სამინისტროდან დღეს, 15 დეკემბერს, მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 4183 შემთხვევითაა გაზრდილი.

ამავდროულად, შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი: კერძოდ, თუკი 2015 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი იყო 58%, 2016 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 39%–ია.

შსს–დან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 2016 წელს ყოველთვიურად 3000 შემთხვევას აჭარბებს და მაქსიმალური რაოდენობით მარტში დაფიქსირდა, როცა 3652 დანაშაული იქნა რეგისტრირებული. დანაშაულის გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ოქტომბერში დაფიქსირდა – 947 შემთხვევა.

დანაშაულის სტატისტიკა
შსს–ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს 2015 წელს ცალკეული თვეების მიხედვით ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა. მართალია, გამოტოვებულია ივნისის თვის მაჩვენებელი, მაგრამ ვებ–გვერდზე განთავსებულია 2015 წლის იანვარი–თებერვლის ჯამური მაჩვენებელი რეგისტრირებული დანაშაულებისა, რაც შეადგენს 29 500 დანაშაულს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის იანვრის მაჩვენებლების შემდეგ დანაშაულის სტატისტიკა აღარ გამოუქვეყნებია. ნეტგაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ–ოქტომბერში რეგისტრირებულია 33 683 დანაშაული და გახსნილია მხოლოდ 13 203.

მასალების გადაბეჭდვის წესი