17 მაისს ლგბტ აქტივისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე ევროსასამართლოს მიმართეს

დღეს, 6 დეკემბერს, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლგბტ აქტივისტის სახელით 2016 წლის 17 მაისს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.

“განაცხადში EMC დავობს სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (აიდაჰო) აღნიშვნის მიზნით ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) შეზღუდვასა და 17 მაისს ალტერნატიული პროტესტის ფორმების გამოყენების დროს, პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების გაუმართლებელი და უკანონო დაკავების დროს და მას შემდეგ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების და მათთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე. საქმეს EMC მის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს,” – ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) სავარაუდო დარღვევის კონტექსტში განმცხადებლები ამტკიცებენ სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც, მათ შორის, გამოიხატა სახელმწიფოს მიერ ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის აქციის ჩატარებისთვის არაადეკვატური ალტერნატიული სივრცეების შეთავაზებაში, აქტივისტებთან შეკრების სივრცის შერჩევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასა და უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების თაობაზე დაპირების არმიცემაზე.

EMC-ის განცხადებით, ლგბტ აქტივისტებმა 2016 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საჯარო ღონისძიების შესახებ შესაბამის სახელმწიფოს უწყებებს თითქმის ერთი თვით ადრე მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) უსაფრთხოების დაცვის ეფექტური გარანტიების მიცემა მოსთხოვეს

“თუმცა 2016 წლის 4 მაისს შეკრების ორგანიზატორებთან გამართულ შეხვედრაზე შსს-მ მოსალოდნელი მაღალი ძალადობრივი რისკების გამო სრულიად გამორიცხა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე პუშკინის სკვერში შეკრების ჩატარების შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, რომ პუშკინის სკვერში სხვა შეკრებები არ იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ კლერიკალურ და ანტიგენდერულ ჯგუფებს მანამდე უკვე ჰქონდათ წარდგენილი გაფრთხილება ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე და ასევე მრგვალ ბაღთან (სადაც 2015 წელს ლგბტ სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიციის მხრიდან მკაცრად კონტროლირებული მცირე შეკრება ჩატარდა) შეკრების ჩატარების თაობაზე.”

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აიდაჰო შეკრების ორგანიზატორებმა, პუშკინის სკვერში შეკრების გამართვასთან დაკავშირებით 2016 წლის 5 მაისს მათ მიერ გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაზე თბილისის მერიიდან პასუხი მხოლოდ 23 მაისს მიიღეს, რომელშიც მერია თემს ალტერნატიული ადგილის შერჩევას და ახალი ლოკაციის შეტყობინებას სთხოვდა.

“2012 და 2013 წლებში აიდაჰო აქციების ძალადობრივი დარბევების, ასევე შემდგომ წლებში სახელმწიფოს აშკარად არაეფექტიანი პოლიტიკის გამო საჯარო სივრცეებიდან ლგბტ თემის განდევნისა და შეკრების თავისუფლების სარგებლობის აბსოლუტური შეუძლებლობის პირობებში, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობამ 2017 წელს ასევე ვერ უზრუნველყო აიდაჰო დღეს ლგბტ პირების შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და ის ლგბტ თემის მიმართ აგრძელებს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც არსებითად კლერიკალური და ანტიგენდერული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფებისა და მათ მიერ წარმოებული თანასწორობის საწინააღმდეგო დისკურსის მიმართ სახელმწიფოს ლოიალობით არის განპირობებული. ამ პირობებში, განმცხადებლები კონვენციის მე-11 მუხლთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე დავობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული კონვენციის სხვა მუხლების, კერძოდ კი, მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) და მათთან კავშირში ასევე მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებლები 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების დახატვის გამო 6 ლგბტ აქტივისტის დაკავებისა და დაკავების შემდგომ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე დავობენ:

“კერძოდ, განმცხადებლები უთითებენ, რომ მიუხედავად იმისა,  მათი დაკავება მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე) განხორციელდა, რაც მხოლოდ 50 ლარის ჯარიმის სახით სანქციას ითვალისწინებს, მათი 12-საათიანი დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა და მათი არაფორმალური დასჯის ფორმას წარმოადგენდა. აქტივისტების დაკავება კანონის მოთხოვნების დარღვევით და აგრესიული ფორმებით განხორციელდა ყოველგვარი განმარტების გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების მიერ.”

EMC-ის განცხადებით, აქტივისტებმა დაკავებამდე ვერ მოახდინეს პოლიციელების იდენტიფიცირება, რაც მათ შორის დადასტურდა ეროვნული სასამართლოების მიერ.

“ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და გაფრთხილების გარეშე, გამოკიდების და დადევნების გამო, ისინი რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების თავდასხმად აღიქვეს, რამაც შიშის, დაუცველობისა და სტრესის მდგომარეობაში ჩააგდო. განმცხადებლები უთითებენ, რომ როგორც კი მათ მოახდინეს დამკავებელი პირების პოლიციელებად აღქმა, მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა, სამართალდარღვევის ოქმები ადგილზე შეევსო და არ დაკეავებინა ისინი. განმცხადებლები ასევე უთითებენ პოლიციელების მიერ პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში ტრანსპორტირების დროს უხეში და ღია ჰომოფობიური ენის გამოყენების ფაქტებზეც. ცხადია, პოლიციის მიერ ლგბტ თემის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც განმცხადებლების იდენტობით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებსა და მუქარაში გამოიხატა, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებდა და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებდა. განაცხადში მომჩივანი ასევე ამტკიცებს, რომ მათი უკანონო დაკავების ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება არც შსს-ს გენერალური ინსპექციასა და არც პროკურატურას არ მოუხდენია,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” აღნიშნავს, რომ დაკავებულებს არც ერთ ეტაპზე არ განემარტათ უფლებები და არ მიეცათ ადვოკატთან და ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის დროს განხორციელდა ერთ-ერთი აქტივისტის მეუღლის დაკავება იმ პირობებში, როცა ის საერთოდ არ მონაწილეობდა სტენსილების მომზადებაში, საპატრიარქოსთან მოშორებით მისივე მანქანაში იჯდა და მეუღლეს ელოდებოდა. EMC-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავების შემდეგ განყოფილებაში მისივე მანქანით გადაიყვანა.

“თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების არსებითი მოთხოვნის და პროცედურული ვალდებულებების გარდა, განაცხადში სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პირების 12-საათიანი დაკავების კანონიერების შემოწმების მექანიზმის არარსებობის ინსტიტუციური ხარვეზი, რომელიც კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაკავების კანონიერების ავტომატური სასამართლო ზედამხედველობის გარანტიის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.

განაცხადში EMC უთითებს ლგბტ თემის უფლებების დარღვევის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებაზე, რომელიც განსაკუთრებით 2012-2013 წლებში გამოიკვეთა და უსაფრთხოების გარანტიების გამო შემდგომში თემის საჯარო შეკრების უფლების სრული გაუქმება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვლიებს იმაზეც, რომ 2013 წლის 17 მაისის ვრცლად დოკუმენტირებული თავდასხმების მიუხედავად, სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრა არც ერთ ბრალდებულს და მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა დაასახელა:

“სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით უმოქმედო და არაეფექტური პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ თემის უფლების დარღვევის ფაქტების შეწყნარების პოლიტიკაზე უთითებს. ძალადობის შეწყნარების პოლიტიკით და საჯარო შეკრების უფლების ფაქტობრივი გაუქმებით სახელმწიფომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზებულ ჯგუფებს საჯარო სივრცის პრივატიზების საშუალება მისცა და მათ ჰომოფობიური მესიჯების გავრცელებისთვის ისეთი სივრცე შეუქმნა, სადაც ალტერნატიული, ანტიჰომოფობიური აზრის გაჟღერება მოსალოდნელი ძალადობის შიშით წინასწარ შეზღუდულია.”

EMC განაცხადში ასევე მიმოიხილავს ბოლო დროს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორებისა (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის,ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ “ჰიუმან რაითს ვოთჩის”) და  საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებებს. შესაბამისად, როგორც EMC–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვის პროცესში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.