ახალი ამბები

რამსფელდი: საქართველომ MAP გაჭიანურების გარეშე უნდა მიიღოს

23 ნოემბერი, 2016 • 1246
რამსფელდი: საქართველომ MAP გაჭიანურების გარეშე უნდა მიიღოს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი “Wall Street Journal”-ში საქართველოს შესახებ თვალსაზრისს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ის ბარიერები, რომლებიც საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებობს, უნდა მოიხსნას და საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა გაჭიანურების გარეშე უნდა მიიღოს.

“ქართველებმა ამის საფასური გადაიხადეს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ და ნატოს სხვა ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იდგნენ ერაყსა და ავღანეთში,” – წერს რამსფელდი.

რამსფელდი ასევე წერს, რომ საქართველოს კონტრიბუცია ჯარისკაცების რაოდენობით უფრო მეტია, ვიდრე ნატოს სხვა ქვეყნებისა (ამერიკის გარდა), მათ შორის იმ ქვეყნებისაც, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დიდად არ ემხრობიან. გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონია, ნატოს მისიაში ავღანეთში 55 ჯარისკაცი დაკარგა, როცა საქართველომ 4.9 მილიონი მოსახლეობით- 32 ჯარისკაცი.

რამსფელდი საუბრობს იმის შესახებაც, რომ ნატოს ყოფნა საქართველოში გაიზარდა. მაგალითად, საქართველოში გაიხსნა ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერს იმ გართულებების შესახებაც, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთისგან შეიძლება ველოდოთ:

“რუსეთის შესაძლო რეაქციის გამო ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფვა უნდა გადაიდოს. რეალურად კი ახლაა მოქმედების დრო. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესი რუსეთის უკმაყოფილების მძევალი არ უნდა გახდეს. დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიაროს საქართველოს მნიშვნელობა და რეგიონში დაგეგმვისა და სტრატეგიის აქტიურ მონაწილედ აქციოს”.

მისივე თქმით, ამერიკამ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში, სადაც საქართველომ და კავკასიამ ცენტრალური როლი უნდა ითამაშოს.

“ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ამერიკამ უნდა გააღრმაოს საქართველოს ჩართულობა, არა როგორც ქველმოქმედების აქტი, არამედ როგორც ამერიკის სასიცოცხლო ინტერესი. ქართველმა ხალხმა აჩვენა კარგი მმართველობის, ძლიერი დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ერთგულების მაგალითი. საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ჩვენ გვჭირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი