ახალი ამბები

საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს – დეგნანი

25 იანვარი, 2022 • 1288
საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს – დეგნანი

აშშ-ის ელჩის,კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს.

მისი თქმით, ამას კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

ამის შესახებ ელჩმა ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დასაწყისი გაიხსენა და მიმოიხილა, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

“მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში. თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელური ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს  მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა  –  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ  1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი