ახალი ამბები

iPhone+ VS iTechnic – აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს?

22 ნოემბერი, 2016 • 3944
iPhone+ VS iTechnic – აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს?

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის მიმართ Apple-ის პროდუქციის, კერძოდ, iPhone-ების დისტრუბუტორ ორ კომპანიას – iPhone+ და iTechnic-ს შორის წარმოქმილი დავის ფარგლებში აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე.

ბიზნესმენი მამუკა მარღიშვილი თავისი კომპანიის, “აიფონ პლუსის” მიზანმიმართულ გაკოტრებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კომპანია “აიტექნიკთან”. კერძოდ, 2011 წელს კომპანია დააფუძნეს ცერცვაძის მამამ და ცოლის ძმამ, ხოლო კომპანიის მენეჯერი მისი ცოლი, გვანცა მიქუჭაზეა.

მარღიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ “აიტექნიკსის” მოთხოვნით “აიფონ პლუსს” ყადაღა იმიტომ დაადო, რომ იგი ცერცვაძის გავლენის ქვეშ მოექცა. კუჭავა 2012-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და 14 ივლისიდან საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი ვადით გამწესდა.

“აიფონ პლუსის” წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს მათ გვერდზე მომხმარებლის მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადებების “სქრინშოთები” და ამტკიცებენ, რომ ყველა მათგანი გვანცა მიქუჭაძისა და ვალერიან ცერცვაძის მეგობრები არიან. 2016 წლის საახალწლო სარეკლამო ვიდეოში კი “აიტექნიკი” იყენებს ავტომობილს, რომელიც დასტურდება, რომ არის ცერცვაძისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული სამსახურეობრივი ავტომობილი. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა.

მანქანა სერიული ნომრით GLL - 101 ვალერიან ცერცვაძეს ემსახურება. ფოტო: სქრინშოტი "აიტექნიკსის" საახალწლო ვიდეოდან

მანქანა სერიული ნომრით GLL – 101 ვალერიან ცერცვაძეს ემსახურება. ფოტო: სქრინშოტი “აიტექნიკსის” საახალწლო ვიდეოდან

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტომობილის ამგვარი გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საჯარო რესურსებით არამიზნობრივ სარგებლობას და არღვევს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს, საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა, გამოიყენოს იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას.

ასევე, ვალერიან ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა კომპანია „აიტექნიკის” უზრუნველსაყოფად.

მამუკა მარღიშვილის განცხადებით, “აიფონ პლუსმა” სასამართლოს განჩინების შემდეგ მიმართა პრემიერის ადმინისტრაციასა და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და აცნობეს ვალერიან ცერცვაძის “აიტექნიკთან” კავშირზე. პრემიერის ადმინისტრაციამ პროკურატურას მოუწოდა, მოეკვლია ეს საკითხი.

მამუკა მარღიშვილის თქმით, იუსტიციის ეთიკის საბჭოში განუცხადეს, რომ საბჭო მოკვლევას ვერ დაიწყებდა, რადგან მიმართვა საჩივრის სპეციალურ ფორმაში არ იყო ჩასმული. ამას მარღიშვილი იმით ხსნის, რომ იუსტიციის ეთიკის საბჭოს დეპარტამენს ხელმძღვანელობს მირიან გავაშელი, რომელიც ვალერიან ცერცვაძის უახლოესი მეგობარია.

“ის არის მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ცერცვაძე და გავაშელი ერთად ართმევდნენ ხალხს ბიზნესს,” – აქედან გამომდიანარე მარღიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ეთიკის საბჭო მის მიმართვას სამართლიანად განიხლავს.

ნეტგაზეთმა მიმართა როგორც საქართველოს პროკურატურას, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაინტერესდებიან თუ არა ისინი ვალერიან ცერცვაძისა და კომპანია “აიტექნიკის” კავშირებით და გაითვალისწინებს თუ არა ეთიკის საბჭო TI-ს მოწოდებას. ორივე უწყებაში განგვიცხადეს, რომ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა ვალერიან ცერცვაძე. ფოტო: სასამართლოს ვებ-გვერდი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა ვალერიან ცერცვაძე. ფოტო: სასამართლოს ვებ-გვერდი

“აიფონ პლუსმა” 10 ოქტომბერს მიიღო შეტყობინება თავიანთი საბანკო ანგარიშებისა და უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ. მოთხოვნილი თანხა 1 553 826 ლარია, რომელსაც მარღიშვილი ვერ ფარავს.

“აიტექნიკი” თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მიუთითებს, რომ “აიფონ პლუსის” მხრიდან მათი ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ინტენსიური “დარეპორტების” შედეგად გაუქმდა, რის შემდეგაც “აიფონ პლუსმა” შექმნა ყალბი გვერდი “აიტექნიკისათვის”, სადაც კომპანიის რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას ავრცელებდა. შედეგად, “აიტექნიკსს” 1.2 მლნ-მდე ლარის ზარალი მიადგა და ზიანის ანაზღაურებას კომპანია სასამართლოს განჩინების გზით ითხოვს. თუმცა მარღიშვილი ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც ვალერიან ცერცვაძისა და ამ კომპანიის კავშირის შესახებ ცნობილი გახდა, “აიტექნიკსმა” გადაწყვიტა, მოთხოვნილი თანხა 360 000-მდე შეემცირებინა.

“როცა გაიგეს, რომ ჩვენ გავიგეთ ვალერიან ცერცვაძის შესახებ, მივიდნენ სასამართლოში და ყადაღა დატოვეს 1.6 მლნ, მაგრამ მოითხოვენ ახლა 360 000 ლარს. იფიქრეს, რომ ყვიროდა ამხელა თანხა და ადგნენ და შეამცირეს,” – ამბობს მარღიშვილი

“აიტექნიკის” იურისტი გიორგი ცერცვაძე მარღიშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მოთხოვნილი თანხა იმიტომ შემცირდა, რომ მეტის მიღებას “აიფონ პლუსიდან” ვეღარ შეძლებდნენ.

“მოთხოვნა კვლავ რჩება 1.6 მლნ. მარღიშვილს ჰქონდა კომპანია “აიპლუსი”, მაგრამ ყადაღის დადების შემდეგ დაარეგისტრირა “აიპლიუსი” და მთელი ფული, რომელიც უნდა წასულიყო “აიპლუსზე”, წავიდა “აიპლუსზე” და, შესაბამისად, ის ყადაღა, რომელიც ჰქონდა დაყადაღებული იმაზე, რაც იმუშავა, ანუ 362 000, დღესაც დაყადაღებულია, მაგრამ დანარჩენ ფულს ვეღარ დავაყადაღებდით და რა აზრი ჰქონდა იმ თანხის მოთხოვნას? ჩვენ მოვხსენით ყადაღა იმ ნაწილზე, რომელსაც აზრი აღარ ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ სამართლებრივი გზით ბრძოლას არა მხოლოდ “აიფონ პლუსის” არამედ “აიპლუსის” წინააღმდეგაც,” – აცხადებს ცერცვაძე.

თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიერ კომპანია “აიტექნიკის” სასარგებლოდ დადებული ყადაღის შემდეგ “აიფონ პლუსი” აღარ ფუნქციონირებს. მარღიშვილის განცხადებით, მან კომპანიის კუთვნილი მაღაზია და ტექნიკა გაყიდა, დარჩენილი ნაწილი მომწოდებლებს დაუბრუნა და თავად ბელგიაში წავიდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში მას საფრთხე ემუქრება.

მამუკა მარღიშვილმა 21 ნოემბერს გამართულ სკაიპ-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, რადგან მას შესაძლოა უთვალთვალებდნენ და არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკის ან იარაღის ტარების ბრალდებით დააკავონ. მარღიშვილი დარწმუნებულია, რომ სხვა ქვეყნიდან უფრო თავისუფლად შეძლებს თავისი უფლებების დაცვას.

მამუკა მარღიშვილის ჩართვა ბრიუსელიდან 21.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მამუკა მარღიშვილის ჩართვა ბრიუსელიდან 21.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

გიორგი ცერცვაძის თქმით, “აიფონ პლუსის” დამფუძნებლის ქვეყნიდან წასვლა “აიტექნიკს” არ უკავშირდება და შესაძლოა ამ ხერხით ცდილობს მის წინააღმდეგ დაწყებული სხვა გამოძიებებისათვის თავის არიდებას. ცერცვაძის განცხადებით, კომპანიას არ გააჩნია სამართლებრივი არგუმენტები “აიტექნიკსის” წინააღმდეგ და ამიტომ მსგავსი ფორმებით ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას:

“ეს კამპანიაა, რომელმაც ჩემი აზრით, უკვე ძალიან არასერიოზული ხასიათი მიიღო. მე არ მინახავს პრესკონფერენცია, მაგრამ ვნახე ანონსი, რომ ბატონი მამუკა არის ბრიუსელში და რომ მან დატოვა საქართველო და არის დევნილი. ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, შოუს სტილში გადასული დავა. ეს ყველაფერი კი მომდინარეობს იქიდან, რომ მათ არ გააჩნიათ სამართლებრივი არგუმენტები იმ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც მათ წინააღმეგ არის დაწყებული.

მე პირადად არ მგონია რომ ბატონი მამუკას საქართველოდან წასვლა რაიმენაირად არის დაკავშირებული “აიტექნიკსთან” იმ მარტივი მიზეზით, რომ (ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არ მაქვს ამისი მტკიცებულება, თუმცა შემიძლია ვივარაუდო) მას ჰქონდა სხვა ბევრი პრობლემაც კანონთან – მათ შორის ფინანსურ პოლიციასთან. დიდი ხანია გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს გამოძიება რაღაც ლოგიკურ შედეგებამდე მიდის და ბატონმა მამუკამ, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ “აიტექსნიკს” მოაბას ეს პრობლემა. გარდაუვალია, რომ მას არ შექმნოდა ეს პრობლემა, რადგან სტილი, რომელსაც ის ბიზნესის კეთებისას იყენებს, არის აგებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე. დღესაც ის სხვას არაფერს აკეთებს,” – აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

ფინანსურმა პოლიციამ “აიფონ პლუსის” შემოწმება ივნისში დაიწყო და ექსპერტიზისათვის მაღაზიიდან 222 მობილური წაიღო, რომლებიც ამ დრომდე კომპანიას არ დაბრუნებია და არც შესაბამისი დასკვნა წარუდგენია: იყიდებოდა თუ არა მაღაზიაში მეორეული ტელეფონები.

“აიფონ პლუსის” ყოფილ მაღაზიაში ახლა კომპანია “აიპლუსი” ფუნქციონირებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი მფლობელი რამაზ შეყილაძეა. შეყილაძე მაღაზიის შესყიდვამდე მარღიშვილის კუთვნილი “აიპლუსის” დირექტორი იყო. მარღიშვილის თქმით, მას ახალ მაღაზიასთან კავშირი არ აქვს და “აიფონ პლუსი” ყადაღის დაძლევის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს არსებობას. მფლობელის ცვლილების მიუხედავად, “აიფონ პლუსის” მაღაზიაში ძველი მენეჯმენტი და მომსახურე პერსონალი დარჩა.

“ყადაღის დადების შემდეგ ჩვენ დავაბრუნეთ პროდუქციის უდიდესი ნაწილი მომწოდებელთან, დანარჩენი, რასაც ყადაღა არ ედო, გავყიდეთ სხვა კომპანიაზე. ყველაფერი ახლა სხვა კომპანიაზე გადაფორმდა: იჯარები, ფეისბუკ გვერდი. მე ფიზიკურად გამოვეთიშე კოპმანიას და “აიფონ პლუსი” ახლა გაჩერებულია, თუმცა ვიბრძოლებ, რომ კომპანიას ყადაღა მოეხსნას და სხვა ადგილებში გაიხსნება “აიფონ პლუსი”. ახალი კომპანია ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს,” – ამბობს მარღიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა იმ საქმის არსებითი განხილვა, რომლზე გამოტანილი წინასწარი განჩინებითაც “აიფონ პლუსს” ყადაღა დაედო. მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “აიპლუსის” სარჩელი, რომლითაც კომპანიამ დაკისრებული ყადაღა გაასაჩივრა, თუმცა ყადაღა არ მოუხსნია. ის ნაწილი კი, რომელშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი