აიფონ + კოტრდება. კომპანიის აქტივებს ყადაღა დაედო. განცხადება კომპანიის მფლობელმა მამუკა მარღიშვილმა გააკეთა. 18.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

iPhone+ გაკოტრებაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს

“iPhone +”-ის  დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის განცხადებით, კომპანია, სავარაუდოდ, 1 კვირაში თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს. ტექნიკის კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში მარღიშვილი ბრალს სდებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს. ბრალდებებზე საპასუხო განცხადება ცერცვაძეს ჯერ არ გაუკეთებია.

მარღიშვილის თქმით, მისი კომპანია ვერ შეძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კომპანიის აქტივებზე დადებული ყადაღის, დაახლოებით 1.6 მლნ ლარის გადახდას. გასაჩივრების შემდეგ საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

“მე გავდივარ ამ საქმიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლანი არავის გაახარებს, ვინც გადაწყვეტს, რომ შემოვიდეს ამ ტექნიკის ბიზნესში. რა თქმა უნდა, ამ განაჩენს კიდევ გავასაჩივრებ, ფორმალურად, იმისთვის, რომ იქნებ მერე სტრასბურგში მაინც წავიღო.” – ამბობს მარღიშვილი

კომპანიამ 10 ოქტომბერს მიიღო შეტყობინება თავიანთი საბანკო ანგარიშებისა და უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ. მოთხოვნილი თანხა არის 1 553 826 ლარი და მომთხოვნი არის საქართველოში Apple-ის პროდუქციის კიდევ ერთი შემომტანი, ტექნიკის კომპანია “აიტექნიკსი”. მამუკა მარღიშვილის განცხადებით, არც ის იცოდნენ, რომ საქალაქო სასამართლოში “აიტექნიკსმა” მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც ზეპირი მოსმენის შემდეგ დაკმაყოფილდა.

“აიტექნიკსი” თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მიუთითებს, რომ “აიფონ +”-ის მხრიდან მათი ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ინტენსიური “დარეპორტების” შედეგად გაუქმდა, რის შემდეგაც “აიფონ +”-მა შექმნა ყალბი გვერდი “აიტექნიკისათვის”, სადაც კომპანიის რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას ავრცელებდა. შედეგად, “აიტექნიკსს” 1.2 მლნ-მდე ლარის ზარალი მიადგა და ზიანის ანაზღაურებას კომპანია სასამართლოს განჩინების გზით ითხოვს.

სარჩელი სასამართლოში კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ცერცვაძემ შეიტანა. გიორგი ცერცვაძე, მამუკა მარღიშვილის განცხადებით, ვალერიან ცერცვაძის ბიძაშვილია. კომპანია “აიტექნიკსს” ცერცვაძის ცოლი, გვანცა მიქუჭაძე ხელმძღვანელობს, ოფიციალური მფლობელი კი მისი ძმა, ბექარ მიქუჭაძეა. აქედან გამომდინარე, მარღიშილი დარწმუნებულია, რომ კომპანია ცერცვაძეების საოჯახო ბიზნესია და ვალერიან ცერცვაძის გავლენით სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ასევე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავა, რომელმაც საქმე პირველ ინსტანციაში განიხილა, 2012-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და 14 ივლისიდან საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი ვადით გამწესდა. მარღიშვილი ამბობს, რომ კუჭავაც ცერცვაძის გავლენის ქვეშ მოექცა.

მამუკა მარღიშვილი კომპანიისათვის წაყენებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ფეისბუკ გვერდი Apple-ის მოთხოვნით გაუქმდა, რადგან “აიტექნიკის” გვერდს ერქვა “Apple Store”, შედეგად, უცხოელ მომხმარებელს ეგონა, რომ პროდუქციას ოფიციალური გვერდიდან ყიდულობდა. მარღიშვილის თქმით, მათ მხოლოდ აცნობეს Apple-ს ამ გვერდის არსებობის შესახებ, შემდეგ Apple-მა იმოქმედა შესაბამისად და კომპანიას მიმართა ფეისბუკს გვერდის გაუქმების მოთხოვნით. ამ ვერსიის დამტკიცება სასამართლოში მათ ვერ შეძლეს.

ფინანსურმა პოლიციამ “აიფონ +”-ის შემოწმება ივნისში დაიწყო და ექსპერტიზისათვის მაღაზიიდან 222 მობილური წაიღო, რომლებიც ამ დრომდე კომპანიას არ დაბრუნებია და არც შესაბამისი დასკვნა წარუდგენია: იყიდებოდა თუ არა მაღაზიაში მეორეული ტელეფონები. მარღიშვილი ფინანსური პოლიციის მხრიდან კომპანიის საქმიანობით დაინტერესებასაც ვალერიან ცერცვაძეს მიაწერს, რადგან ცერცვაძის ძმა, ასევე გიორგი ცერცვაძე, არის მცხეთა-მთიანეთის მთავარი პროკურორი და გავლენიანი პიროვნება.

“ძალიან ადვილად არის შესაძლებელი იმის შემოწმება, არის თუ არა მობილური გამოყენებული – Apple-ს აქვს თავისი ვებ-სერვისი, სადაც შეიყვან მობილური სერიის ნომერს და დაადგენ, მასში იყო თუ არა გააქტიურებული სიმბარათი. გაგვივრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი იმიჯის შელახვას და გაკოტრებას,” – აცხადებს მარღიშვილი.

არათანაბარი კონკურენციის პირობების შექმნისათვის გიორგი ცერცვაძემ “აიფონ +”-ს  კონკურენციის სააგენტოშიც უჩივლა, სადაც დავა ამჟამადაც განიხილება:

“აქედან გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მოიგებენ ამ პროცესს, რადგან გიორგი ცერცვაძემ [ვალერიან ცერცვაძის ძმა] მათ, ვინც განიხილავს საქმეს, ჩაუტარა ტრენინგები და მისი გაზრდილები არიან. სხვანაირ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებენ?”

ასევე, 2015 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე კომპანიაში მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, რასაც მარღიშვილი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, კომპანია შეწყვეტს არსებობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი