საზოგადოება

რას ამბობს სანქცირებული ექსმოსამართლე, რომლის შვილიც აშშ-ის მოქალაქეა

6 აპრილი, 2023 • 35725
რას ამბობს სანქცირებული ექსმოსამართლე, რომლის შვილიც აშშ-ის მოქალაქეა

ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 სანქცირებულ პირს შორის, რომლებსაც აშშ-მა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ნაბიჯს კატეგორიულად არ ეთანხმება.

ცერცვაძე აცხადებს, რომ 6 წელია აღარ საქმიანობს არც სასამართლო სისტემაში და აღარც სხვა სახელმწიფო თანამდებობას იკავებს. ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ მისი მოსამართლედ მოხსენიება ფაქტების შეგნებული დამახინჯებაა, რაც მისი შეფასებით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მცდარი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული:

„მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას.

აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“ ,— აცხადებს ვალერიან ცერცვაძე..

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება ატარებს პოლიტიკურ შინაარსს:

„ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, — წერს ვალერიან ცერცვაძე.

ვალერიან ცერცვაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოჯახებთან ერთად სანქციები დაუწესა. ვალერიან ცერცვაძის მსგავსად, აშშ-ში შესვლა აეკრძალა მოსამართლეებს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და მათი ოჯახის წევრებს.

ვალერიან ცერცვაძე 2017 წლიდან სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ასევე იკავებდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. აღნიშნულ თანამდებობაზე ცერცვაძე მაშინ ლევან მურუსიძემ წარადგინა, ის ერთადერეთი კანდიდატი იყო.

ვალერიან ცერცვაძეს უმცროსი შვილი 2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეეძინა, შესაბამისად, ის აშშ-ის მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი