ახალი ამბებისამართალი

რამდენად მორგებულია სასამართლო მოქალაქეთა საჭიროებებს — კვლევა

5 ოქტომბერი, 2023 • 1103
რამდენად მორგებულია სასამართლო მოქალაქეთა საჭიროებებს — კვლევა

5 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანზიაცია „სასამართლოს გუშაგმა“ სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის კვლევა წარადგინა. ინდექსის მიხედვით, ქართული სასამართლო სისტემის ეფექტიანობის მაჩვენებელი 31%-ია. საერთო სასამართლოებს შორის ყველაზე ეფექტიანად რუსთავის საქალაქო სასამართლო მუშაობს (41.1%), ყველაზე ცუდად კი, გურჯაანის რაიონული სასამართლო (17.8%).

ქართულ სასამართლო სისტემაზე საუბრისას, პირველ რიგში, განიხილება კლანური მმართველობის არსებობა/არარსებობა, დამოუკიდებლობა, პოლიტიზება, სანქცირებული მოსამართლეები და ა.შ. კვლევაში ამ საკითხებზე საუბარი არ არის. მთავარი კრიტიკა, რაც დოკუმენტის წარდგენისას მისმა ავტორებმა პროფესიული წრეებისა თუ დაინტერესებული საზოგადოებისგან მიიღეს, სწორედ ამას უკავშირდებოდა.

„სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიზანი სასამართლოს ორგანიზაციული მუშაობის, იმ სერვისის ხარისხს შეფასება იყო, რომელსაც მოქალაქეებს აწვდიან. 

“ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, ანგარიშვალდებულებაზე, კლანურ მმართველობაზე და ა.შ. მაგრამ, ყურადღების მიღმა დაგვრჩა, რა ხარისხით მუშაობს და როგორ სერვისს აწოდებს სასამართლო მოსახლეობას. ეს იყო ჩვენი იდეა – გაგვერკვია, რას იწვევს კლანური მმართველობა და როგორ ფუნქციონირებს სასამართლო ამ პირობებში”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ინდექსი მოიცავს 5 ინდიკატორს, რომლებიც, თავის მხრივ, ჩაშლილია 45 ქვეინდიკატორად.

I ინდიკატორი: სასამართლოს ვებგვერდის ინფორმაციულობის ხარისხი – 23.55%

ნაზო ჯანეზაშვილის განცხადებით, ამ კრიტერიუმზე მუშაობისას გაითვალისწინეს მოქალაქეების პერსპეტქივა. ის ამბობს, რომ თუ იურისტისთვის, შესაბამისი განათლებისა თუ გამოცდილების მქონე პირისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო საკითხზე ინფორმაციის მოძიება მარტივია, ასე არ არის რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში. 

„მოქალაქეს უნდა შეეძლოს ადვოკატის გარეშე ინფორმაციის მოძიება სასამართლოს ვებგვერდიდან“, — აცხადებს ჯანეზაშვილი.

ავტორების თქმით, სასამართლოების ვებგვერდებზე არასრული ან მოძველებული ინფორმაციაა გამოქვეყნებული. მაგალითად, მოქალაქეები ვებგვერდებიდან ვერ იღებენ ინფორმაციას, რა ვადა დასჭირდება იმ საქმის წარმოებას, რომლის წამოწყებასაც აპირებენ; როგორ შეიძლება მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულება, ან გასაჩივრება პროცედურულად; რამდენი შეიძლება იყოს სასამართლო ბაჟი, ან როგორ შეიძლება სასამართლო ხარჯების გადავადება ან მათგან სრულიად გათავისუფლება. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეს იურისტი არ უნდა სჭირდებოდეს.

„მაგალითად, საოჯახო დავები. ადამიანმა უნდა განსაზღვროს, უღირს თუ არა სასამართლოში მისვლა, აქვს თუ არა ამის ფინანსური, ფიზიკური, ემოციური რესურსი. ამ ინფორმაციას სასამართლო არ ასაჯაროებს.

ასევე, ბაჟს განაკვეთების შესახებ ინფორმაცია შეგვიძლია ვნახოთ კანონში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოები არა კანონის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის გასაგები ენით უნდა ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას. ამის საპირისპიროდ ბევრი სასამართლოს საიტზე ძველი მუხლებია მითითებული, რომლებიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

II ინდიკატორი: სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი – 48.18%

ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა შეისწავლეს, რამდენად მარტივია მოქალაქეებისთვის სასამართლოს შენობამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა; როგორია თარჯიმნის მომსახურების ხარისხი; რამდენადაა დაცული სასამართლოს შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ა.შ.

„67-დან 32 სასამართლოში არ იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია სხდომის მიმდინარეობის შესახებ — ასეთ დროს მანდატური ან სხდომის მდივანი გამოდის და დაიძახებს ხოლმე, როდის დაიწყება სხდომა. მნიშვნელოვანია ინტერნეტთან წვდომა — 67-დან მხოლოდ ერთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია უსადენო ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის“, — ამბობს მეგი შამათავა, „სასამართლოს გუშაგის“ ანალიტიკოსი.

კვლევის მიხედვით, ფაქტობრივად, არცერთ სასამართლოში არ არის ხელმისაწვდომი ელემენტარული სამედიცინო მომსახურება.

„სასამართლოში, სადაც ადამიანები ძალიან ნერვიულობენ, ზოგჯერ მათი ბედიც წყდება, მნიშვნელოვანია, რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, 67-დან 56 სასამართლოში არათუ ოთახი, ერთი კუთხეც კი არ არის ამისთვის გამოყოფილი. 19 სასამართლოში წყლის დალევაც არ არის შესაძლებელი“, — ამბობს შამათავა.

III ინდიკატორი: საქმეთა ნაკადის მართვის ეფექტიანობა – 1,22%

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით დასახელდა, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. ამის გამო მარტივი საქმეების წარმოებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. პრობლემაა საქმეთა განხილვის, გადაწყვეტილებების ჩაბარების ვადების დაცვა; მოსამართლეთა შორის საქმეების თანაბრად გადანაწილება და ა.შ. 

IV ინდიკატორი: სასამართლოს ადამიანური რესურსების მუშაობის უზრნველყოფა — 31.42%

ეს ინდიკატორი ეხება სასამართლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესაძლებლობებს. მაგალითად, კვლევაში შეფასებულია მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებები, დაწინაურების სისტემის გამართულობა, ანაზღაურების განსაზღვრა, სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმების არარსებობა და ა.შ. 

V ინდიკატორი: სასამართლოს გამჭვირვალობა — 24.90%

ეს ინდიკატორი აფასებს, რამდენად დროულად აქვეყნებს სასამართლო გადაწყვეტილებებსა თუ საქმიანობის ანგარიშებს; როგორია მათი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია, რამდენად დროულად გასცემს საჯარო ინფორმაციას და ა.შ. 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ყველა ჩამოთვლილი ინდიკატორი არის საბაზისო — თუ ეს საჭიროებები არ იქნება დაკმაყოფილებული, რთულია სხვა, თუნდაც უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარი.

კვლევა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მკვლევრებმა შეაფასეს 67 სასამართლოს (მაგისტრანტი, რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მონაცემები.

მეთოდოლოგია შეიმუშავა „სასამართლოს გუშაგმა“ მოწვეული ექსპერტების — გიორგი ტოკლიკიშვილის, მაია ბაქრაძისა და ელენე სიჭინავას ჩართულობით. მათი განცხადებით, ზუსტად გაწერილი შეფასების კრიტერიუმები საშუალებას იძლევა კვლევა გარკვეული პერიოდულობით განმეორდეს. ამ შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, საშუალება ექნებათ, შეაფასონ სასამართლოს ეფექტიანობის ხარისხის პროგრესი ან რეგრესი.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

მასალების გადაბეჭდვის წესი