ახალი ამბები

სააპელაციოც დაეთანხმა ძალადობაში ბრალდებული მოკრივის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას

3 ნოემბერი, 2023 • 1294
სააპელაციოც დაეთანხმა ძალადობაში ბრალდებული მოკრივის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას

კრივში ევროპის ჩემპიონ გიორგი ყუშიტაშვილისთვის, რომელსაც 24 წლის ქალი ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მოთხოვნა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლო განხილვების დასრულებამდე მისი გირაოს გადახდის სანაცვლოდ, პატიმრობაში არგადაყვანის შესახებ. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეტგაზეთთან  ბრალდებულის ადვოკატი ადასტურებს.

“სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლოს სწორად ჰქონდა ნამსჯელი. პროცესი არც კი ჩანიშნულა და განხილვას არც კი დაექვემდებარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა”, – გვეუბნება ბრალდებული ყუშიტაშვილის ადვოკატი და კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ჭოჭუა. 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დაზარალებული ქალის ადვოკატ ნუცა თოფურიასაც, რომლისთვისაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 

“სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ შესაძლოა არსებულიყო არსებითი გარემოება, რაც გადაწყვეტილების შეცვლას განაპირობებდა. ახალი არსებითი გარემოება ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, რომ თავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არასწორი. მაგრამ, როგორც წესი, სააპელაციო დიდად არ ცვლის არაფერს”, – ეუბნება ნეტგაზეთს თოფურია.

ყუშიტაშვილი 24 წლის ქალმა ძალადობაში 23 ოქტომბერს დაადანაშაულა. მოკრივეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი:

“ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.

10 000-იანი გირაოს სანაცვლოდ ყუშიტაშვილი დაკავებიდან დაახლოებით 24 საათში გაათავისუფლეს, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი