მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელმაც ხვალ, 18 ნოემბერს, პირველი სხდომა უნდა გამართოს, არასამთავრობოებმა პროკურატურასა და შსს-ში გასატარებელი რეფორმების შესახებ დოკუმენტი მოამზადეს. ეს დოკუმენტი მოიცავს საკითხებს, რაზეც ბოლო წლებია, სახალხო დამცველი და არასამთავრობოები საუბრობენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
დოკუმენტზე, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით მომზადდა, 16 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებიც, თუმცა შეხვედრას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ოთარ კახიძე დაესწრო. EMC-ის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ პოლიტიკური ჯგუფების დაპატიჟებაზე, რომლებიც მომვალ პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი. იგი ვარაუდობს, რომ მათი დიდი ნაწილის მოუსვლელობის მიზეზი 18 ნოემბერს პლენარული სხდომის დანიშვნა გახდა.
“ეს არის ჩვენი რეკომენდაციების, საერთაშორისო ორგანიზაცების რეკომენდაციების, ადგილობრივი თემატური კვლევებისა და რეკომენდაციების ერთგვარი შეჯამება, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ გახდება ერთგვარი გზამკვლევი პარლამენტისთვის და ის დაგეგმავს საკუთარ საქმიანობას იმგვარად, რომ ძირითადი გამოწვევები სამართალდამცავ სისტემაში მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს,”- გნაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას სოფო ვერძეულმა.
პოლიციის სისტემა
პოლიციის სისტემის დეპოლიტიზება
“პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტად მძიმე გამოცდილება აქვს,”- ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც ასევე წერია, რომ ცალკეული ცვლილებების მიუხედავად ამ კუთხით უწყებას დღესაც აქვს პრობლემები.
დოკუმენტის თანახმად, ამის მთავარი განმაპირობებელი სამინისტროს ძლიერი ცენტრალიზაცია და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მინიჭებული ძალაუფლების ხარისხია, რომლის ფარგლებშიც მინისტრს, ფაქტობრივად, ყველა ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ასევე, მინისტრი უშუალოდ ხელმძღვანელობს საკადრო პოლიტიკას. მას შეუძლია, შეცვალოს ან ძალადაკარგულად ცნოს სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
რეკომენდაციები:
[checklist]
- ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია სამინისტროში შემავალ ორგანოებს შორის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა;
- პოლიციის დეპოლიტიზების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენცია უნდა შეიზღუდოს და გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს მხოლოდ ზოგადი პოლიტიკისა და ინსტიტუციურ საკითხებზე;
- პრევენციულ, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს შორის ურთიერთობა ახლებურად უნდა განისაზღვროს, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიმოცვლის წესების მკაფიო რეგულირება;
- საკადრო საკითხები კანონის დონეზე ნათლად უნდა მოწესრიგდეს. კერძოდ, გაწერილი უნდა იყოს თანამშრომელთა დაწინაურება/დაქვეითების, წახალისებისა და დისციპლინირების მკაფიო პროცედურები, რათა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება არ მიიღებოდეს თვითნებურად, მინისტრის მიერ;
- მნიშვნელოვანია პოლიციელთა ინდივიდუალური შეფასების სისტემის დანერგვა და კოლეგიური ორგანოს შექმნა, რომელიც საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინებით;
[/checklist]
ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ან გადაცდომის ფაქტებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება კვლავ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულლია ის გარემოება, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციას დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი აქვს, თავად სამინისტრო კი დახურულია და მის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები სუსტია.
რეკომენდაციები:
[checklist]
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების წამომადგენლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამავდროულად, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა სამართალდამცავებისთვის სპეციალური ტრენინგები და ინსტრუქციები;
- მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რის შესახებ მსჯელობაც უნდა წარიმართოს ფართო ჩართულობით, ყველა რელევანტური აქტორის მონაწილეობით და მათთან კონსულტაციების გათვალისწინებით. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს ამ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
- უნდა შემუშავდეს სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი
- გენერალური ინსპექცია აღჭურვილი უნდა იყოს მეტი ოპერაციული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობით. ინსპექცია დისციპლინურ წარმოებას უნდა ახორციელებდეს ნათელი პროცედურებით და ამ პროცესში როგორც პოლიციელი, ასევე დაზარალებული დაცვის ადეკვატური ინსტრუმენტებით უნდა იყოს აღჭურვილი. გენინსპექცია უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე;
- აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება;
- უნდა მოწესრიგდეს პოლიციაში მამხილებლის ინსტიტუტის სამართლებრივი რეჟიმი.
[/checklist]
ძალის გადამეტების პრევენცია
იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტება, დოკუმენტის თნახმად, საჭიროა სწორი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და სხვა რიგი ღონისძიებების გატარება:
[checklist]
- სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განისაზღვროს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ წარმოადგენდეს მხოლოდ დაინტერესებული მხარის ინიციატივას. უნდა გაიწეროს იზოლატორის თანამშრომლების მიერ შესახლებული პირის სხეულზე დაზიანებების თაობაზე პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმალური წესები და პროცედურები;
- უნდა შეისწავლონ და გააუმჯობესონ დროებით მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის შენობებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში აუდიო-ვიდეომონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება. პოლიციის სამმართველოები/განყოფილებები ეტაპობრივად უნდა აღიჭურვოს შიდა სამეთვალყურეო კამერებით, რომლებიც გონივრული ვადით შეინახავს ჩანაწერს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სამხრე კამერებით უნდა აღიჭურვონ დეტექტივ-გამომძიებლებიც და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებიც;
- უნდა აღმოიფხვრას „გასეირნების“ მავნე პრაქტიკა. ამ მიზნით, პირთა დაკავება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა ხდებოდეს (და გადაუდებელი აუცილებლობა რეალურად უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს), რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვებოდეს უფლებების გასაგებად განმარტება და დაკავების ოფიციალურად დაფიქსირება.
[/checklist]
პერსონლურ მონაცემთა დაცვა
დოკუმენტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, თუმცა დღესაც არსებობს პირად ცხოვრებაში უკანონო და დაუსაბუთებული ჩარევის პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის გაზაფხულზე არაკონსტიტუციურად ცნო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმები, შესაბამისად, მეცხრე მოწვევის პარლამენტს ახალი მოდელის შემუშავება მოუწევს.
[checklist]
- მკაფიო და ნათელი რეგულაციებით უნდა გაიწეროს პოლიციის თანამშრომლობის წესები უსაფრთხოების სამსახურებთან, აგრეთვე, ამ ორგანოდან ინფორმაციის მოპოვების, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდების წესები;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან;
- მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამინისტროს სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებსა და პერსონალურ მონაცემებზე არამიზნობრივი წვდომის რისკები;
- ფარული თვალთვალი, ტექნიკური საშუალებებით თუ მათ გარეშე, კანონით უნდა დარეგულირდეს და ნებისმიერი ამგვარი ქმედება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ. უნდა გადაიჭრას ტელესაკომუნიკაციო ქსელების ოპერატორების კუთვნილ ობიექტებზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არსებული მისაყურადებელი აპარატურის საკითხი.
[/checklist]
პროკურატურის სისტემა
პროკურატურის დეპოლიტიზება
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის წარმმართველი ორგანოს, დეპოლიტიზება და მისი ინსტიტუციური მდგრადობა პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. მიუხედავად მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის ახალი პროცედურების დანერგვისა, ეს მიზნები კვლავაც არ არის სრულად მიღწეული.
[checklist]
- საჭიროა მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ისეთი პროცედურების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობას.
- მთავარი პროკურორის შერჩევა დანიშვნის პროცესში იუსტიციის მინისტრის ჩართულობა უნდა შესუსტდეს, აგრეთვე უნდა შეიზღუდოს მინისტრის უფლებამოსილებები საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში. იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატების დასახელება უნდა ხდებოდეს შესაბამისი დასაბუთებით, პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
- მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების არსებული პროცედურები არის ზედმეტად პოლიტიზებული და ის საჭიროებს შემდგომ დახვეწას;
- პროკურატურის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის გაჯანსაღების მიზნით, ქვედა რგოლის პროკურორებმა უნდა მიიღონ თავისუფალი მოქმედების მეტი შესაძლებლობა და გარანტიები;
[/checklist]
[checklist]
- საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
- გენერალური ინსპექციის სანდოობის ამაღლების მიზნით და ორგანოს საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია გარე ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება. აღნიშნული შეიძლება მიიღწეს საპარლამენტო კონტროლის გააქტიურებით, ინსპექტირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებით თუ პერიოდული ანგარიშგების გასაჯაროებით;
- საჭიროა თანამშრომელთა შიდა დისციპლინირების მექანიზმის ახლებურად ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც მთავარი პროკურორის როლი მნიშვნელოვნად შეიზღუდება და თანამშრომელთა დისციპლინირებაზე პასუხისმგებელი იქნება მაღალი დამოუკიდებლობის მქონე პროფესიული ორგანო;
- დისციპლინირების პროცედურები მკაფიოდ უნდა გაიწეროს, ამავდროულად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დევნის (მოძიების) და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოები. მნიშვნელოვანია, პროკურატურის თანამშრომლებს ამ პროცესში დაცვის მაღალი გარანტიები ჰქონდეთ, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სახდელის უსაფუძვლოდ დაკისრების რისკები;
[/checklist]
დოკუმენტის თანახმად, დღეს გამომძიებლისა და პროკურორის როლები ერთმანეთშია აღრეული, რაც ართულებს კონკრეტულ სიტუაციში პასუხისმგებელი სუბიექტის გამოკვეთას. გარდა ამისა, ეს ასუსტებს ეფექტური საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებას, რაც, საერთო ჯამში, გამოძიების კანონიერებაზე ახდენს გავლენას.
რეკომენდაციები
[checklist]
- საკუთარი როლის სრულყოფილად და ეფექტურად შესრულების მიზნით, საჭიროა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთდისტანცირება, რა დროსაც საგამოძიებო ორგანო იქნება აღჭურვილი გამოძიების წარმართვისათვის საჭირო ფაქტობრივი და სამართლებრივი მექანიზმებით, ხოლო პროკურატურა განახორციელებს გამოძიების პროცესზე ეფექტურ ზედამხედველობას;
- უნდა შეიზღუდოს მთავარი პროკურორის აბსოლუტური უფლებამოსილება, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს და სხვა საგამოძიებო სამსახურს გადასცეს საქმე გამოსაძიებლად. ამგვარ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორი მხოლოდ საგამონაკლისო ვითარებაში უნდა იღებდეს, შესაბამისი დასაბუთებით.
[/checklist]
პროკურატურისა და შსს-ს პოზიციები რეკომენდაციებთან დაკავშირებით
17 ნოემბერს გამართულ შეხვედრას შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, უახლოეს მომალვაში საჯარო გახდება როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც რეკომენდაციების ნაწილი უკვე ასახული იქნება.
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პროკურატურა მუშაობს პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვაზე, პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კრიტერიუმების გამჭვირვალობასა და მედიაპოლიტიკის დოკუმენტზე.
რაც შეეხება საჯაროობას, მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის გასაჯაროებისას პროკურატურა ითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა ინტერესებს:
“ერთია, დააკმაყოფილო საზოგადოების ინტერესი, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ აუცილებლად საქმის ინტერესებს და აუცილებლად ვითვალისწინებთ პროცესის იმ მონაწილეთა ინტერესებს, რომლებიც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არიან ჩართული,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმაც განაცხადა, რომ ის მიმართულებები, რაზეც ხაზი იყო გასმული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მეტწილად უკვე შესრულებულია.
“რამდენიმე დღის უკან ჩვენ დავასრულეთ თითოეული დეპარტამენტის ფუნქციური ანალიზი. რაც გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, თუ რა გამოწვევები გვაქვს და სამომავლოდ როგორ ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტოს ფუნქციონირებას. ამასთანავე, შსს-ს ისტორიაში პირელად, კერძო უწყება “სინერჯი” იყო შემოსული შინაგან საქმეთა სამინისტროში და მანაც ჩაატარა სამინისტროს სისტემის ფუნქციური ანალიზი,”- განაცხდა ლომუაშვილმა.
მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებენ, ეხება ფუნქციების გამიჯვნას, პერონალური მონაცემების დაცვის საკითხებს და გენერალური ინსპექციის მოდერნიზებასა და განვითარებას.
რაც შეეხება დეპოლიტიზებას, ლომუაშვილის თქმით, შსს-ში ეს პრობლემა არ არსებობს:
“დეპოლიტიზების კუთხით შინაგან საქმეთა სამნისტრომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. წინასაარჩევნო პერიოდშიც, მინისტრის ბრძანებით, ჩვენ შევხვდით ჩვენს თანამშრომლებს, ავუხსენით, თუ როგორი აქტივობები და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ამ პროცესებთან მიმართებაში,”- განაცხადა მან.
სოფო ვერძეულის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიზების პრობლემა რჩება ასეთ საკამათო საკითხად, EMC-იმ მოამზადა კვლევა, რომელიც შეეხება პოლიციის საქმიანობაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას.
“ჩვენ არა მარტო ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო შევაფასეთ, არამედ კონკრეტული შემთხვევები აღვწერეთ, სადაც ვფიქრობდით, რომ პოლიციის ქმედება არ იყო დაცლილი პოლიტიკური გავლენებისგან. ამაზე მიუთითებდა საქმის გარემოებები, ის ადამიანები, რომელთა მიმართაც პოლიციამ არაპროპორციული საპოლიციო მეთოდები გამოიყენა, ის შედეგები, რომელიც ამ საქმეში დადგა, საერთო ჯამში, საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტური გარემოება, რომელმაც ჩვენ გვაფიქრებინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში პოლიციის მოქმედება არ იყო დისტანცირებული პოლიტიკური კონტექსტიდან და პროცესებისგან. ასეთი კვლევების შექმნა, დოკუმენტირება, მტკიცებულების შექმნა, ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ პრიბლემის აღიარება მოხდეს. ამ პროცესში მთავარია ის, რომ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ის მზად არის, ინსტიტუციური რეფორმების გზით დაასრულოს ის რეფორმები, რაც მდგომარეობს სამართალდამცავ სისტემაში პოლიტიკური გავლენების არსებობაში,”- განაცხადა მან.
EMC აპირებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან და ხელი შეუწყოს ფორმატის შექმნას თავად სამართალდამცავ უწყებებთან თანანშრომლობისთვისაც.