ახალი ამბები

რატომ უფასურდება ლარი და რა უნდა იყოს მთავრობის პასუხი – ბესო ნამჩავაძე

11 ნოემბერი, 2016 • 2559
რატომ უფასურდება ლარი და რა უნდა იყოს მთავრობის პასუხი – ბესო ნამჩავაძე

2016 წლის აგვისტოდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 180 მილიონი აშშ დოლარის რეზერვი გაყიდა, თუმცა ლარი ბოლო კვირებში კვლავ უფასურდება: ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 11 ნოემბერს 1 აშშ დოლარი 2.4773 ლარი ღირს, ანუ წინა დღის მონაცმეთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა.

“ნეტგაზეთმა” ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე აზრი ჰკითხა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს. მას ვკითხეთ, თუ შეეძლო აეხსნა, რა იწვევს ლარის გაუფასურებას:

“საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე არც ხელისუფლებას აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება: ლარის კურსზე ინვესტიციებს,  სასესხო კაპიტალის მოძრაობას აქვს ძალიან დიდი გავლენა, ამაზე ინფორმაცია კი რამდენიმე თვის დაგვიანებით ქვეყნდება. შესაბამისად, ოფიციალური პირების განცხადებები ვარაუდებს, დაშვებებს ეყრდნობა და უბრალოდ პოზიტიური მოლოდინების შექმნისკენაა გათვლილი, ვიდრე რეალობა”, – გვიპასუხა GRASS-ის ეკონომისტმა.

როდესაც 10 ნოემბერს ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ჰკითხეს ლარის გაუფასურების მიზეზებზე, მან განაცხადა, რომ “მოკლევადიან რყევებზე ნებისმიერი ასეთ კომენტარის გაკეთება ძალიან დიდ რისკს შეიცავს”, და დასძინა, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ერვნული ვალუტა გამყარდება.

როგორც ბესო ნამჩავაძე გვიხსნის, როდესაც ოფიციალური პირები საუბრობენ, რომ საქმე არა გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებებთან, ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რას გულისხმობენ ამ ფაქტორებში: “ის, რომ იმპორტი 2%-ით შემცირებულია ოქტომბრის მდგომარეობით, ფულადმა გზავნილებმა ბოლო დღეებში ცოტათი მოიმატა, ეს არ არის საკმარისი ფუნდამენტური ფაქტორები, რომ ვისაუბროთ, თუ რა ხდება”, – მიიჩნევს იგი და აქვე განმარტავს, თუ რა იგულისმხება ფუნდამენტურ ფაქტორებში:

  1. ეკონომიკური ზრდა, რომელიც დავარდნილია — 9 თვის მაჩვენებელი არის 2.6%, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 1.5%-მდეც ჩამოვიდა.  
  2. მთავრობამ დაგეგმილი ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების ნაწილში 9 თვის გეგმა 2%-ით შეასრულა და ვერ მოახერხა დაახლოებით 160 მლნ დოლარის მოზიდვა.
  3. სეზონური ფაქტორი – ზაფხულთან შედარებით ტურისტების/ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია. როგორც ნამჩავაძე ამბობს, მართალია, რიცხვი გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ ლარმა გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო აგვისტოს ბოლოდან, როდესაც შესუსტდა ტურისტული სეზონი და აგვისტოსთან შედარებით ოქტომბერში 300 000 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა. “სეზონურობა სწორედაც რომ მოქმედებს ლარის კურსზე”, – ამბობს იგი.

2016 წლის აგვისტოდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 180 მილიონი აშშ დოლარის რეზერვი გაყიდა. როგორც ნამჩავაძე განმარტავს, ეროვნული ბანკის ჩარევის ერთადერთი რეალური მიზეზი იყო ის, რომ არჩევნების წინ ლარი გამყარებულიყო და საარჩევნო პერიოდს შედარებით სტაბილურ სიტუაციაში ჩაევლო.

“როგორც კი ჩაიარა არჩევნებმა, ბანკმა კიდევ გაყიდა 40 მილიონი, რითაც თითქოს დააფიქსირა, რომ ეს არ იყო არჩევნებთან დაკავშირებული და შემდეგ მიუშვეს კურსი, ვხედავთ, რომ ახლა ერთი დოლარის ფასი 2.50 ლარს უახლოვდება”, – ამბობს ნამჩავაძე.

ნამჩავაძის განმარტებითვე, ამ ინტერვენციებს ორი მიზეზით ამართლებდნენ: წინასაარჩევნო მოლოდინებითა და ერთჯერადი ტრანზაქციებით. “ახლა, არჩევნების შემდეგ, არარელევანტურია წინასაარჩევნო მოლოდინებზე საუბარი. ასევე, შესაძლოა, თიბისი ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის შესყიდვას ჰქონდა გავლენა, მაგრამ ამანაც ხომ ჩაიარა? ორივე ფაქტორი, რითაც ამართლებდნენ 180 მლნ-ის გაყიდვას (ჩემი აზრით, გაფლანგვას), დადასტურდა, რომ მცდარი იყო – არ ვიცი, შეცდნენ თუ განგებ მოიქცნენ ასე, თუმცა ეს ნამდვილად მცდარი იყო”, – ასკვნის ეკონომისტი.

“ნეტგაზეთმა” ბესო ნამჩავაძეს ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, ლარმა გაუფასურება შეწყვიტოს, რაზეც ასე გვიპასუხა: “ლარი შესაძლოა იმიტომ აღარ გაუფასურდეს მეტად, რომ უკვე 2.49-ს მიაღწია და გაუფასურებული ლარის კურსი გეხმარება საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში – დაეხმარება ექსპორტს, დააზარალებს იმპორტს. ამავე დროს, გაზრდილი კურსი დოლარზე ამცირებს მოთხოვნას დოლარზე და დოლარის საფასურია ლარში გამოხატული.

ამ პროცესის შედეგად შეიძლება დასტაბილურდეს და გაჩერდეს დღევანდელ დონეზე. ამას ჰქვია წონასწორობის კურსი. იპოვის თავის წონასწორობის კურსს და გაჩერდება, სანამ სხვა ძვრები არ მოხდება ეკონომიკაში. შეიძლება ეს წონასწორობის კურსი უფრო ნაკლებიც იყოს – რამდენიმე თეთრით, პირიქით, გამყარდეს ან გაუფასურდეს”, – ამბობს ეკონომისტი.

ბესო ნამჩავაძის დაკვირვებით, ლარის გაუფასურებით ძირითადად ზარალდება მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი ლარში: “ლარის გაუფასურება ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა ისე, რომ ინფლაციურ პროცესებზე ვისაუბროთ, 0-თან ახლოს არის ინფლაცია. მართალია, ადამიანები, ვისაც სესხი დოლარში აქვს, ზარალდებიან, თუმცა ამ ზარალს არ მიუღწევია იმ დონემდე, რომ ვისაუბროთ ფინანსურ არასტაბილურობაზე. ასეთი მაჩვენებელი – ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაახლოებით 2%-ია, ეს მაჩვენებელი სხვა დროსაც კი ყოფილა უფრო მაღალი. ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა გვიჩვენებს, რომ ამ ეტაპზე იმ დონეზე არ უჭირს მოსახლეობას სესხის დაფარვა, რომ დავალიანება გაზრდილიყო”, – ამბობს GRASS-ის მკვლევარი.

რა შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის და მთავრობის პასუხი ლარის გაუფასურებაზე?

ერთადერთი რამ, რაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გააკეთოს, ბესო ნამჩავაძის აზრით, არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ლარის კურსს დაეხმარება, მაგრამ თვითონ ნამჩავაძე ამ მექანიზმს არ ეთანხმება: “თუ ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, კიდევ უფრო შემცირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შეიძლება დაიწყოს დეფლაციური პროცესი, რაც ბიზნესისთვის ბევრად ცუდია, რადგან როდესაც ხარჯები გეზრდება და ფასი არ იზრდება პროდუქციაზე, ზარალში მიდიხარ და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეკონომიკა რეცესიაში შევიყვანოთ. ეკონომიკამ კლება დაიწყოს ზრდის ნაცვლად. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ქმედით ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ხელში”, – ამბობს იგი.

რაც შეეხება მთავრობას – ნამჩავაძეს მიაჩნია, რომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხონ, ის ჩამორჩენა, რაც აქვთ საგარეო გრანტებში, მიიღონ. მარტო პირველი სამი კვარტლის ჩამორჩენა 160 მლნ დოლარია, ეს თანხა თუ ჩაერიცხება დარჩენილ თვე-ნახევარში, საკმაოდ დაეხმარება ლარის კურსს. ამისთვის, რომ მივიღოთ ეს თანხა, საჭიროა მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს ისეთი, როგორსაც დონორები გვთხოვენ. მომავალი წლის ბიუჯეტის შეთანხმება მოხდეს სავალუტო ფონდთან, იყოს მათთვის მოსაწონად დაგეგმილი, რათა სტაბილურობას არ აზარალებდეს ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის აღება და ა.შ. ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენც ჩაგვერიცხება ეს თანხები, ასევე, ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ამ გრანტებზე ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოხდება და ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ლარის კურსს. 2017 წლიდან უნდა ვიფიქროთ ბიუჯეტში ნაკლები თანხის ხარჯვაზე.

ბესო ნამჩავაძე © ნეტგაზეთი

ბესო ნამჩავაძე © ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი