ახალი ამბებისამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის ქმედებას ამორალურად მიიჩნევს

5 ოქტომბერი, 2016 •
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის ქმედებას ამორალურად მიიჩნევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ქმედებას და მას მოსამართლის ქცევის ნორმებისათვის შეუფერებელს უწოდებს. საბჭომ ახვლედიანის საკითხზე დღეს სპეციალურ სხდომაზე იმსჯელა და საკუთარ პოზიციას განცხადების სახით მოგვიანებით წარმოადგენს.

საბჭოს წევრები საქმის სამართლებრივი შეფასებისაგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ დღევამდელი შეხვედრის მთავარი მიზანი სასამართლო სისტემის ავტორიტეტის დაცვა და მომხდარზე ერთგვარი რეაგირების მოხდენა იყო. საბჭოს წევრთა თქმით, შეფასებების გაკეთება მათ კომპეტენციას სცდება.

“ჩვენი მთავარი საზრუნავი არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა, დაცვა მისი ყოველგვარი ზეგავლენებისგან.

სხვა საკითხებზე განცხადებების გაკეთებისაგან საბჭო მაქსიმალურად თავს იკავებს. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს.” – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ნინო გვენეტაძემ.

საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო და არასამთავრობო სექტორისა და თავად ახვლედიანი მხრიდან საბჭოს მოსამართით გაჟღერებული ბრალდებები საბჭოსა და სასამართლოს იმიჯს აზიანებდა.

“საბჭოს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ მისი მხრიდან ხორციელდებოდა მოსამართლეებზე გავლენა, რომ მიეღო რაიმე პირადი სარგებელი, თუმცა ამას მაშინ ხმამაღლა ვერ ვამბობდით, ვინაიდან ეს იყო მხოლოდ ეჭვი,” – აცხადებს ლევან თევზაძე. თევზაძის თქმით, საბჭო ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია და მისი გამოქვეყნების შემდეგ ახვლედინის მიმართ არსებული ეჭვები მართლდება. მათ შორის ეჭვები იმის შესახებ, რომ მამუკა ახვლედიანს საქალაქო სასამართლოდან “ინფორმაცია გაჰქონდა მხარეებთან”.

საბჭოს წევრი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია ამბობს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს გავრცელებული ფარული ჩანაწერი:

“თუმცა საბჭო ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არის ამორალური და შეუფერებელი სამოსამართლო საქმიანობისათვის.” – აცხადებს ალანია.

დღეს საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ ისიც განაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანის მოქმედება დისციპლინის დარღვევის, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და “ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კორუფციას”.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 2016 წლის თებერვალში გადააყენა. საბჭოს წევრები მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ მამუკა ახვლედიანი არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩევებს და გადაწყვეტილებებს საბჭოს გვერდის ავლით იღებდა. ასევე, თვითნებურად ახორციელებდა მოსამართლეებზე საქმეების განაწილებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მათ შორის, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი არასამთავრობო სექტორმა არაერთხელ გააკრიტიკა. არასამთავრობოები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ საბჭომ ახვლედანი ისე დაითხოვა სასამარლოს თავმჯდომარის პოსტიდან, რომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება არ იყო დაწყებული. თავის მხრივ, საბჭოც მწვავედ აკრიტიკებდა არასამთავრობო სექტორის საქმიანობას და ისინი არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.  იუსტიციის უმაღესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ნათელი გახდა, არასამთავრობო სექტორი ცდებოდა.

2 ოქტომბერს, გვიან ღამით, ინტერნეტში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში ახვლედიანი გვარამიას საქალაქო სასამართლოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრება. მოგვიანებით, ნიკა გვარმაია განაცხადა, რომ ჩანაწერი მან თავად გააკეთა, ახვლედიანისათვის კი ეს გარემოება უცნობი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი