ახალი ამბები

“ხომ დავინახეთ, რაშიც არის საქმე” – მურუსიძე არასამთავრობოებს ახვლედიანის შესახებ მიმართავს

5 ოქტომბერი, 2016 • 1504
“ხომ დავინახეთ, რაშიც არის საქმე” – მურუსიძე არასამთავრობოებს ახვლედიანის შესახებ მიმართავს

“ხომ დავინახეთ, რეალურად საფრთხე რა ყოფილა”  – ასე მიმართავს იუსტიციის უმაღესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საკითხთან დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დღეს, 5 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესო საბჭო მამუკა ახვლედიანის საკითხის განსახილველად საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა. საგანგებო სხდომა დაინიშნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჩანაწერები, რომელიც ასახავს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორს, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბარს.

“ეს შეკრება და შეფასება მნიშვნელოვანია. რადგან თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირი ლანძღვა სასამართლო სისტემის. წყარო, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას რეალურად მთელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც ჩვენ ჩავნიშნავდით შეხვედრას, ჩვენთან არ მოდიოდნენ, მიდიოდნენ ბატონ მამუკასთან. და რეალურად ბატონი მამუკას განცხადებების გამო დადეს დასკვნა, რომ თურმე სასამართლოში ყოფილა კლანი, თურმე სასამართლოში ყოფილა კორუფცია და თურმე სასამართლოში ყოფილა ათასი უბედურება. მეგობრებო, მე მინდა პატივისცემით მივმართო არასამთავრობო სექტორს, ხომ დავინახეთ, ახლა რეალურად რაში არის საქმე და რეალურად საფრთხე რა ყოფილა. ფაქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო, მიუხედავად ასეთი თავდასხმებისა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეინარჩუნა სასამართლო სისტემა. ჩვენ რომ მაგრად არ დავმდგარიყავით, სასამართლო სისტემაში იქნებოდა ადამიანი, რომელიც მოსამართლის მანტიით გააკეთებდა ათას რაღაცას – კაცმა არ იცის, რას,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მათ შორის, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი არასამთავრობო სექტორმა არაერთხელ გააკრიტიკა. არასამთავრობოები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ საბჭომ ახვლედანი ისე დაითხოვა სასამარლოს თავმჯდომარის პოსტიდან, რომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება არ იყო დაწყებული. თავის მხრივ, საბჭოც მწვავედ აკრიტიკებდა არასამთავრობო სექტორის საქმიანობას და ისინი არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან 2016 წლის თებერვალში დაითხოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მწვავედ გააკრიტიკა საბჭოს საქმიანობა. ახვლედიანმა დატოვა მოსამართლის პოსტიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი