საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კორპუსისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ცდილობენ და ისინი არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
გოცირიძემ ეს განცხადება არასამთავრობო ორგაიზაცების – საიასა და TI-ის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა. ანგარიშში საბჭოს საქმიანობა კრიტიკულად არის შეფასებული.
გოცირიძე ამბობს, რომ მათი ანგარიში არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს, რომ საბჭოს საქმიანობის რაც შეიძლება მძიმე სურათი იყოს წარმოჩენილი.
“ეს არის ყველაზე ცუდი, სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად იქნას წარმოჩენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ეს არ დაწყებულა ახლა. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი. არასამთავრობო სექტორი, ეს კოალიცია საერთოდ, ისე შორს წავიდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაც კი იყო მოთხოვნილი მის მიერ მიღებული გარკვეულლი გადაწყვეტილებების გამო,”- განაცხადა მან.
მისივე თქმით, არასწორი და არაკეთილსინდისიერია იმის თქმა, რომ მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ ისახავდა მიზნად კანდიდატთა შეფასებას.
“ეს არის არა მარტო არასწორი, არამედ არაკეთილსიდისიერი დამოკიდებულება საკითხისადმი. რატომ არ არის ამ ანგარიშში თუნდაც სურვილი იმისა, რომ რაიმე თუნდაც დადებითი ყოფილიყო ამაზე ნათქვამი? მე ვერ ვნახე [ანგარიშში] რამე დადებითი ელემენტები, გარდა უმნიშვნელო საკითხების მითითებისა. მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ბევრი დადებითი ჰქონდათ ნამდვილად სათქმელი”.
ევა გოცირიძის სიტყვით გამოსვლის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების კრიტიკას დაეთმო:
“ის დამკვირვებლები, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიან და ამიტომ არ მიკვირს, რომ არასწორი ინფორმაცია იყოს ამაში გადმოცემული, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც გავხედავთ ჩვენს დამკვირვებლებს და ყველა მათგანს ტელეფონში აქვს თავი ჩარგული და მხოლოდ მესიჯობით არიან დაკავებული. ასე ხელაღებით, ამის გამო ცოტა ჩემთვის არის უხერხული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი კრიტიკა, რომელიც ისტორიას უნდა დარჩეს, ვიდრე არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს,”- განაცხადა მან.
გოცირიძემ ასევე გააკრიტიკა კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საბჭო მოსამართლეებს გარიგებებით ნიშნავს.
“ჩვენი პირდაპირი ბრალდება, რომ ჩვენ გარიგებებით ვახორციელებთ ამას [მოსამართლეთა დანიშვნას], არ მგონია, რომ ეს იყოს თქვენი საქმე. ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და მაპატიეთ და მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ტექსტი, ამას აკლია როგორც პროფესიონალიზმის დონე, ასევე კეთილსინდისიერების ხარისხი,”- განაცხადა მან.
ანგარიშში, რომელიც 25 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და საიამ USAID-ისა და EWMI-ს მხარდაჭერით მოამზადეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გაკრიტიკებულია.
კერძოდ, საუბარია, რომ საბჭომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი გაუმჭვირვალედ წარმართა და არ იყო უზრუნველყოფილი გასაუბრების თანაბარი პროცესი. ანგარიშის თანახმად, იყო კითხვები მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით. არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საანგარიშო პერიოდში საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა რამდენჯერმე გამოვლინდა და ვერც ერთ შემთხვევაში საბჭომ ვერ უზრუნველყო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც არასამთავრობოების ანგარიშში არის საუბარი, არის მედიის მიერ სხდომების სრულად გაშუქების შეზღუდვა. როგორც არასამთავრობოები საუბრობენ, კანონით გარანტირებულია საბჭოს სხდომების ღიაობა, თუმცა საბჭოს აქვს დადგენილი განსხვავებული წესი, როემლიც უფლებას აძლევს მედიას, გადაიღოს მხოლოდ სხდომის გახსნითი ნაწილი.
რაც შეეხება პოზიტიურ ნაწილს, ანგარიშში დადებითად შეფასდა ის, რომ საბჭომ ყველა შემთხვევაში წინასწარ გამოაქვეყნა სხდომების დღის წესრიგი. ასევე, წინა წლებთან შედარებით დროულად ქვეყნდებოდა საბჭოს გადაწყვეტილებები. პოზიტიურ ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო ან მისი წევრთა ნაწილი ცალკეულ შემთხვევაში საჯარო განცხადებებით განმარტავდა მიღებულ გადაწყვეტილებებს.
წარმოდგენილი ანგარში 2015 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო სხდომებზე დაკვირვებით არის მომზადებული.
ანგარიშის პრეზენტაციიას ესწრებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იუსტიციის უმეღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები.