ახალი ამბები

“ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კორუფციას” – იუსტიციის საბჭო ახვლედიანის საკითხზე მსჯელობს

5 ოქტომბერი, 2016 •
“ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კორუფციას” – იუსტიციის საბჭო ახვლედიანის საკითხზე მსჯელობს

დღეს, 5 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამარლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საკითხის თაობაზე საგანგებო სხდომაზე მსჯელობს.

საგანგებო სხდომა დაინიშნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც ასახავს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბარს.

საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, მამუკა ახვლედიანის მოქმედება დისციპლინის დარღვევისა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს:

“სასამართლოს თავმჯდომარის კომუნიკაცია, აღარც აქვს მნიშნელობა, ვისი ინციატივით მოხდა ეს, ამ ფაქტის დაშვება არის სერიოზული დარღვევა სასამართლო დისციპლინისა, თუ უფრო მეტი არა. გარდა ამისა, იქ იყო კიდევ უფრო ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელი ამბები, კერძოდ, შეთავაზება სამსახურიდან სკანდალური გადადგომის თაობაზე და სანაცვლოდ გარკეული დახმარების დაპირება. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კორუფციას და უფრო მეტიც, ეს არის სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში და ყოვლად მიუღებელი ფაქტი,”- განაცხადა ევა გოცირიძემ საბჭოს სხდომაზე.

მკაცრ შეფასებას აძლევს მამუკა ახვლედიანის მოქმედებას საბჭოს მოსამართლე წევრი, მერაბ გაბინაშვილი:

“იმის მაგივრად, რომ როგორც მოსამართლე და როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თვითონ იყოს გარანტი მის სასამართლოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარემოს შექმნისა, ის პირიქით, თვითონ გახდა ინიციატორი იმისა, რომ კომუნიკაციაში შესულიყო მხარესთან, რომლის მხარეც თვითონ იყო წარმომადგენელი პროცესზე და თვითონ იღებდა მონაწილეობას პროცესებში, შეხვდა მას, მიჰქონდა მასთან, პირდაპირ ვიტყვი, ამბები, რას ფიქრობდა მოსამართლე კონკრეტულ შუამდგომლობებებთან დაკავშირებით. შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის კომპეტენციას, აუგად და ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს თავის კოლეგებს,”- განაცხადა გაბინაშვილმა.

საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, თამარ ალანიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ახვლედიანის მოქმედება შეურაცხმყოფელია:

“ეს გარიგება, რომელსაც, ყოფილი თავმჯდომარე ცდილობდა თუ ახორციელებდა მხარესთან, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც ინდივიდუალურად მოსამართლისათვის, ისე მთელი სასამართლო კორპუსისთვის. ის საუბრობდა სხვადასხვა საქმეებზე, სხვადასხვა ურთიერთობებზე, რომლის განხორციელებაც მას სურდა, და ეს გამოიხატება გარკვეული ზემოქმედების მცდელoბის სახით. ეს არის შეურაცხმყოფელი თითოული საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის,”- თქვა ალანიამ.

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მწვავედ გააკრიტიკა საბჭოს საქმიანობა. ახვლედიანმა დატოვა მოსამართლის პოსტიც.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი