იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. მის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შეასრულებს, რომელიც უხელმძღვანელებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასაც, ხოლო სისხლის სამართლის კოლეგიას უხელმძღვანელებს ეკა არეშიძე.
ახვლედიანის გადაყენებას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი ერთის წინააღმდეგ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელმაც ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ სადისციპლინო კოლეგიის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება და თანაც ისე, რომ არ მოისმინა მამუკა ახვლედიანის მოსაზრებები.
“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: ერთი, რომ დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას ითხოვდა, წარმოედგინა თავის დასაცავი არგუმენტები. მეორე – იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ეს იგივეა, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება. აქ დაირღვა პროცედურული დებულებები”, – განაცხადა მჭედლიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას დაუჭირეს მხარი, აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანი არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩევებს და გადაწყვეტილებებს საბჭოს გვერდის ავლით იღებდა. ასევე, თვითნებურად ახორციელებდა მოსამართლეებზე საქმეების განაწილებას.
“საქართველოს სასამართლოში იგი პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა მენეჯმენტს იმ დონეზე, რაც საჭრო იყო. მან ერთხელ მოგვმართა წინადადებით კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა ჩვენ არ გავიზიარეთ ეს პოზიცია, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა საბჭოს კომპეტენციაში შედიოდა. თუმცა მან საბჭოს გვერდის ავლით, თვითნებურად განახორციელა თავისი ბრძანებით, რამაც გამოწვია ის, რომ სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განაწილების წესი დაირღვა. მან უგულებელყო საბჭოს ნება, არ გაეუქმებინა ვიწრო სპეციალიზაციები საქალაქო სასამართლოში და პრაქტიკულად გააუქმა ეს სპეციალიზაციები და უგულებელყო საბჭოს ნება”, – განაცხადა საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ “შესაძლო დარღვევაზე” დღეს მსჯელობდნენ. თვითონ ახვლედიანი სხდომას არ ესწრებოდა.
“მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას აღმოჩენილი შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის ანალიზი”, – ასეა ფორმულირებული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დაყენებული საკითხი, რომელიც მამუკა ახვლედიანს ეხებოდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ამის შემდეგ სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ახვლედიანმა ამ თემაზე ახსნა-განმარტება 10 თებერვალს გაასაჯაროვა. გვენეტაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ახვლედიანის დათხოვნა ამ დისციპლინურ დევნასთან კავშირში არ არის.