ახალი ამბები

გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

30 სექტემბერი, 2016 • 2373
გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც მეთორმეტე დღეა გაფიცული არიან, თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. მშენებლობას საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ახორციელებს, რომლისგანაც მუშები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულმა მუშებმა 28 სექტემბერს გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს. როგორც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” წარმომადგენელი, ილო ლეჟავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მუშების ნაწილი გვირაბის პიკეტს გააგრძელებენ, ნაწილი კი თბილისში შიმშილობის აქციის დასაწყებად მოემგზავრება.

ლეჟავას თქმით, გუშინ შეხვედრა გაიმართა სქართველოს რკინიგზაში, რომელსაც როგორც კომპანიის, ასევე “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” ხელმძღვანელი და გაფიცული მუშებიც ესწრებოდნენ. ილო ლეჟავას თქმით, შეთანხმების მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა.

მერე დღეა, გაფიცვა დაიწყო სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა 80-მდე მუშამ ქვიშხეთშიც. მშენებლობას ქვიშხეთშიც “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

როგორც ქვიშხეთში ერთ-ერთი დასაქმებული, ოთარ კიკნაძე აღნიშნავს, დამსაქმებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს:

“ძირითადი მოთხოვნა არის უსაფრთხოება და სასვენების დღეები. კვირაში ერთი დღე დასვენება არ შეიძლება. თუ დაისვენებ, უნდა წახვიდე სამსახურიდან. ბიულეტინი არ არის. გაუმართავი ტექნიკა, გვირაბში ნორმალურად ჰაერი არ შემოდის. 4 კილომეტრზე ვმუშაობთ და და გარედან თუ არ შემოიტანა პროპელერმა, ჰაერი არ იქნება და ისინი გაუმართავია. კონტრაქტი კარგია, ლამაზადაა დახატული, მაგრამ გაკეთებით არავინ აკეთებს.” – ამბობს ოთარ კიკნაძე.

გაფიცვა ზვარეში უკვე მეთორმეტე, ქვიშხეთში კი მეორე დღეა მიმდინარეობს. მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას,  ითხოვენ.

მუშები კომპანიისგან მუშაობის პროცესში სპეციალური სამოსით უზრუნველყოფას და წილობით გარანტიასაც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა და სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს, მათ სამსახურიდან არ დაითხოვს.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი