საზოგადოება

რის გამო დაიღუპა 27 წლის ბიჭი მშენებლობაზე

14 აპრილი, 2022 • 3569
რის გამო დაიღუპა 27 წლის ბიჭი მშენებლობაზე

27 წლის ჯაბა ქამადაძე თბილისში მშენებლობაზე მუშაობისას სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

ობიექტი, რომელზეც ის მუშაობდა, მშენებარე საკალათბურთო არენაა, რომელმაც 2022 წლის ევრობასკეტის რამდენიმე მატჩს უნდა უმასპინძლოს და რომლის მშენებლობასაც სახელმწიფო აფინანსებს.

საქმეზე გამოძიება დაიწყო; შრომის ინსპექცია სწავლობს, იყო თუ არა მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული. შედეგების გამოქვეყნებამდე „ნეტგაზეთმა“ სცადა, კითხვებზე პასუხი მოეძიებინა.

ჯაბა ქამადაძე

ჯაბა ქამადაძე წარმოშობით აჭარიდან იყო, თუმცა მისი მშობლები მარნეულში, სოფელ ხიხანში ცხოვრობდნენ მას თბილისში ჰქონდა ბინა ნაქირავები და იქ ცხოვრობდა.

ჯაბა ქამადაძის მეგობარი, ნიკა ნარსია იხსენებს, რომ გერმანიაში გეგმავდა სამუშაოდ წასვლას და საბუთებიც გამზადებული ჰქონდა წასასვლელად, თუმცა ნაქირავები ბინა გაქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად საბუთებიც მოჰპარეს.

ჯაბა ქამადაძე სამოქალაქო აქტივისტი იყო და ხშირად დადიოდა საპროტესტო აქციებზე. ფოტოები მისი პირადი ფეისბუკიდან

მეგობრის თანახმად,  „ამიტომ გაეწელა წასვლის დრო,  ყველა საბუთი ხელახლა გასაკეთებელი გაუხდა“, ხოლო ლოდინის პერიოდში, შემოსავლის გაჩენის მიზნით, „მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით“.

სამშაბათს, 12 აპრილს, დაახლოებით შუადღისას, მშენებარე ობიექტზე, სიმაღლეზე სამუშაოებს ასრულებდა, – „სამშენებლო კალათზე“ იდგა.

„[გამოძიებამ რომ კადრები გვაჩვენა, იქ ჩანს, რომ] კალათა ინგრევა, მთლიანი „სტრელა“ მოდის ქვემოთ… და, ეტყობა, დანგრევის დროს აქვს თავი დარტყმული“, – ამბობს ოჯახის ახლობელი, რომელსაც პოლიციაში მისი დაღუპვის კადრები აჩვენეს.

ჯაბა ქამადაძე ჩამოვარდნისას, ადგილზე გარდაიცვალა.

რამ გამოიწვია კალათის ჩამოვარდნა?

შრომის ინსპექციაში ამ ეტაპზე დადასტურებულად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაღუპული სიმაღლიდან გადმოვარდა, თუმცა, რა სიმაღლიდან და რა მიზეზით, ამას შრომის ინსპექტორები ადგილზე სწავლობენ, დასკვნების შემდეგ კი მიგნებები გასაჯაროვდება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

ინსპექციის დასკვნამ უნდა აჩვენოს, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული, ხოლო გამოძიებამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ძლიერი ქარი

სამშაბათს, 12 აპრილს, როდესაც ჯაბა ქამადაძე სიმაღლიდან ჩამოვარდა, თბილისში ძლიერი ქარი ქროდა, თუმცა კომპანია ამბობს, რომ დაღუპული შიდა სივრცეში მუშაობდა.

„დიდი ალბათობით, ასეთ ქარში უნდა შეჩერებულიყო სამუშაოები“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ნიკა კაკაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) შრომის ინსპექტორი.

იგი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 361-ე დადგენილებაზე, – მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე, – რომელიც ადგენს სხვადასხვა შემთხვევას, როდესაც ძლიერი ქარისას სამუშაოები უნდა შეწყდეს:

„მაგალითად, რიგ შემთხვევებში, როდესაც ქარის სიჩქარეა 15 მ/წმ ან უფრო ძლიერი, უნდა შეწყდეს სამუშაოები. არის შემთხვევები, როდესაც 10 მ/წმ-ზეც უნდა შეწყდეს“, – ამბობს ნიკა კაკაშვილი.

„თუ რაღაც პერიოდით ქარი ჩადგა, მაგ შემთხვევაში შეუძლიათ გაგრძელება, მაგრამ გაზომვები უნდა ჩატარდეს შესაბამისი ხელსაწყოთი, ანონიმეტრით. თუ დასაშვებ ზღვრებშია ქარის სიჩქარე, მაშინ შეუძლიათ, გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ თუ აღემატება ნორმას, უნდა შეაჩერონ“, – ამბობს იგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ 13 აპრილს საბურთალოზე ქარის სიჩქარე დაახლოებით 25-26 მ/წმ-მდე დაფიქსირდა (ხოლო აეროპორტის მიდამოებში ქარის სიჩქარე 32-33 მ/წმ-ს აღწევდა, რაც გრიგალის გრადაციაა).

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, ძლიერი ქარის გამო, უწყებაში  90 გამოძახება დაფიქსირდა.

თუმცა სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენში“ „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დაღუპული დასაქმებული არა გარე პერიმეტრზე, არამედ შიგნით მუშაობდა და ქარი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია.

„ეს იყო შიდა სამუშაოები. როგორც იცით, შენობა უკვე გადახურულია, დასრულებულია ყველა მხრიდან, შესაბამისად, გარე მუშაობა არ ხდებოდა“, – გვითხრეს კომპანიაში.

მშენებლობა

კონსტრუქცია, რომლის მშენებლობაზეც ჯაბა ქამადაძე იყო დასაქმებული, თბილისში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე შენდება, იქ უკვე აშენებული სპორტის სასახლის გვერდით.

მშენებარე შენობაში იქნება ახალი დარბაზი, რომელმაც 2022 წელს [პანდემიის გამო გადადებული] „ევრობასკეტის“, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრებს უნდა უმასპინძლოს.

2021 წლის დეკემბერში თბილისში ვიზიტით მყოფმა კამილ ნოვაკმა, – კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, – განაცხადა, რომ შეშფოთებული იყო არენის მშენებლობის დაბალი ტემპების გამო.

მშენებლობა 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია.

„დაგვარწმუნეს, რომ ამ პროცესს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. სიმართლე ვთქვა, შეშფოთებული ვარ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტში ვიყავი. დრო გადის. მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შენობის სახურავი ამ დროისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ნოვაკმა.

2022 წლის 27 თებერვალს ამავე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ტერიტორია და შენობა ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია „სპორტმშენსერვისს“, რომლის 100%-იანი წილიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკუთვნის.

სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს.

„უბედური შემთხვევა“

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დამკვეთს, სახელმწიფო კომპანია „სპორტმშენსერვისს“, აქვს უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახური, რომელსაც შტატში რამდენიმე თანამშრომელი ჰყავს.

„ნეტგაზეთმა“ სცადა „სპორტმშენსერვისის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გიორგი დარსაველიძესთან დაკავშირება „სპორტმშენსერვისის“ საქალაქო ხაზის გამოყენებით, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

ამასთან, სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენში“ აცხადებენ, რომ დასაქმებულის გარდაცვალება „უბედურ შემთხვევას“ უკავშირდება და „ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო“:

„რა თქმა უნდა, ყველა ობიექტზე გვყავს შრომის უსაფრთხოების ინჟინერი და ისინი აკონტროლებენ სიტუაციას… ყველანაირი შრომის უსაფრთხოება დაცული იყო. ტროსებიც… მათ შორის გარდაცვლილი პიროვნებაც დაბმული იყო სპეციალური სამაგრებით. ეს იყო უბედური შემთხვევა“, – გვითხრეს „საბა კონსტრაქშენში“.

ვის ეკუთვნის მშენებელი კომპანია?

„საბა კონსტრაქშენი“ 2012 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საბა ინვესტი“.

თავის მხრივ, „საბა ინვესტის“ მფლობელია მოქალაქე სლავა შერაზადაშვილი, დირექტორი კი – ლევან თარგამაძე.

სლავა შერაზადიშვილის სახელზე საქართველოში ამ დროისთვის სხვა არცერთი კომპანია არ არის დარეგისტრირებული.

351 მილიონი სახელმწიფოსგან

დაარსების დღიდან „საბა კონსტრაქშენს“ მონაწილეობა მიღებული აქვს 105 სახელმწიფო ტენდერში, საიდანაც თითქმის 40% აქვს მოგებული.

მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 351.5 მილიონ ლარს აღწევს; მათ შორის 11 გამარტივებული შესყიდვის ღირებულებააა 74.9 მლნ ლარი.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ბესიკ დონაძის ცნობით, სწორედ გამარტივებული შესყიდვით მოხდა სპორტის სასახლის ასაშენებლად ხელშეკრულების დადება.

ტენდერის ღირებულება 72 მილიონი ლარი იყო, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში სახელმწიფო კომპანიამ, „სპორტმშენსერვისმა“ წარადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც დაზუსტებული ღირებულება თითქმის 20 მილიონი ლარით გადასცდა სახელშეკრულებო ღირებულებას.

საბოლოოდ დარბაზის აშენება სახელმწიფოს უჯდება  90.6 მლნ.

პროექტის ჩაბარების ვადად ამჟამად 2022 წლის 15 მაისია განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი