ახალი ამბები

ზვარეში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

28 სექტემბერი, 2016 • 1869
ზვარეში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

უშედეგოდ დასრულდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან მდებარე სარკინიგზო გვირაბის გაციფულ მუშებსა და საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” შორის მოლაპარაკება. როგორც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” წარმომადგენელი, ილია ლეჟავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, კომპანიამ უკვე შეთანხმებულ საიკითხებზე დაიხია უკან:

“გამოდის ისე,  ზვარეში დასაქმებულებმა რომ გაფიცვა შეწყვიტონ და ახალი ხელშეკრულება გააფორმონ, შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხელფასები უნდა დააკლდეთ. ჯერ ხელფასის მატებაზეც საუბარი არ არის და დამსაქმებლის პოზიციაა, რომ უნდა დააკლდეს ხელფასი და თუ ზეგანაკვეთურს იმუშავებს, იმითი დაუკომპენსირდეს ის, რაც აქამდე ჰქონდათ და ეს მთლიანად მიუღებელია ჩვენთვის. შესაბამისად, ასეთ დამსაქმებელთან მოლაპარაკებას ჩვენ ვერ გავაგრძელებთ” –  ამბობს ილია ლეჟავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მისი თქმით, დამსაქმებელთან მოლაპარაკებების გაგრძელებას შედეგი არ მოაქვს და პროფკავშირი მუშებთან ერთად რადიკალურ ზომებზე გადავა, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით გამოხატავენ მუშები პროტესტს, ამას ხვალ გადაწყვეტენ.

დღვანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ მივლინებულმა მედიატორმა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, რომელიც მხარეებს მოლაპარაკებების წარმართვაში ეხმარება, პროცესი დასასრულებლად მზად იყო, როცა “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა.

ჟორჟოლიანის თქმით, კომპანია დასაქმებულებს თვეში 28 დღეს ამუშავებდა. მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები 26-დღიან სამუშო თვეზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მუშები კვირაში 6 დღე იმუშავებდნენ და თვეში 4 დღე დაისვენებდნენ:

პირველივე დღეებში, რადგან მე ვიცოდი, რომ ეს იქნეობდა პრობლემური საკითხი, მივიღე გარანტია კონკრეტული ხელმძღვანელი პირებისგან,  რომ ხელფასი არ შეიცვლებოდა და დღემდე მეც და პროფკავშირის წარმომადგენლებმაც ვიცოდით, რომ იქ ხელფასი არ შეიცვლებოდა იმიტომ, რომ მე ეს ახსნილი მაქვს მათთვის, რომ 30 დღიდან 28 დღე მუშაობაში აძლევთ კონკრეტულ ხელფასს, სიტყვაზე, 700 ლარს. ეს არის უკანონობა და ადამიანებს აქვთ უფლება, რომ დაისვენონ. დამსაქმებელს აქვს ასეთი წარმოდგენა, რომ იმ 28 დღეში რასაც უხდიდნენ, ის უნდა შემცირდეს ორი დღის ხელფასით”, – ამბობს პროცესში ჩართული მედიატორი.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კომპანია ფაქტობრივად აიძულებს დასაქმებულს, რომ ისევ 28 დღე იმუშაოს, რათა იგივე ხელფასი მიიღოდ, რაც ამ ადამიანების მდგომარეობას არ ცვლის. 

მედიატორი არც მუშების პროტესტის გამწვავებას გამორიცხავს:

ალბათ პროტესტის ხარისხი გაიზრდება, მე ასეთი ვარაუდი მაქვს. მე ზოგადად პროტესტის გაზრდის მომხრე ნამდვილად არ ვარ, თუმცა მე მინდა, სწორი მოლოდინი ჰქონდეს საზოგადოებას. ჩვენ, სამინისტრო ამ შემთხვევაში და მე პირადად ვარ მედიატორი, მხარეები იღებენ გადაყწვეტილებას. ჩემი ვალია, რომ რეალობაში დავაბრუნო ორივე მხარე. ერთის შემთხვევაში ეს მარტივია, მეორის შემთხვევაში, რომელმაც სულ ორი კვირაა შრომის კოდექსის კითხვა დაიწყო და თარგმნა, ეს არის ძალიან რთული” – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გაფიცვა ზვარეში უკვე მეცხრე დღა მიმდინარეობს. მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას,  ითხოვენ.

მუშები კომპანიისგან მუშაობის პროცესში სპეციალური სამოსით უზრუნველყოფას და წილობით გარანტიასაც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა და სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს, მათ სამსახურიდან არ დაითხოვს.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ახორციელებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი