ახალი ამბები

3 დაღუპული მუშის საქმეზე ბრალი 2 პირს წაუყენეს და გირაოთი გამოუშვეს

9 დეკემბერი, 2020 • 2161
3 დაღუპული მუშის საქმეზე ბრალი 2 პირს წაუყენეს და გირაოთი გამოუშვეს

ორთაჭალაში ერთ-ერთ მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად სამი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს გირაო შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ გირაოს მოცულობად 7000-7000 ლარი განუსაზღვრა.

ბრალდებულებს 1.5 წლით პატიმრობა ემუქრებათ. არცერთი მათგანი მენეჯერულ რგოლს არ წარმოადგენს.

ერთ-ერთი დაღუპულის მეუღლე გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებს, ახლა უკვე სამოქალაქო სამართლით გააგრძელოს დავა კომპანიასთან.

როგორ დაიღუპა სამი დასაქმებული

2019 წლის 16 მარტს თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) #12-ში მშენებარე კორპუსიდან მუშები ჩამოცვივდნენ.

დასაქმებულები, შალვა ფუტკარაძე, ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხია ხუჭუა, მშენებარე კორპუსის გარე ფასადზე, დაახლოებით მე-11 სართულთან, ე.წ. სამშენებლო კალათზე (ე.წ. „ლულკაზე“) იდგნენ.

ბაგირი, რომლითაც კალათა კორპუსზე იყო ჩამოკიდებული, ჩამოწყდა, კალათა ჩამოვარდა და სამივე მათგანი ჩაიყოლა.

შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

რამდენიმე საათში საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძემ.

❗️მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა.

❗️წაიკითხეთ სტატია: http://netgazeti.ge/news/349701/

Posted by Netgazeti on Tuesday, March 19, 2019

ვეფხია ხუჭუა, რომელიც მძიმე დაზიანებებით იწვა საავადმყოფოში და მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ, ერთ კვირაში, 22 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჩამოვარდნის დღესვე დაიწყო მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის (ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე) მუხლით.

„გაჭიანურებული გამოძიება“

ერთ-ერთი დაღუპული დასაქმებულის, ვეფხვია ხუჭუას მეუღლე, ნინო მჭედლიძე გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ცნეს დაზარალებულად (ხუჭუას უფლებამონაცვლედ).

მჭედლიძის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა.

EMC-ის იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოძიების არაგონივრულ ვადაში წარმართვა და პროცესების გაჭიანურება იყო.

„თითქმის ყველა საპროცესო მოქმედების ჩატარება ჭიანურდებოდა. რამდენიმე მიმართვა გვჭირდებოდა, რომ დროულად ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები“, – ამბობს ის.

ადვოკატის თქმით, დიდი დრო დასჭირდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შედგენას.

„გაიწელა სამხარაულიდან დასკვნის მიღების პერიოდი და შემდგომ უკვე, როცა დასკვნა მიიღეს, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რაც შსს-ს უნდა ჩაეტარებინა, დროში იწელებოდა.“

„შეიცვალა რამდენიმე გამომძიებელი და პროკურორი, შესაბამისად, ყველასთან ახალ-ახალი კომუნიკაცია გვჭირდებოდა“, – მიუთითებს ადვოკატი.

ვის წაუყენეს ბრალი

გამოძიების შედეგად 2020 წლის 27 ნოემბერს პროკურატურამ ორ პირს წარუდგინა ბრალი 240-ე მუხლით: თეიმურაზ მ-სა და ირაკლი ჯ-ს. მათ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

არცერთი მათგანი არ არის მაღალი მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი: ერთი სამშენებლო მოედანზე სამუშაოთა მწარმოებელი იყო, მეორე კი, შრომის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, — ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი.

„მონოლით სითის“ მშენებლობა — სადაც დასაქმებულები დაიღუპნენ. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში უნდა გამოკვეთილიყო ისიც, თუ რამდენად ჰქონდა კონკრეტულ დირექტორს დანაშაულის შეცნობადობა:

„ანუ რამდენად იცოდა, რომ მის კომპანიაში ასე ირღვეოდა შრომის უსაფრთხოების წესები და რამე ზომა მიიღო თუ არა ამის გამოსასწორებლად“.

თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, არც ამ და არც სხვა მრავალ საქმეში ასე არ მომხდარა.

„მონოლითი“ და „ემ ჯი ალიანსი“ – კომპანიის შესახებ

საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი „მონოლით სითი“, რომელზეც დაღუპულები მუშაობდნენ, ორთაჭალაში 2016 წლიდან შენდება.

მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) „მონოლით ჯგუფია“, უშუალოდ მშენებელი კომპანია კი — „ემ ჯი ალიანსი“. ამასთან, „ემ ჯი ალიანსის“ 75%-იანი წილის მფლობელიც „მონოლით ჯგუფია“.

[2019 წლის გაზაფხულისთვის კომპანიის გაურემონტებელი ბინების, ანუ თეთრი კარკასის ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობდა].

„ემ ჯი ალიანსის“ დირექტორი ზაზა იჩქიტიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ მას მშენებლობაზე შრომის და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობისათვის სხვა კომპანია ჰყავდა დაქირავებული — „ეიჩ ეს ი სერვის გრუპი“ (HSE Service Group).

იჩქიტიძის თანახმად, „ემ ჯი ალიანსსა“ და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს უკანასკნელი იღებდა პასუხისმგებლობას დარღვევებსა და „უბედურ შემთხვევებზე“.

„გამოძიება სიტყვაზე ენდობა დირექტორს“

EMC-ის იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში „გამოძიება თითქოს სიტყვაზე ენდობა დირექტორს“:

„გამოძიება არ გადაამოწმებს ხოლმე, რამდენად ჰქონდა შესაძლებლობა დირექტორს, სცოდნოდა, ირღვეოდა თუ არა შრომის უსაფრთხების წესები მის კომპანიაში და საერთოდ რა მოქმედებებს ახორციელებდა, რომ ეს წესები არ დარღვეულიყო“, – ამბობს იგი.

გამონაკლისად იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი ასახელებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე, როგორიც ტყიბულის 2018 წლის აპრილის შემთხვევა იყო, სადაც 6 დასაქმებული დაიღუპა.

ამ საქმეზე, ჩუთლაშვილის თქმით, „მაღალი მენეჯერული რგოლის, შახტის დირექტორის პასუხისმგებლობა დადგა. თუმცა ეს საქმე მაინც საბოლოოდ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა“.

„ერთია, რომ კომპანიას [„ემ ჯი ალიანსს“] შრომის უსაფრთხოების კონსულტანტი ჰყავდა დაქირავებული, და მეორეა, რომ თუ ხედავს, რომ კეთილსინდისიერად არ ასრულებს იგი თავის მოვალეობას, დირექტორმა ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს“, – მიუთითებს ადვოკატი.

„გამოძიება ამბობს, — „დირექტორმა თქვა და წარმოადგინა დოკუმენტები, რომ დაქირავებული ჰყავდა შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, კონსულტანტი“, — და ამის იქით გამოძიება აღარ მიდის“, – ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი და განმარტავს, რომ არსებობს რისკი, რომ ასეთი ხელშეკრულებები ფიქტიური შეიძლება იყოს.

გამოძიება ად პასუხისმგებლობა – სტატისტიკა

შრომის ინსპექციის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სამუშაო ადგილებზე 163 საწარმოო შემთხვევა მოხდა. ხოლო 2018 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199 ადამიანი.

რაც შეეხება ამ საქმეებზე გამოძიების წარმოებას: EMC: შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს- 224 შემთხვევაზე.

როგორც EMC მიუთითებს, „გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკამოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი“.

კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად კი, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

კომპანიის პასუხისმგებლობა, რომლის ცნებაც არ არსებობს

ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ კიდევ ერთი ხარვეზი, რაც გამოძიებას უკავშირდება, კანონმდებლობის ზოგადი პრობლემაა:

„240-ე მუხლით იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული“.

„ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ კომპანიას არ ეხება სისხლის სამართლის პასუხისმგელბობა, რაც ასევე მოქმედებს დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობაზე“, – გვეუბნება იგი.

თუმცა გამოძიების დასრულების შემდეგ, ვეფხვია ხუჭუას მეუღლე, ნინო მჭედლიძე კომპანიასთან სამოქალაქო დავის წარმოებას აპირებს.

სამოქალაქო დავა

მის ინტერესებს ამ შემთხვევაშიც EMC დაიცავს. იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი განმატავს, რომ დაზარალებულის მხარე გამოძიების დასრულებას ელოდა, რათა „დადასტურებულიყო, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი ვეფხვიას მიმართ“.

„ახლა უკვე გვაქვს აღებული ცნობა გამოძიების დასრულების შესახებ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება სარჩელზე მუშაობა“, – ამბობს იგი.

სარჩელი უშუალოდ კომპანიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა კერძო პირის მიმართ.

2019 წლის ივნისში „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორი, ზაზა იჩქიტიძე აცხადებდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული, ნოდარ ჩაკვეტაძე მასთან არ მუშაობდა, კომპანიას მასთან კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონია და ვეფხვია ხუჭუამ და შალვა ფუტკარაძემ „შემოაპარეს“ სამშენებლო მოედანზე:

„ჩაისვეს კალათაში ორივემ და სამი კაცი ავიდა და ეს აბსოლუტურად უდანაშაულო კაცი, საერთოდ არაფერში რომ არ ეწერა, იქ რომ არ უნდა ყოფილიყო, ასე გარდაიცვალა“.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: გამოძიების დასრულების შესახებ ცნობაში, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მითითებულია, რომ გამოძიებაში ვეფხვია ხუჭუას ბრალეულობა არ გამოკვეთილა.

ვრცლად ამ ამბის შესახებ გირჩევთ:

„კანტეფიც რომ მოგცეთ, ჩემი კეთილი ნება იქნებაო“ – რას ყვება დაღუპული მუშის ცოლი კომპანიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი