ახალი ამბები

საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში

21 მაისი, 2012 • • 1204
საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში

ნატოს ჩიკაგოს სამიტი
ნატოს ჩიკაგოს სამიტი

ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოს ორი თავი ეთმობა (29–ე და 30–ე), სადაც აღნიშნულია, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს ევრო–ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვაში მიღწეულ პროგრესს რეფორმების კუთხით და რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ძალაშია.

 

“2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ჩვენ მივისალმებით ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს ევრო–ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვაში მიღწეულ პროგრესს რეფორმების კუთხით, წლიური ეროვნული პროგრამის დანერგვით. ასევე, ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით.

ჩვენ ვაგრძელებთ, აქტიურად მხარი დავუჭიროთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ეხება საარჩევნო, სასამართლო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას 2012–2013 წლებში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას  ISAF–ის ოპერაციებში, როგორც სიდიდით მეორე ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყნისა”, – ნათქვამია ნატოს 2012 წლის ერთობლივ დეკლარაციაში.

აღნიშნულ დეკლარაციაში ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მივესალმებით ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველო იცავს და ასრულებს. ასევე ქვეყნის ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს ძალას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ითამაშონ კონსტრუქციული როლი და გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან, რომ მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა საქართველოს  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დღეს ასევე იგეგმება ნატოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ალაინსის წევრი ქვეყნების კოლეგებთან. ამ შეხვედრებში მონაწილეობას, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა, საქართველოც იღებს.  

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ და იმსჯელებენ იმ სამომავლო სამოქმედო გეგმებზე, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებენ. შეხვედრაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროსა და ბოსნია–ჰეცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი