ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისი

9 სექტემბერი, 2016 •
როგორ მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისი

2013 წელს საქართველოში აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისი ამოქმედდა. პროგრამა ბენეფიციარებს მათთვის აუცილებელი სერვისების იმ გარემოში მიწოდებას სთავაზობს, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. პროექტი აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალს გარეთ მკურნალობა და რეაბილიტაციაა.

ირაკლი აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარია. როგორც ამბობს, 2006 წლიდან ფსიქიკური აშლილობა აწუხებს. ირაკლის თქმით, 2013 წლამდე დაახლოებით 30-ჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ:

“რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო ეს ძალიან მძიმე.  არ არის საავადმყოფოებში მოპყრობა და ისეთი მკურნალობის მეთოდი, რომელიც ასეთ სერვისებში ხდება. წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ ვხვდებოდი კლინიკაში დეპრესიით, სუიციდური პროცესებით და ძალიან მიჭირდა. რომ გამოვდიოდი საავამყოფოდან, ვმძიმდებოდი, დაახლოებით 2 კვირაში მიბრუნდებოდა ჩემი ავადმყოფობა,”- იხსენებს ირაკლი.

ფსიქიატრიულ კლინიკებში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძეც:

“არასათანადო მოპყრობა არ არის მხოლოდ ადამიანის წამება. არასათანადო მოპყრობად ასევე ფასდება საერთაშორისო ექსპერტების და გამოცდილების მიხედვით ადამიანებისთვის არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ღირსების შემლახავი დამოკიდებულებები და ა.შ. არასათანადო მოპყრობად შეაფასა სახალხო დამცველმა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული გარემოს მდგომარეობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა. ჩვენს ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ისეთი დაწესებულებები, ე.წ. საბჭოთა გადმონაშთები. დაწესებულებები ფაქტობრივად ამორტიზებულია,” – ამბობს ობოლაძე.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ასეთი დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის რეკომენდაციას იძლევა, რადგან  დიდ დაწესებულებებში გაცილებით დიდია ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის რისკი, როგორც პერსონალს, ასევე, პაციენტთა შორის.

“აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის” პროგრამაში ირაკლი 2013 წელს მოხვდა:

“2013 წლის მერე უკვე მეოთხე წელიწადია საავადმყოფოში არ ვწოლილვარ და ასეთი სერვისების  და პროგრამების მეშვეობით შეიძლება ამ ფსიქიკური პრობლემის მართვა. ამ პროგრამის მეშვეობით უკვე ვარ სტაბილურიად. ვმუშაობ და თავს ვგრძნობ კომფორტულად და, რა თქმა უნდა, შემიძლია ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო,” – ამბობს პროგრამის ბენეფიციარი.

აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის გუნდი 9 სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალისგან შედგება. მათ შორის არიან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექთანი და სოციალური მუშაკი. ჯგუფი პატიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს პერიოდულად ახდენს. გარდა ამისა, მოქმედებს ე.წ. 24/7 სატელეფონო სერვისი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი უკავშირდება მორიგე სპეციალსტს, რომელიც სატელეფონო კონსულტაციას უწევს ბენეფიციარს, საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალისტს გზავნის იქ, სადაც პაციენტისთვის დახმარების გაწევაა საჭირო:

“საქართველოში არის საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სისტემა, ძირითადად სტაციონარული და ამბულატორიული. მაგრამ ის, რასაც ვეძახით სათემო სერვისებს, ეს სერვისები ძალიან სუსტად არის განვითარებული. თემში, ანუ იქ სადაც ადამიანი ცხოვრობს, სადაც მისთვის ბუნებრივი და უფრო კომფორტული არის არსებობა, სერვისი მიდის იქ,” – ამბობს პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგი გიორგი გელეიშვილი.

აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის ბენეფიციარების ნახატები 09.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის ბენეფიციარების ნახატები 09.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გელეიშვილის თქმით, პროგრამა პაციენტს ბიო/ფსიქოსოციალური დახმარების გაწევას სთავაზობს, რაც სამედიცინოსთან ერთად ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას მოიცავს.

“სიღარიბე ახლავს თან ამ დაავადებას და რეაბილიტაცია, შრომის უნარის აღდგენა და ზოგჯერ განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება არის აუცილებელი. არა მარტო წამალი და ფსიქიატრის კონსულტაცია” – ამბობს გელეიშვილი.

ამ ეტაპზე პროგრამა ამ სახით მხოლოდ თბილისში მოქმედებს და დედაქალაქის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით ხორციელდება. თბილისის მერია პროექტში ჩართული თითოეული ბენეფიციარისთვის  250 ლარამდე გამოყოფს, დანახარჯის შესაბამისად.

როგორც პროგრამის ფსიქოლოგი, გიორგი გელეიშვილი ამბობს, თითოეულ პაციენტზე ზრუნვა პროგრამის ფარგლებში 250 ლარზე მეტი ღირს, დანამატს კი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” ანაზღაურებს.

ამერიკული მოდელის მიხედვით, რომლის ადაპტაციაც ქართული რეალობისთვის მოხდა, პროგრამაში ჩართული სპეციალისტის თქმით, 100 ბენეფიციარზე 12 სპეციალისტის მუშაობას გულისხმობს:

“ახლა ჩვენ გვყავს 45 ბენეფიციარი და სერვისში, მულტიდისციპლინურ გუნდში ჯერჯერობით ვართ ცხრანი, ვინც აქტიურად ვართ ჩართული. ამასთანავე, 40 კაცზე მეტმა გაიარა ჩვენთან მომზადება და მზად ვართ, რომ ბენეფიციარების ზრდასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი ჩავრთოთ.

როგორც გიორგი გელეიშვილი განმარტავს, “აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისი” ეფექტურია ისეთ დასახლებებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმ 250 000 ადამიანს შეადგენს:

“ეს სერვისი სჭირდება მათ, ვისაც აქვს უფრო მძიმე მდგომარეობა, უფრო ხშირი სტაციონარირებები და ასეთი ადამიანების რაოდენობა საერთო პოპულაციაში არ არის ბევრი. 250 000 ადამიანი თუ არის იქ, შესაძლებელია 50, 60, 70 ასეთი ადამიანი შეგროვდეს, მაგრამ უფრო ნაკლებს თუ შეკრებ, სერვისი ძვირია იმიტომ, რომ ბენეფიციარების რაოდენობას ვერ ზრდი. შესაბამისად, დაფინანსება უფრო ცოტაა, მაგრამ პროფესიონალი 6 მაინც გჭირდება და იმისთვის, რომ დაფარო ეს ხარჯები, ვეღარ აუდიხარ. ამიტომ რეგიონებში უფრო რეალისტურია მეორე ტიპის სერვისი” – ამბობს გიორგი გელეიშვილი.

დედაქალაქის გარდა სათემო ფსიქიატრიული სერვისი კიდევ ორ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, თუმცა იქ მომუშავე ჯგუფები განსხვავებული დატვირთვით მუშაობენ:

“მულტიდისციპლინური გუნდები იწყებს, რომ დაფაროს მთელი საქართველო. მოიცვა უკვე რუსთავი და ასევე გვაქვს საგარეჯოს რეგიონისთვისაც. ასევე დაგეგმილია, რომ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გაფართოვდეს მულტიდისციპლინური მობილური გუნდები,” – ამბობს პროგრამის მენეჯერი გურამ ჭეიშვილი.

რეგიონებში მომუშავე მულტიდისციპლინური ჯგუფები 3 პროფესიონალისგან, ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და სოციალური მუშაკისგან შედგება და მათი სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღით, დღეში 8-საათიანი გრაფიკით შემოიფარგლება. პროექტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი