ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა ადგილობრივი ძალებით გაგრძელდება

1 სექტემბერი, 2016 • 1929
კვირიკაშვილი: ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა ადგილობრივი ძალებით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძიება ადგილობრივი ძალებით კვლავ გაგრძელდება.

“ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 1 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კვირიკაშვილი სამხედროების დაკარგვას “უდიდეს ტრაგედიად” აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით სპეკულირება არასწორია:

“რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ განვითარების იმ საფეხურზე, როდესაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს და ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ სამხედროები. ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ”,- განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი სამხედროების გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს ჩაერთო, როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებდა, ხომალდი მინიმუმ 3 დღის განმავლობაში მიიღებდა ძებნის ოპერაციაში მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ 11 დღის მანძილზე დარჩა შავი ზღვის აკვატორიაში. მანამდე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.

გუშინ, 31 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთლიანად შეწყდა.

სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის გადწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედამ განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

რაც შეეხება იმ რესურსებს, რაც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს აქვს სამძებრო სამუშაოების გასაგრძელდებლად, პრესამსახურში განგვიცხადეს, რომ სამძებრო ღონისძიბებში მყვინთავები და კატარღები იქნებიან ჩართულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი