ახალი ამბები

ლევან იზორიას თქმით, ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება

31 აგვისტო, 2016 • 1909
ლევან იზორიას თქმით, ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, 16 აგვისტოს გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძიება გაგრძელდება.

“[სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები] გრძელდება და ჩვენ ყველანაირად ოჯახის გვერდით ვდგავართ, ასე რომ, ამ მხადრდაჭერას და თანადგომას ყველა ასპექტში, მათ შორის სამძებრო სამუშაოების… ეს არ არის მხოლოდ ოჯახის მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი ღირსების საქმე, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ, რათა ჩვენი ბიჭები ვიპოვოთ”,- განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

დღეს, 31 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთლიანად შეწყდა.

სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის გადწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედამ განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს იმის გასარკვევად, თუ რატომ შეცვალა უწყებამ გადაწყვეტილება სამძებრო სამუშაობის შეწყვეტის შესახებ. პრესსამსახურის განმარტებით, ოჯახს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, გარე ძალის დახმარების გარეშე, მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებითაა შესაძლებელი სამძებრო სამუშაოების გაგრძელება:

“ამიტომ ვთქვით, რომ, მოდით, გადაწყვეტილება მივიღოთ. მანამდე, რა თქმა უნდა, იყო შეჩერებული, რომ წავიდა თურქეთის ხომალდი, არაფერი არ ხდებოდა, ხომ?”,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი სამხედროების გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს ჩაერთო, როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებდა, ხომალდი მინიმუმ 3 დღის განმავლობაში მიიღებდა ძებნის ოპერაციაში მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ 11 დღის მანძილზე დარჩა შავი ზღვის აკვატორიაში. მანამდე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.

რაც შეეხება იმ რესურსებს, რაც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს აქვს სამძებრო სამუშაოების გასაგრძელდებლად, პრესამსახურში განგვიცხადეს, რომ სამძებრო ღონისძიბებში მყვინთავები და კატარღები იქნებიან ჩართულნი.

აშშ-ის და თურქეთის დახმარების გარდა, სამინისტროს ცნობით, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებდა სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია. თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი