ახალი ამბები

საპენსიო ასაკის გაზრდას 7-დან 5 პარტია ეწინააღმდეგება – Chemikhma.ge

31 აგვისტო, 2016 •
საპენსიო ასაკის გაზრდას 7-დან 5 პარტია ეწინააღმდეგება – Chemikhma.ge

კითხვაზე, უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი, chemikhma.ge-ის მიერ გამოკითხული 7 პარტიიდან 5 უარყოფითად პასუხობს, ერთი მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი უნდა შემცირდეს, ერთ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ საპენსიო ასაკი მხოლოდ ქალებისთვის უნდა გაიზარდოს. ამჟამად საქართველოში ქალების საპენსიო ასაკი 60 წლიდან იწყება, ხოლო მამაკაცებისა – 65 წლიდან.

5 პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი უცვლელი უნდა დარჩეს, არის:

  • “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” – ნინო ბურჯანაძე
  • “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • “ეროვნული ფორუმი”
  • “თავისუფალი დემოკრატები”

გამოკითხულთაგან ერთადერთი პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი მხოლოდ ქალებისთვის უნდა გაიზარდოს, არის “გირჩი”, ხოლო საპენსიო ასაკის შემცირებას პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ემხრობა.


შრომის ინსპექციის უპირობოდ არსებობას გამოკითხულთაგან მხოლოდ 2 პარტია (“თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”) უჭერს მხარს, გირჩში მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექცია არ უნდა არსებობდეს.

ნინო ბურჯანაძის პარტია, “რესპუბლიკელები” და “მრეწველები” მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექცია უნდა არსებობდეს, თუმცა მხოლოდ მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება შეიძლება გააჩნდეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი ფიქრობს, რომ შრომის ინსპექციის არსებობა მხოლოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების კონტროლის უფლებამოსილებითაა გამართლებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ახალ ვებსაიტზე, რომელიც ამომრჩევლებისთვისაა განკუთვნილი, მოცემულია ჩამოთვილი 7 პოლიტიკური პარტიის მონაცემები. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, 12 პარტიას გადაუგზავნეს კითხვები, თუმცა 10-დან სამმა კითხვარის შევსებაზე უარი თქვა. ეს პარტიებია:

„საქართველოს ლეობორისტული პარტია”, „პატრიოტთა ალიანსი”, პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია” და ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.

ამომრჩეველს საშუალება აქვს, ამ ვებსაიტზე შეავსოს კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი