ახალი ამბები

ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან

4 მარტი, 2019 • 2080
ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან

4 მარტს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე რამდენიმე გამომსვლელი აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

თავდაპირველად პარლამენტარმა ალექსანდრე ერქვანიამ “ქართული ოცნებიდან” განაცხადა, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს: “საერთოდ, მორალური უფლებაც არ გვაქვს, ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებეზე, განსაკუთრებით, მათ სიცოცხლის უფლებაზე იმ დროს, როცა ქვეყანაში აბორტი დაკანონებული გვაქვს. როდესაც ყოველწლიურად ასი ათასობით უდანაშაულო ბავშვის სისხლი იღვრება, როდესაც მშობლები ბავშვების სისხლს ღვრიან”.

“პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ამ ბავშვების სიცოცხლის უფლება, უნდა ავკრძალოთ აბორტი და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე საუბარი, რადგან სიცოცხლე არის ადამიანის სხვა ღირებულებების განმსაზღვრელი”, – განაცხადა ერქვანიამ.

მოგვიანებით მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ბავშვს დაბადების უფლება აქვს”.

“ბატონმა [ალექსანდრე] ერქვანიამ სავსებით სამართლიანად თქვა და თავმჯდომარეც [სოფო კილაძე] დაეთანხმა. თავმჯდომარის ფორმულირება მომეწონა და ბარემ გთავაზობთ: მოდით, დავიწყოთ ბავშვების უფლებების ჩამოწერა დაბადების უფლებით. ბავშვს აქვს დაბადების უფლება”.

იურისტებმა კარგად ვიცით, რომ ბავშვს უფლებაუნარიანობა წარმოეშობა დაბადებამდეც, ანუ ის შეიძლება იყოს მემკვიდრეობის მიმღები… თუკი უფლებაუნარიანობა აქვს, თუკი უფლებების გაზრდაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.


ქართული კანონმდებლობა აღიარებს ქალის უფლებას, გაიკეთოს აბორტი, თუმცა, რიგი შეზღუდვებით. კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ვკითხულობთ:

“12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით”. 

ნახეთ ასევე:

საპატრიარქო ითხოვს, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ნაცვლად არაზუსტად ეწერა “ბავშვის უფლებათა კონვენცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი