ახალი ამბებისაზოგადოება

ნატა ფერაძის თქმით, “პარტიზანი მებაღეები” პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან

19 აგვისტო, 2016 • 1999
ნატა ფერაძის თქმით,  “პარტიზანი მებაღეები” პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან

პროკურატურამ “პარტიზანული მებაღეობის” განცხადება დააკმაყოფილა და თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრაზე გამოძიება დაიწყო.  როგორც საგამოძიებო ორგანოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, მოძრაობის წევრების განცხადება გუშინ მიიღეს და საკითხზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

ჯგუფის  ერთ-ერთი წევრის, ნატა ფეაძის თქმით, “პარტიზანული მებაღეობის” წევრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან, თუმცა პროკურატურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხეების მოჭრა , რამაც გარემოსდამცველთა  პროცესტი გამოიწვია, 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყო. მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღ ხეებს ჭრიან.

მომხდარის გამო  ისინი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის გამო. ამ მოთხოვნით “პარტიცანული მებაღეობის” წევრმა ნატა ფერაძემ შიმშილობაც დაიწყო.

ნინო სულხანიშვილმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მერიამ ნებართვა დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცა და გადაწყვეტილების მიღებისას    “ფორესთ კონსალტინგის”დასკვნით იხელმძღვანელა.

თბილისის მერიამ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ  თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა  ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა, ვინაიდან მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა  და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. მერიამ განაცხადა, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი