ახალი ამბები

თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის გამო საღი ხეები გაჩეხეს

17 აგვისტო, 2016 • 3951
თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის გამო საღი ხეები გაჩეხეს

დღეს, 17 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები გაჩეხეს. ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს დილით ტერიტორიაზე იმყოფებოდა გამგებელი, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ ხმელი ხეები მოიჭრა. თუმცა პარტიზანული მებაღეობის წევრი, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ეს არის სრულიად საღი ხეები.

ყაზბეგის #24–ში ასევე იმყოფება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, დაახლოებით თორმეტი საღი ხე მოიჭრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უფრო მეტიც გაეჩეხათ.

პავლოვზე მოჭრილი ასწლოვანი და საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

პავლოვზე მოჭრილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ხეების ჭრასთან დაკავშირებით კანონი ისეა დამახინჯებული, რომ შესაძლოა პავლოვზე ხეების ჭრაც კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული:
” ჯერჯერობით ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთბ. ხეები არის სრულიად საღი და ძვირფასი. რაც ვნახე, არის უზარმაზარი საღი კედარი, არის ვერცხლისფერი ნაძვები და ასევე არის ფოთლოვანი ხეებიც. მოჭრილი ხეების რაოდენობა ჯერ ვერ გავარკვიე. ცოტა ხანში უფრო დამშვიდებულად დავითვლით. როგორც ამბობენ, მოჭრეს ხმელი ხეები, თუმცა ეს ხეები არის სრულიად საღი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.”
ადგილობრები შიშობენ, რომ ტერიტორიაზე დარჩენილი ხეების მოჭრაც იგეგმება. ერთ–ერთ მათგანი ამბობს, რომ ნანახი აქვს ის დოკუმენტი, რომელიც მშენებარე კომპანიას “ხმელი ხეების” მოჭრის ნებართვას აძლევს. პარტიზანული მებაღეობა უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივით გამოვა, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს და საღი ხეების ჭრა მკაცრად დასჯადი გახდეს.
 
“მოგეხსენებათ, რომ შესულები ვართ მსოფლიოში ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის ქვეყნებში პირველ ადგილზე. თუნდაც მეშვიდეზე ვიყოთ, ეს კატასტროფული მდგომარეობაა, რაც უნდა გავაჩეროთ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ასეთი რამ აღარ დაუშვან. არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ადგილობრივებმა გააჩერეს ხეების ჭრა. ფეისბუკიდან პოსტები და ათი ძახილისნიშანი მხოლოდ საქმეს არ შველის. ეს არის ჩვენი ხეები და მისი ჭრაც ჩვენი გასაჩერებელია. გვყავს მახინჯი ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც გვხოცავს,” – ამბობს ნატა ფერაძე.
პავლოვზე მოჭრილი ასწლოვანი და საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

პავლოვზე მოჭრილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ფერაძის თქმით, აუცილებლად დამტკიცდება, რომ ეს არის ჯანსაღი ხეები. პარტიზანული მებაღეობა იურისტებს მიმართავს, რომლებიც მოხალისეობრივად იმუშავებენ ამ საკითხზე: “არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ვეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ. თუმცა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გაცილებით გაამკაცრებს მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობას.”

ფერაძის ინფორმაციით, მოჭრილია იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები, რომელიც დეკორატიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით ძვირფასი მცენარეა. ვერცხლისფერი ნაძვი დიდი რაოდენობით ფიტონციდებს გამოყოფს, რომლებიც მიკრობებისგან ასუბთავებენ ჰაერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი