ახალი ამბები

აქცია ვაკის პარკთან და აქტივისტთა 2 მთავარი მოთხოვნა

20 თებერვალი, 2021 •
აქცია ვაკის პარკთან და აქტივისტთა 2 მთავარი მოთხოვნა

“პარტიზანული მებაღეობის” აქტივისტებმა და სხვა მოქალაქეებმა ვაკის პარკთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, საბოლოოდ გადაიჭრას სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხი. შეკრებილები ასევე ითხოვენ, რეაბილიტაციის პროცესში პარკი მთლიანად არ დაიხუროს და გადაადგილება შეიზღუდოს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მოცემულ მომენტში მიმდინარეობს სამუშაოები.

“მერიაში შევიტანთ პეტიციას ორი მოთხოვნით. ერთი არის, რომ  “ბუდაპეშტის” ტერიტორია დაუბრუნდეს პარკს და გაისტუმრონ ინვესტორი. მეორე არის, რომ რეაბილიტაცია მიმდინარეობდეს სექციებად და შევძლოთ სეირნობა”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

მოთხოვნები და სამომავლო გეგმები აქციის მონაწილეებმა ადგილზევე, კენჭისყრით გადაწყვიტეს. ყველა შეკრებილს წითელი და ყვითელი ბარათები დაურიგეს. მწვანე ბარათი დადებით პასუხს გამოხატავდა, ყვითელი კი — უარყოფითს. ასე გადაწყდა, რომ ხსენებული ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აქტივისტები მერიას 1 თვეს აძლევენ.

აქცია ვაკის პარკთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

თუ ქალაქის ხელმძღვანელობა, ერთი მხრივ, ოფიციალურად არ შეუერთებს “ბუდაპეშტის” ტერიტორიას ვაკის პარკს და მეორე მხრივ, არ გახსნის პარკს სექციებად, მორიგი აქცია 21 მარტს, მერიის შენობასთან გაიმართება. იგეგმება გზის გადაკეტვაც.

“გაზაფხული მოდის. პანდემიის გამო მოსახლეობას არ გვაქვს არსად წასასვლელი. სულ რომ გვქონდეს, პარკი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც სასეირნოდ გავდივართ ჩვენ, ბავშვები, მოხუცები და ა.შ.

აბსოლუტურად ალოგიკურია მთელი პარკის გამომწყვდევა. ახლა პარკის თავზე ვხედავთ და რომ გადავხედოთ, ძალიან ცოტა მუშა მუშაობს. გადაკეტონ სექციებად და ნაწილი დაგვიტოვონ სეირნობისთვის”, — ამბობს ნატა ფერაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. მერიის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში უწყება გეგმავს პარკის კასკადის შეცვლასა და განახლებას. პროცესი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

რეაბილიტაციის გამო ვაკის პარკი ჩაკეტილია ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

სასტუმროს მშენებლობის საკითხი

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი კიდევ ერთხელ, მიმდინარე კვირას გააქტიურდა. მიუხედავად ვადაგასული ნებართვისა, კომპანია „ტიფლის დეველოპმენტმა“ მშენებლობის პროცესი მაინც დაიწყო.

ამის შემდეგ, 15 თებერვალს, ქალაქ თბილისის მერიაში  შეხვედრა გაიმართა, თუმცა, წინა მცდელობების მსგავსად, ისიც უშედეგოდ დასრულდა. კომპანია ამბობს, რომ მას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, მერია კი დაპირების საწინააღმდეგოდ, ადეკვატურ ალტერნატივას არ სთავაზობს.

“ზედამხედველობა თუ გაგვაჩერებს და დაგვაჯარიმებს, გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ”, – ამბობდა ნეტგაზეთთან გიორგი ზაქაიძე, „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორი.

მერიაში ამბობენ, რომ ხსენებული მშენებლობა უკანონობაა და იმედოვნებენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. თბილისის მერის მოადგილის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ადგილმონაცვლეობაა, რაც კომპანიისთვის ალტერნატიული მიწის ნაკვეთის შეთავაზებას გულისხმობს.

“ასეთ დროს ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე შესაბამისი ღირებულების მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ასეთი შეთავაზებები ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ. თუ საქმე ისაა, რომ მათ ეს მიწის ნაკვეთები არ მოსწონთ, შესაძლებელია სხვა ვარიანტების განხილვაც. მაგრამ კომპანია პრინციპულად არ იღებს ადგილმონაცვლეობას, რადგან მას იქ სასტუმროს აშენება უნდა“, – განაცხადა ხმალაძე ჟურნალისტებთან.

ვრცლად: “ვერ შევთანხმდით, ხვალიდან მშენებლობას ვიწყებთ” – სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი