ახალი ამბებისაზოგადოება

საპროტესტო მსვლელობა ხეების ჭრის გამო და მერიის პასუხი

18 აგვისტო, 2016 • 2199
საპროტესტო მსვლელობა ხეების ჭრის გამო და მერიის პასუხი

მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფებისგან შემდგარი მოძრაობა “თბილისის ცენტრალური პარკი” ყოფილი იპოდრომის ტერიტორიიდან მერიის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე ნატა ფერაძეს და სხვა გარემოსდამცველებს.

მსვლელობის მონაწილეები შეუერთდებიან  “პარტიზანი მებაღეებს”, რომლებიც მრავალსართულიანი კორპუსების მშნებლობის გამო ყაზბეგის ქუჩაზე საღი ხეები გაჩეხვას აპროტესტებენ და თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლების, მათ შორის მათი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გიორგი გიგოშვილის თქმით, მათი მოძრაობის შექმნის აზრი სწორედ ის არის, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდეს ცენტრალური პარკი, თუმცა, მისი თქმით, ამის მაგივრად ქალაქში იჭრება უამრავი ხე, რისი მოთმენაც უკვე შეუძლებელია.

თბილისის ცენტრალური პარკი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

თბილისის ცენტრალური პარკი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“მე დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი ადეკვატურად შეფასდება იმიტომ, რომ ეს ხალხი არის აღშფოთებული. ალბათ ლოგიკურია, რომ ამას ყურადღება მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა. ჩვენ ვართ ქალაქი, ჩვენ ვართ ხალხი , ჩვენ მოვიყვანეთ მერიც და ის ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხის აქტიურობას შედეგი აუცილებლად მოჰყვება,” – ამბობს გიორგი გიგოშვილი

“თბილისის ცენტრალური პარკის” წევრები ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მოუწოდებენ მოსახლეობას, იარონ ფეხით და გაუფრთხილდნენ გარემოს. დღევანდელ მსვლელობაში 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო თბილისის მერიასთან პარალელურად ამდენივე ადამიანი აპროტესტებდა ქალაქში საღი ხეების მოჭრას.

მსვლელობის მონაწილეებმა ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეების ტერიტორია მოინახულეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მსვლელობის მონაწილეებმა ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეების ტერიტორია მოინახულეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხეების მოჭრა დაიწყეს 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, რასაც გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა – პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებდნენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს.  მათ პირველი საპროტესტო აქცია 17 აგვისტოს საღამოს თბილისის მერიასთან გამართეს, ხოლო “პარტიზანი მებაღეების” წევრმა ნატა ფერაძემ ამავე დღეს შიმშილობა დაიწყო. თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მერიამ ნებართვა დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცა და გადაწყვეტილების მიღებისას “ფორესთ კონსალტინგის” დასკვნით იხელმძღვანელა.

თბილისის მერიამ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა, ვინაიდან მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე. მერიამ შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნაც გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ამ დასკვნის საფუძველზე მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა თანხმობა გასცა ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე.

ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისისთვის” გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროსი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია. სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით, მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა და ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა. როგორც მერიაში აცხადებენ, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობენ ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მერიის განცხადების საპასუხოდ გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებისა და ახალ ინვესტიციებს.

“საბედნიეროდ, არავინ არის მშენებლობების წინააღმდეგი. ვიყოთ ყველაფერის მშენებლები, თუმცა ავაშენოთ როგორც სახლი, ასევე ხე-ტყე და სუფთა გარემო,” – ამბობს ოთარ ჯორჯიკია, თბილისის ცენტრალური პარკის აქტივისტი.

გარემოსდამცველები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ოთარ ჯორჯიკიას თქმით, როცა მოსახლეობა გამოდის საჯარო სივრცეში, აფიქსირებს თავის პროტესტს და მიუთითებს მთავრობას მის პრობლემებზე, ეს არის ნორმალური და ცივილიზებული აქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი